რუმინელი მეხანძრეები ვერტმფრენებითა და სხვადასხვა საშუალებით ასობით ჰექტარ ფართობზე გაჩენილ ტყის ხანძარს ებრძვიან.
ბოლო დღეების განმავლობაში ხანძარმა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ასობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უფრო მეტად აღვივებდა ცეცხლს.
ბალკანეთის რეგიონის ზოგიერთ ნაწილში უკიდურესად ცხელი ამინდი იყო, რის შედეგადაც სერბეთში ტყის ხანძრების ასობით კერა გაჩნდა.
ამავდროულად, ფრენები გადაიდო და რკინიგზაზე მოძრაობა შეფერხდა საფრანგეთის ქალაქ მარსელში.
რეგიონის ხელმძღვანელობამ მოქალაქეებს მოუწოდა, დარჩნენ შინ და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
მარსელის მცხოვრები ადელ კაბანი ამბობს, რომ აეროპორტში წასვლამდე სახლში კვამლის მძაფრი სუნი იგრძნო. მას იმედი აქვს, რომ სანამ ცეცხლი სახლებამდე მიაღწევს, მეხანძრეები შეძლებენ ხანძრის შეჩერებას. თუმცა რეგიონში ძლიერი ქარიცაა, რომელიც ცეცხლს კიდევ უფრო მეტად აღვივებს.
მარსელის აეროპორტში განაცხადეს, რომ ასაფრენი ბილიკი დაახლოებით შუადღისას დაიხურა. ზოგიერთი რეისი საერთოდ გაუქმდა. მოძრაობა ასევე შეწყდა ორი მთავარი ავტომაგისტრალის მონაკვეთებზეც.
ხანძარი ლე-პენ-მირაბოს დასახლების მახლობლად გაჩნდა და 350-ზე მეტ ჰექტარ ფართობს მოედო, სამუშაოებში 700-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა სამხრეთ საფრანგეთში ხანძრების საფრთხე გაზარდა. რამდენიმე კერა ბოლო ორი დღის განმავლობაში გაჩნდა.