ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში, ტეხასის შტატში, მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 41 პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა დაკარგულთა რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს. სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან მოხალისეებიც.
ოფიციალური პირების განცხადებით, კერის ოლქში მაშველებმა 84 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 28 ბავშვის. შესაბამის სამსახურებში აცხადებენ, რომ გამოიკვლევენ, რატომ არ გააფრთხილეს დროულად მოსახლეობა წყალდიდობასთან დაკავშირებით და რატომ არ გასცეს ევაკუაციის ბრძანება რამდენიმე საზაფხულო ბანაკში.
უხვი ნალექის გამო ცენტრალური ტეხასის ნაწილებში წყალდიდობის საფრთხე კვლავ არსებობს. სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მძიმე ტექნიკისა და შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით აგრძელებენ დაღუპულთა ძებნას. კერვილის მერმა დალტონ რაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ იციან დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა დასძინა, რომ ბევრ ადამიანზეა საუბარი.
„ახლა ჩვენ მხოლოდ კერის ოლქის მხარეს ვართ კონცენტრირებული. ჰანტიდან კომალის ოლქამდე სწორი ხაზით მანძილი 100 კილომეტრზე მეტია. ეს არის უზარმაზარი სივრცე. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის უპრეცედენტო მოვლენა. ასე რომ, ჩვენ ჯერ კიდევ პირველადი ძიების ფაზაში ვართ, პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სეგმენტი, რომლებიც ბადისებურად არის დაყოფილი. თითოეულ ამ სეგმენტს, რომლის სიგრძე ორი კილომეტრია, ერთიდან სამ საათამდე სჭირდება“, – აცხადებს კერვილის მერი დალტონ რაისი.
წყალდიდობას ძლიერი შტორმი უძღოდა წინ. დილის საათებში 30 სანტიმეტრი ნალექი მოვიდა. ყველაზე მეტად ტეხასის ცენტრალური ნაწილი დაზარალდა. რეგიონში ისეთი ნიადაგია, რომ მუდამ არსებობს წყალდიდობის საფრთხე. როგორც ცნობილია, სტიქიის ზონაში მოწყობილი იყო რამდენიმე საზაფხულო ბანაკიც.
