იტალიის დედაქალაქი 10-11 ივლისს უკრაინის აღდგენის კონფერენციას მასპინძლობს.
რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე რომში მიმდინარე მასშტაბურ ღონისძიებას ოფიციალური დელეგაციები და 40 საერთაშორისო ორგანიზაცია ესწრება.
შეხვედრა გახსნეს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ამ შეხვედრისთვის რუსეთიც ემზადებოდა. გუშინ ღამით, მათ კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს უკრაინაზე, ძირითადად ჩვენი დედაქალაქის, კიევის მიმართულებით. თავდასხმისთვის რუსული და ირანული შაჰიდის დრონები გამოიყენეს. ეს დრონები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. უკრაინელები ახლა, ყოველ ღამით, ასობით მსგავსი დრონის თავდასხმის წინაშე დგანან. ეს სუფთა ტერორიზმია”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა, გაზარდონ ინვესტიციები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.
გახსნით სიტყვაში, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ უკრაინის აღდგენა დაბრკოლებებით სავსე პროცესი იქნება, რომელიც ამავდროულად, წარმოუდგენელ შესაძლებლობებს მოიტანს.
„მსურს, ვიფიქრო, რომ ეს კონფერენცია უკრაინის ეკონომიკური სასწაულის საწყისი წერტილი შეიძლება იყოს. ჩვენ ერთად ავაშენებთ ამ სასწაულს თქვენთვის, ჩვენთვის. რადგან ყველა სკოლა, ყველა საავადმყოფო, ყველა სამრეკლო, რომელსაც ჩვენ აღვადგენთ, იქნება ჩვენივე ნაწილი, ევროპის ნაწილი, რომელსაც ისტორიას და ჩვენს შვილებს გადავცემთ“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც. მან უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს გადაცემის შესახებ ისაუბრა და ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაჩქარებაზე. მისი თქმით, კომისია ძალიან ნათლად აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, გახსნას მოლაპარაკებების პირველი ეტაპი ფუნდამენტური ღირებულებების შესახებ.
„უკრაინა მზადაა, გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრების გზაზე. უკრაინა ახორციელებს რეფორმებს. ახლა ჩვენც უნდა გავაკეთოთ ეს, რადგან გაწევრების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ხოლო უკრაინა წინსვლას იმსახურებს. კომისია ძალიან ნათლად აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა, გახსნას მოლაპარაკებების პირველი ეტაპი ფუნდამენტური ღირებულებების შესახებ.
ახლა ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მილიონობით უკრაინელისთვის: ჯარისკაცებისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, ფერმერებისთვის, ნებისმიერი სოციალური ფენის უკრაინელისთვის. მათთვის მომავალს ორი დროშა აქვს, უკრაინისა და ევროპის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა გერმანიის კანცლერიც, ფრიდრიხ მერცი. მან საზოგადოებას ორი მარტივი გზავნილი გაუზიარა.
„ორი გზავნილი მაქვს – ერთი მოსკოვისა და პრეზიდენტ პუტინის მიმართ. გზავნილი მარტივია: ჩვენ არ დავნებდებით. ჩემი მეორე გზავნილი ვაშინგტონსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეხება: დარჩით ჩვენთან, დარჩით ევროპელების მხარეს. ჩვენ ერთ აზრზე ვართ, ორივეს მსოფლიოში სტაბილური პოლიტიკური წყობა გვსურს. დარჩით ჩვენთან, ჩვენი საერთო ისტორიის ამ გვერდზე“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.