მთავარიაზიაისრაელიბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 7 ივლისს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

მას შემდეგ, რაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ირანის წინააღმდეგ 12-დღიანი ომი უპირობო წარმატების მომტანი აღმოჩნდა, დონალდ ტრამპი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე გადაერთო. მისმა ადმინისტრაციამ შეთანხმების პირობებზეც იმუშავა.

6 ივლისს ვაშინგტონში გამგზავრებამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმება მედიასთან დადებითად შეაფასა, თუმცა პირობების შესახებ არ უსაუბრია.

მოლაპარაკებისთვის რომ მზადაა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრი სახლის ლურჯ ოთახში, დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციასთან ერთად ვახშმობისასაც დაადასტურა.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპის ხელმძღვანელობით შეგვიძლია, მივაღწიოთ მშვიდობას ჩვენსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ვფიქრობ, ერთად მუშაობით დავამყარებთ ხანგრძლივ მშვიდობას, რომელიც ჩვენს მთელ სამეზობლოზე გავრცელდება“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანთან მოლაპარაკებისთვისაც მზადაა.

„ვფიქრობ, ირანს სურს შეხვედრა და მშვიდობა.  მე ამ გადაწყვეტილებას  სრულიად ვეთანხმები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა დონალდ ტრამპის ძალისხმევა, რომელიც  მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ითვალისწინებს.

მან იგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეც წარადგინა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ წერილი დონალდ ტრამპსაც გადასცა.

„ბატონო პრეზიდენტო, მინდა წარმოგიდგინოთ წერილი, რომელიც ნობელის პრემიის კომიტეტს გავუგზავნე. წარგადგინეთ მშვიდობის დარგში, რაც ნამდვილად დაიმსახურეთ. თქვენ ის უნდა მიიღოთ“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

აშშ-ის პრეზიდენტის გარდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეხვდა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. 8 ივლისს კი ბენიამინ ნეთანიაჰუ „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს შეხვდება.

პარალელურად, ღაზის სექტორში ძლიერი აფეთქება მოხდა. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ღაზის მცხოვრებლები იმედს გამოთქვამენ, რომ ვაშინგტონში ვიზიტი მათ მშვიდობას მოუტანს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend