მთავარიამერიკააშშ„უქმეები მოსაფიქრებლად" - ტრამპის გზავნილი მოსკოვს

„უქმეები მოსაფიქრებლად” – ტრამპის გზავნილი მოსკოვს

უქმეები მოსაფიქრებლად – ვაშინგტონს მოსკოვისთვის ახალი გზავნილი აქვს. აშშ-ის პრეზიდენტი ორშაბათს, 14 ივლისს, სპეციალური განცხადების გასაკეთებლად ემზადება და მიანიშნებს, რომ ის რუსეთისთვის სასიხარულო არ იქნება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-თან სატელეფონო საუბარში თქვა. სწორედ ამ ინტერვიუთი გახდა ცნობილი ისიც, რომ ვაშინგტონი უკრაინის შეიარაღებაზე ნატოს შეუთანხმდა და ამ პასუხისმგებლობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზეც გადაანაწილებს.

„მე რუსეთით იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობ, ორშაბათს მექნება მთავარი განცხადება რუსეთის თაობაზე.

ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ნატოსთან, ჩვენ გავუგზავნით შეიარაღებას ნატოს, ნატო  გადაიხდის საამისოდ თანხას, 100%-ით. ჩვენ გავგზავნით პეტრიოტებს ნატოში, ნატო კი მათ მიაწოდებს უკვე უკრაინას”, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ნატოდან დასტური ჯერ არ ყოფილა, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინისთვის პეტრიოტების გაგზავნას დონალდ ტრამპთან ერთად ევროპული პოლიტიკის მძიმეწონიანი ლიდერებიც გეგმავენ. ამის საპირწონედ რუსეთი გამოდის ახალი იდეებით, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტს უკავშირდება, თუმცა არავინ იცის, უკავშირდება თუ არა ის ამ კონფლიქტის დასრულებას. მარკო რუბიომ ამის შესახებ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ უკვე ისაუბრა, დეტალები კი უკვე დღეს მისმა პრესსპიკერმა გააჟღერა.

„სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვს გადასცა იმედგაცრუება სამშვიდობო პროცესში პროგრესის ნაკლებობის გამო. ვიმედოვნებთ, რომ დინამიკა შეიცვლება, დავრჩებით ყველა ძალისხმევაში, რომელიც ცვლილებების შესაძლებლობას იძლევა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გამოთქვა გარკვეული იდეები, რომლებსაც ის პრეზიდენტს მიაწვდის და ვნახავთ, თუ რას იტყვის ის. გადაწყვეტილებას აქ სწორედ პრეზიდენტი იღებს, ამ შეხვედრის სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. სახელმწიფო მდივანმა მხოლოდ ის თქვა, რომ მიუტანს ამ იდეებს პრეზიდენტს, მას არ უთქვამს, რომ ეს იდეები აუცილებლად გაუხსნის გზას მშვიდობის პროცესს. ეს დიპლომატიური პროცესია”, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტამი ბრუსმა.

შეხვედრა, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტში საუბრობენ, მალაიზიაში შედგა. კუალა-ლუმპურში სერგეი ლავროვი და მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. შეხვედრა ჟურნალისტების იმედგაცრუებით დასრულდა, რადგან მის შედეგებზე ბევრი ვერც ერთი დიპლომატისგან მოისმინეს და ვერც მეორისგან. დახურული შეხვედრების დეტალებზე დუმს ლავროვიც, თუმცა არა მის პათოსზე.

„მე მსურს დონალდ ტრამპის სიტყვებით გიპასუხოთ და გეტყვით: „ელოდეთ დიდ სიურპრიზებს”. არ ვიცი რა სიურპრიზზეა საუბარი, თავადაც გესმით დიპლომატიური საქმიანობის წესები, არის საკითხები, რომელთა კომენტირებაც არ ხდება. დიახ, მარკო რუბიოსთან შეხვედრისას განვიხილეთ უკრაინა და დავადასტურეთ ის პოზიცია, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა აქამდე გამოთქვა, მათ შორის 3 ივლისს პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას. ამასთან შეხვედრაზე მარკო რუბიოს გადავეცი ის ციტატები, რომლებსაც ზელენსკი, შმიგალი, ერმაკი, პოდოლიაკი გამოთქვამდნენ და პირდაპირ საუბრობდნენ რუსების განადგურებაზე იურიდიულად და უფრო უკეთესია თუ ფიზიკურადაც“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მიუხედავად ამერიკის მცდელობებისა, უკრაინაში ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ ვლადიმერ პუტინისგან ომის დასრულების გზავნილებს არავინ უნდა ელოდოს. იტალიაში პარტნიორებთან შეხვედრაზე ჩასულმა ზელენსკიმ საკუთარი ხედვები მედიასთან გამოთქვა. იქ კი მიანიშნა, რომ აშშ-სა და ევროპის დახმარებით უკრაინა შეიარაღების პრობლემას აგვარებს.

„ჩვენი დაზვერვა და პარტნიორები გვეუბნებიან, რომ რუსეთი გააგრძელეს ამ ომს, პუტინი გააგრძელებს მას. ის უარს ამბობს შესაძლებლობაზე, მივაღწიოთ ნამდვილ ცეცხლის შეწყვეტას. მას არ სურს რეალური მშვიდობა. ის ომზეა დამოკიდებული და აგრძელებს კვლას, ამაზე უარს მხოლოდ რეალური ძალით თუ ვათქმევინებთ. ჩვენ მივაღწიეთ 200 სხვადასხვა შეთანხმებას 10 მილიარდი ევროს ოდენობით. არის ევროკავშირის პაკეტი, პროგრამა ფინეთიდან, ნიდერლანდებიდან, არსებობს მზაობა გერმანიის მხრიდან, რომ დაგვეხმაროს პეტრიოტების სისტემებით, ბერლინი მზადაა, გადაიხადოს, შევთანხმდით 2 ასეთ სისტემაზე. ასეა ნორვეგიის შემთხვევაშიც. ამაზე ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ამ სისტემებზე პრეზიდენტ ტრამპთანაც კონსტრუქციული საუბარი გვაქვს. ასე გამოიყურება დღეს პეტრიოტების დაფინანსების საქმე”, – თქვა იტალიაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დიპლომატიური მცდელობების პარალელურად უკრაინაში რუსეთის ომმა სულ უფრო აგრესიული ხასიათი მიიღო. ბოლო დღეებია, დრონების სამიზნე უკვე დედაქალაქი კიევიცაა. ბოლო კვირაში განხორციელებული დარტყმებისას კი რუსეთიდან გაშვებული დრონების რაოდენობა 700-ს გასცდა, რაც უპრეცედენტო რიცხვია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend