თურქეთში აშშ-ის ელჩმა ტომ ბარაკმა პარასკევს, 11 ივლისს, ჩატარებულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის” მართვა შესთავაზა იმისათვის, რომ პროგრესი ჰქონდეს ორ ქვეყანას შორის გაჭიანურებულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.
ამის პარალელურად კი, 10 ივლისს, მედიატორის გარეშე ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა აბუ-დაბიში, გარღვევად ფასდება სამხრეთ კავკასიის ყველაზე ძველი კონფლიქტის ისტორიაში.
„ზანგეზურის დერეფნის” მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივებსა და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში კონფლიქტებისა და რეგიონული საკითხების მიმართულებით „ჯეოქეისის” მკვლევარი ბექა ბოჭორიშვილი საუბრობს.
