მთავარიაზიაირანიირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს

ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს. ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანმა კონფლიქტმა, რა დროსაც ამერიკისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ბირთვულ ობიექტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, გაართულა ინსპექტორების მიერ თეირანის ბირთვულ პროგრამაზე დაკვირვების პროცესი.

თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების შესახებ ირანელებს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა მედიამ აცნობა.

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი Iranian Presidency office via AP

„საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ კანონი აღსასრულებლად გამოიცა. პრეზიდენტმა კანონი შესაბამის სამთავრობო ორგანოებს გადაუგზავნა. გასულ კვირას კანონპროექტი პარლამენტმა მიიღო და მოგვიანებით მეურვეთა საბჭომაც დაამტკიცა“, – თქვა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში.

ირანი ასევე განიხილავს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსის ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს. მას  თეირანი ისრაელ-აშშ-ის აგრესიის ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

ვაშინგტონმა თეირანის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მოუწოდა ირანს, ითანამშრომლოს მხარეებთან ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

„მიუღებელია ირანის მიერ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რადგან მას კურსის შეცვლა და მშვიდობის, კეთილდღეობის გზის არჩევა შეუძლია. ირანმა სრულად უნდა ითანამშრომლოს შეფერხების გარეშე. ჩვენ დიდი ხანია, ვაფრთხილებთ აშშ-ის მოქალაქეებს, რომ არ იმოგზაურონ ირანში, განსაკუთრებით ახლა. ყველას, ვისაც ირანში შეერთებულ შტატებთან კავშირი ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რეჟიმის მიერ უსამართლო პატიმრობა ემუქრება. თუ ამჟამად ირანში არ იმყოფებით, არ წახვიდეთ. თუ ირანში ხართ, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი უახლესი შეტყობინება, თუ როგორ შეგიძლიათ ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვება“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი თემი ბრიუსი.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების სარაკეტო იერიშის შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა მინიმუმ ორი წლით შეფერხდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თეირანი მზადაა, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების პროცესი გააგრძელოს, თუმცა არსებობს თუ არა გეგმა, ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend