მთავარიაზიაღაზაისრაელის ავიაიერიშებს ღაზაში 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისრაელის ავიაიერიშებს ღაზაში 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ღაზაში 10 ივლისის ღამე, ალბათ, არაფრით განსხვავდებოდა სხვა ღამეებისგან. ხან-იუნისში მცხოვრები ჯადალას ოჯახისთვის ეს ღამე უკანასკნელი აღმოჩნდა.

მაჯდი ჯადალას ომის სისასტიკემ სამი შვილი და მეუღლე გამოსტაცა. მარტოდ დარჩენილი მამის გამხნევებას ცდილობენ ის პალესტინელები, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად ღაზაში დარჩნენ. ისინი თავიანთ უბედურებას ერთმანეთს უზიარებენ.

მარტოდ დარჩენილი მაჯდი ჯადალი თეთრ სუდარაში გახვეულ პატარა სხეულებს ემშვიდობება. მას მხოლოდ ერთი კითხვა აქვს: რატომ?

„ახლა სამი მოწამის მამა ვარ. ჩემი მეუღლე, აზია ტაჰა ეიდ ზარაბი და შვილები ხშირად მიდიოდნენ ჩემს ბიძაშვილთან. იქ სადილამდე რჩებოდნენ, შემდეგ კი ბრუნდებოდნენ. ჩემს ცოლს შევთავაზე, რომ ბავშვებთან მე წავიდოდი,  მაგრამ უარი მითხრა.  როგორც კი სახლში შევიდა, მაშინვე აფეთქება მოხდა. ყველა დაიღუპა. ღმერთმა შეიწყალოს ისინი. სამი შვილი მყავდა.  იაჰია 2020 წლის 5 სექტემბერს დაიბადა, მუსა — 2022 წლის 24 სექტემბერს,  იბრაჰიმი კი — 2023 წლის 28 ოქტომბერს. ისინი ომის დროს დაიბადნენ. პატარა ბავშვები… რა დააშავეს? იბრძოდნენ? არ იბრძოდნენ. არც ომი იციან, არც ბრძოლა. არაფერი იციან. უდანაშაულო ბავშვები წამგლიჯეს“, – ამბობს ღაზაში მცხოვრები მაჯდი ჯადალა.

მავასიში, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ისრაელის იერიშებს ტყუპების — იამანი და იუმნა ამურების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ეს მხოლოდ ორი ამბავია. ბევრს დაატყდა თავს ტრაგედია. გასულ ღამეს  35 ადამიანი დაიღუპა. 10 მათგანი მედპუნქტის გარეთ იდგა და  დახმარებას ელოდა, მაგრამ მოულოდნელმა თავდასხმამ ყველაფერი შეცვალა.

ღაზა უკვე დიდი ხანია, ადამიანის ტკივილის სიმბოლოა. ყოველი სახლი შეიძლება სამარხად იქცეს,  ყოველი ბავშვი, რომელიც თვალებში არავის უყურებს — სტატისტიკად, ყოველი დედა კი მოგონებად.

ამავე დროს, ვაშინგტონში იმართება მოლაპარაკებები, სადაც ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ ომის დასრულების შანსი არსებობს, მაგრამ იმედის ეს სხივი არც ისეთი ძლიერია, როცა დედები შვილებს უკანასკნელად ეხუტებიან.

და მაინც, ყველაზე მძიმეა ის კითხვა, რომელიც ღაზის ქუჩებში ჯერ ჩურჩულით, მერე კი ყვირილით ისმის: „რა დააშავეს?”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend