მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდის

საფრანგეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კვირას განაცხადა, რომ ქვეყანა მომდევნო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯებს დამატებით 6-ნახევარი მილიარდი ევროთი გაზრდის და 2027 წლისთვის ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 64 მილიარდ ევროს მიაღწევს.

შედარებისთვის, 2017 წელს ქვეყნის სამხედრო ხარჯები 32 მილიარდ ევროს შეადგენდა, რაც ორჯერ ნაკლებია.

„ჩვენ დაგეგმილი გვქონდა სამხედრო ბიუჯეტი 2030 წლისთვის გაგვეორმაგებინა, თუმცა მას 2027 წლისთვის გავაორმაგებთ. ამის მისაღწევად შემოდგომაზე ახალ კანონპროექტს წარვადგენთ. 2017 წელს სამხედრო ბიუჯეტი 32 მილიარდი ევრო იყო, ეს გაორმაგდება და 2027 წელს ბიუჯეტი 64 მილიარდ ევროს მიაღწევს. ეს არის ჩვენი თავისუფლების ფასი.

ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც ომი არ გამოუცდია, გვჯეროდა, რომ ჩვენი შვილები ვერასდროს გაიგებდნენ, რას ნიშნავს ომი, მაგრამ მოდით, ვიყოთ მკაფიონი. გარანტირებული მშვიდობა, რის იმედადაც ჩვენი მშობლები ცხოვრობდნენ, დასრულდა. ეჭვგარეშეა, რომ 1945 წლის შემდეგ ჩვენს თავისუფლებას ისეთი საფრთხე არ შეჰქმნია, როგორც ახლა.

ჩვენს კონტინენტზე მშვიდობას ჩვენი ამჟამინდელი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს.  ცალსახად უნდა ითქვას, თუ გსურს, იყო თავისუფალი, შენი უნდა ეშინოდეთ. ჩვენი რომ ეშინოდეთ, უნდა ვიყოთ ძლიერები. მიუხედავად ამერიკელების ყოყმანისა და ჩინეთიდან თუ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისა, ძლიერი ევროპა ჩვენი მთავარი იმედი და დასაყრდენია. ევროპა, რომელსაც შეუძლია აწარმოოს საკუთარ მიწაზე და იყოს ინოვატორი. ეს არის ევროპა, რომელიც იქნება სუვერენული და თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს და მოიხვეჭს ძალას”, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის თქმით, ევროპა ახლა უპრეცედენტო საფრთხეების წინაშეა. მან ასევე დაავალა ქვეყნის უმაღლეს სამხედრო პირებს, დაიწყონ სტრატეგიული დიალოგი ევროპულ ქვეყნებთან, რათა განისაზღვროს, რა როლი შეიძლება შეასრულოს საფრანგეთის ბირთვულმა შეიარაღებამ კონტინენტის დაცვაში. რამდენიმე დღის წინ ამავე საკითხზე ემანუელ მაკრონმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთანაც ისაუბრა.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყანა ბირთვული თავდაცვის სფეროში ითანამშრომლებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:47
spot_imgspot_img
Send this to a friend