კატეგორიები

„რუსეთს არ აღელვებს” – მოსკოვში დონალდ ტრამპის გაფრთხილებას ეხმაურებიან

„რუსეთს არ აღელვებს” – მოსკოვში დონალდ ტრამპის გაფრთხილებას ეხმაურებიან

„მე ძალიან უკმაყოფილო ვარ რუსეთით და ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში სამშვიდობო შეთანხმება ვერ შედგა“, – ასეთი იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გზავნილი ვლადიმერ პუტინის მიმართ.

ამის შესახებ მან ოვალურ კაბინეტში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპმა ისაუბრა უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების გაგზავნის შესახებაც, რომლის საფასურსაც მისივე თქმით, არა აშშ არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ევროპული სახელმწიფოები გადაიხდიან.

ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის ულტიმატუმს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

მან პრეზიდენტის განცხადებას „ძალიან სერიოზული“ უწოდა და დასძინა, რომ კრემლს დრო სჭირდება ვაშინგტონში ნათქვამის გასაანალიზებლად. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ღიაა საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუმცა კვლავ ელოდება კიევის მიერ დისკუსიების შემდეგი რაუნდის თარიღის შეთავაზებას.

„აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები ძალიან სერიოზულია, ზოგიერთი მათგანი პირადად პრეზიდენტ პუტინისკენ არის მიმართული. ჩვენ დრო გვჭირდება, რათა გავაანალიზოთ ის, რაც ვაშინგტონში ითქვა. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პუტინი ამას საჭიროდ ჩათვლის, იგი კომენტარს გააკეთებს.

როგორც ჩანს, ვაშინგტონში, ნატოს ქვეყნებსა და ბრიუსელში მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებებს, უკრაინული მხარე არა მშვიდობის სიგნალად, არამედ ომის გაგრძელების ნიშნად აღიქვამს.

ჯერ არ მიგვიღია გზავნილი უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შესახებ. ძნელი სათქმელია, რა არის ამის მიზეზი. ჩვენ მზად ვართ დიალოგის გასაგრძელებლად. ამ დიალოგის ხილვა სურს ვაშინგტონს. როგორც ამბობენ, ევროპასაც. თუმცა, განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში საომარი მოქმედებების ესკალაცია სურთ და არა მშვიდობიან რეჟიმზე გადასვლა… მაგრამ კიევი დუმს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მუქარას ნაკლებად სერიოზულად მიუდგნენ რუსეთის სხვა მაღალჩინოსნები. ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დასცინა ტრამპის გაფრთხილებას და იგი „თეატრალურ ულტიმატუმად“ შეაფასა.

„რუსეთს ეს არ აღელვებს“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი. მან აღნიშნა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტს ნამდვილად სურს, იხილოს პროგრესი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, მან ზელენსკის რეჟიმს „მუშტი“ უნდა აჩვენოს და რუსეთს მეორადი სანქციებით არ უნდა დაემუქროს.

მუქარისა და ულტიმატუმების ენით საუბრის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიბაკოვმაც. მან განაცხადა, რომ მოსკოვი კონფრონტაციის ნაცვლად დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას და დასძინა, რომ მოთხოვნების წაყენების ნებისმიერი მცდელობა მათთვის მიუღებელია.

ვაშინგტონის გზავნილს მიესალმნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები. კერძოდ, ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირს საშუალებას მისცემს, დააფინანსოს ამერიკული იარაღის უკრაინაში გაგზავნა.

ხოლო, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოხატავენ დონალდ ტრამპის ულტიმატუმის ამოქმედებამდე დასახული 50-დღიანი მონაკვეთის ხანგრძლივობის გამო, ისინი მიესალმებიან ვაშინგტონის გამკაცრებულ ტონს კრემლის მეთაურის მიმართ.

„ვფიქრობ, ბატონი ტრამპის მიერ გამოცხადებული დროის მონაკვეთი 2 სექტემბრამდე, 50 დღე, საკმაოდ გრძელია. მაგრამ ვაფასებ, რომ აშშ ნამდვილად ხედავს, თუ როგორ აჭიანურებს პროცესს ვლადიმერ პუტინი და უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე“,- განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა.

„ვხედავთ, რომ ჩვენი ამჟამინდელი ზომები ჯერ არ მუშაობს. ამიტომ, ფეხი უნდა ავუწყოთ ამერიკელებს და მათ მიერ დაწესებულ ვადებს. ჯერ კიდევ ვცდილობთ აშშ-თან თანხვედრაში მოქმედებას. ეს არც ისე დახვეწილი გზით ხდება, მაგრამ ჩვენ კვლავ ვმუშაობთ და ამაში მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ”, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა.

რამდენად შეძლებს ევროკავშირი ვაშინგტონისთვის ფეხის აწყობას, ბუნდოვანია. ამერიკული გამოცემა Financial Times ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა, შეძლებს თუ არა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე იერიშის მიტანას. მათივე ცნობით, ზელენსკიმ მიუგო, რომ დიახ, მსგავსი თავდასხმა აბსოლუტურად შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ აშშ კიევს საჭირო, შორ მანძილზე მოქმედ იარაღს მიაწვდის.

ორი ინფორმირებული წყაროს თქმით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ სტრატეგიის მიზანი, რუსებისთვის ტკივილის მიყენებაა, რათა კრემლი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები