მთავარიკულტურა„მაცდური შავი“ - Armani-ს შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია

„მაცდური შავი“ – Armani-ს შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია

პარიზში მოდის სახლ „არმანის“ შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა, თუმცა მას  ლეგენდარული ჯორჯო არმანი არ ესწრებოდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში დიზაინერი პოდიუმზე არ გამოჩენილა, რაც კრიტიკოსების აზრით, მოდის ინდუსტრიას საგრძნობლად დაეტყო.

ჯორჯო არმანი სულ რამდენიმე დღეში 91 წლის გახდება. ექიმების რეკომენდაციით, ის ღონისძიებას სახლიდან, დისტანციურად ადევნებდა თვალს. თუმცა თითოეულ ნამუშევარში მისი ხელწერა იგრძნობოდა.

ჩვენების თემაც — Seductive Black ანუ „მაცდური შავი“ — ბევრისთვის სიმბოლური იყო. პოდიუმზე თითქმის ყველაფერი შავ ფერში  იყო გადაწყვეტილი — აბრეშუმი, ძვირფასი თვლებით გაწყობილი ქსოვილები და ოქროს ელვარება. მოდელების მაკიაჟიც კი ნაცრისფერ ტონალობაში იშლებოდა.

ჯორჯო არმანი რამდენიმე კვირის წინ  მილანში გამართულ მოდის კვირეულსაც ვერ დაესწრო. ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ დიზაინერს ჯანმრთელობა არ გაუარესებოდა და ენერგია დაეზოგა.

მაყურებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ შავ ფერში გადაწყვეტილი კოლექცია შეიძლება ყოფილიყო ერთგვარი გზავნილი, რომელიც მისი არყოფნით გამოწვეულ სევდას უკავშირდებოდა.

ჯორჯო არმანი მოდის ინდუსტრიის ცოცხალი ლეგენდაა. უკვე 60 წელზე მეტია, იგი ელეგანტურ სტილს არ ღალატობს. კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო, ხოლო 1975 წელს დააარსა საკუთარი მოდის სახლი  „ჯორჯო არმანი“, რომელიც მალევე იქცა დახვეწილი სიმარტივისა და ხარისხის სიმბოლოდ.

არმანიმ დაამკვიდრა სამოსი, რომელიც ერთდროულად მძლავრიც იყო და ელეგანტურიც — განსაკუთრებით ცნობილია მისი რბილი, ნატიფი კოსტიუმები, რომლებმაც მამაკაცთა და ქალთა მოდის სტილი მთლიანად შეცვალა.

მის სამოსს ატარებდნენ კინოსამყაროს გმირებიც, მათ შორისაა რიჩარდ გირი. მისმა კოსტიუმმა ფილმში „ამერიკელი ჟიგოლო“ თავის დროზე მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. მართალია, ჯორჯო არმანი ჩვენებას არ ესწრებოდა, თუმცა დიზაინერის გავლენა ახალი კოლექციის  თითოეულ დეტალში იგრძნობოდა.

ეს იყო არა მხოლოდ კოლექცია, არამედ გზავნილი, რომ ნამდვილი სტილი დროსა და სივრცეს სცდება, მაესტროს სათქმელს კი თავად მისი შემოქმედება ამბობს პირდაპირ, ელეგანტურად და უკომპრომისოდ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend