მთავარიამერიკააშშაშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის „დიდი და ლამაზი კანონპროექტი” მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის „დიდი და ლამაზი კანონპროექტი” მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 218 ხმით 214-ის წინააღმდეგ მიიღო დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული „დიდი და ლამაზი კანონპროექტი“, რომელიც $4.5 ტრილიონი დოლარის ოდენობის საგადასახადო შეღავათებისა და ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.

ორმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ხმა კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მისცა. კანონპროექტი ახლა ხელმოსაწერად შეერთებული შტატების პრეზიდენტს გადაეგზავნა. დონალდ ტრამპის თქმით, „დიდი და ლამაზი კანონპროექტი“ აშშ-ს სარაკეტო ხომალდად აქცევს.

„ხელმოწერილ კანონპროექტებს შორის ეს ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე ყოფილა. ეს ამ ქვეყანას სარაკეტო ხომალდად აქცევს. მართლაც, შესანიშნავი იქნება. ხვალ ხალხი ძალიან იამაყებს. კანონპროექტს დაახლოებით ხუთ საათზე მოვაწერთ ხელს. კი, დაახლოებით ხუთ საათზე და თეთრი სახლის თავზე B-2, F-22 და F-35 ტიპის თვითმფრინავები გადაიფრენენ. მე და ჯონ ტუნი, ყველა იქ ვიქნებით, რესპუბლიკელ კონგრესმენებთან ერთად. შესანიშნავი დღე იქნება. მოვაწერთ ხელს იმ ლამაზ თვითმფრინავებთან ერთად, რომლებიც ჩვენს თავზე გადაიფრენენ“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

940-გვერდიან დოკუმენტს კონგრესის უმცირესობის დემოკრატმა ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა „დიდი და მახინჯი კანონპროექტი“ უწოდა და პროცესის გასახანგრძლივებლად 8-საათიანი სიტყვა წარმოთქვა.

„დონალდ ტრამპის „დიდი და მახინჯი კანონპროექტის“ არც ერთი პუნქტი არ გახდის ცხოვრებას უფრო ხელმისაწვდომს ჩვეულებრივი ამერიკელებისთვის. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია იმ რამდენიმედან, რის გამოც წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები ამ კანონპროექტით უკმაყოფილო ვართ. ჩვენ უკმაყოფილო ვიყავით გასულ კვირას, ვართ ამ კვირაშიც, დღესაც და უკმაყოფილო ვიქნებით ხვალაც“, – აცხადებს კონგრესის უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი.

„დიდი და ლამაზი კანონპროექტი” ითვალისწინებს $350 მილიარდ დოლარს ეროვნული და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვისა და საკვების ტალონების პროგრამის დაფინანსების ტრილიონ დოლარზე მეტით შემცირებასა და სხვა ხარჯების გაუქმებას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს 4 ივლისს მოაწერს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend