კატეგორიები

დონალდ ტრამპი რუსეთზე მნიშვნელოვანი განცხადების გასაკეთებლად ემზადება

დონალდ ტრამპი რუსეთზე მნიშვნელოვანი განცხადების გასაკეთებლად ემზადება

14 ივლისს დონალდ ტრამპი რუსეთზე მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. მისი შეცვლილი რიტორიკა უკავშირდება 3 ივლისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უშედეგო სატელეფონო საუბარს, რომელმაც ტრამპის თქმით, მას იმედები გაუცრუა.

ბოლო დროს შეერთებული შტატები რუსეთს მასშტაბური სარაკეტო იერიშების გამო განსაკუთრებით აკრიტიკებს, თუმცა რადგანაც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებმა არ იმუშავა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აღდგენაზე მუშაობს.

კიევი უკვე დიდი ხანია, რაც დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს სთხოვს. თუმცა სულ რაღაც ორი კვირის წინ უკრაინა ამერიკული იარაღის გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ იყო. პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იარაღის სიმცირის გამო შეერთებული შტატები უკრაინას ვეღარ დაეხმარებოდა. თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ეს ინფორმაცია უარყო.

ახლა ვაშინგტონი უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებს გადასცემს, თუმცა ნატოს მეშვეობით. დონალდ ტრამპის თქმით, იარაღის ფასს ნატო სრულად დაფარავს, შემდეგ კი უკრაინას გადასცემს. თეთრი სახლი ხაზს უსვამს, რომ ეს უკრაინისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჯერ რაოდენობაზე არ შევთანხმებულვართ, მაგრამ მათ გარკვეულ რაოდენობას მივაწვდით, რადგან თავის დაცვა სჭირდებათ, ყველაფერს ევროკავშირი გადაიხდის. ჩვენ არაფერს ვიხდით, მაგრამ გავუგზავნით. ეს ჩვენთვის ბიზნესი იქნება და გავუგზავნით „პეტრიოტებს“, რომლებიც მათ საშინლად სჭირდებათ, რადგან პუტინმა ბევრი გააკვირვა. ის თავაზიანად საუბრობს, შემდეგ კი საღამოს ყველას ბომბავს. აქ პატარა პრობლემაა – ეს არ მომწონს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მოსკოვში ვაშინგტონის შეცვლილ რიტორიკას საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა, თუმცა სადარდებელი კრემლს ახლა მხოლოდ ემატება, რადგან ახლა დონალდ ტრამპი რუსეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას გეგმავს. ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა აშშ-ის სენატში მიმდინარე პროცესები მინიშნებებს იძლევა.

ამერიკელმა სენატორებმა, უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის, კიევში ბოლო ვიზიტამდე, წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „გამანადგურებელი“ სანქციების დაწესების საშუალებას მისცემს. დონალდ ტრამპის მთავარმა მოკავშირემ, სენატორმა ლინდსი გრემმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სენატში უმრავლესობის მხარდაჭერა უკვე აქვთ და „კანონპროექტი დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს თავს დაესხას არა მარტო პუტინის ეკონომიკას, არამედ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც პუტინის საომარ მანქანას უჭერს მხარს“.

მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის შესახებ განხილვებისთვის ღიაა.

14 ივლისს ვაშინგტონს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ესტუმრება. ის შეხვდება როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ისე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს. დიპლომატიური ვიზიტი ორდღიანია და განხილვის მთავარი თემა უკრაინისთვის გადასაცემი ამერიკული იარაღის ყიდვის გეგმები იქნება.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები