უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს, 1-ელ ივლისს, თავის ვიდეომიმართვაში აზერბაიჯანს სოლიდარობა გამოუცხადა.
„დღეს ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. მადლობა გადავუხადე მას უკრაინის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე გამოვუცხადე ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა აზერბაიჯანისადმი. ამჟამად რუსეთი მეზობლების წინააღმდეგ ახალ მტრულ კამპანიას იწყებს და რუსეთში აზერბაიჯანული თემის ორი წევრის სასტიკი მკვლელობის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფოსაც ემუქრება“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა მას შემდეგ ჩაწერა, რაც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ 1-ელ ივლისს ჩატარებული რეიდის შემდეგ ბაქოში დააკავეს ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთა შორისაც რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მათ ირანიდან ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები შემოჰქონდათ.
ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკატერინბურგში საპოლიციო რეიდის დროს აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა.
ქვეყანამ რუსეთის საპასუხოდ დიპლომატიურ დემარშს მიმართა. ილჰამ ალიევმა გააუქმა ყველა ის კულტურული ღონისძიება, რომლებსაც აზერბაიჯანში კრემლი და მისი მოკავშირე კერძო ინსტიტუტები აწყობდნენ.
„ყველა ჩვენმა პარტნიორმა ერთნაირად უნდა გაიაზროს, რომ რუსეთი საფრთხეა არა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის, არამედ ყველა მისი მეზობლისთვის“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.