დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს ანტისემიტიზმში დასდო ბრალი. გამომძიებლების მტკიცებით, ჰარვარდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დაარღვია სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონი, რომელიც კოლეჯებს სტუდენტების რასობრივი ან ეროვნული წარმომავლობის საფუძველზე დისკრიმინაციისგან დაცვას ავალდებულებს.
30 ივნისს ფედერალურმა სამუშაო ჯგუფმა ჰარვარდის უნივერსიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ადმინისტრაციას ებრაელი სტუდენტების დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია ფედერალური დაფინანსების გაუქმებით იმუქრება.
ჰარვარდის ადმინისტრაცია მთავრობის დასკვნებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ უნივერსიტეტმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საზოგადოებაში ანტისემიტიზმის აღმოსაფხვრელად. გამოძიების მტკიცებით კი, ისრაელ-ჰამასის ომის გამო კამპუსში გამართული პროპალესტინური საპროტესტო აქციების შედეგად, სასწავლო პროცესი ებრაელი და ისრაელელი სტუდენტებისთვის შეფერხდა.
თეთრ სახლსა და ჰარვარდს შორის დაპირისპირების გამო უნივერსიტეტმა უკვე 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება დაკარგა. ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ალან გარბერმა აღიარა კამპუსში ანტისემიტური და ანტიისლამური განწყობების არსებობა, თუმცა ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციამ ამის აღმოფხვრაზე იმუშავა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის ფედერალური დაფინანსების სრულად შეწყვეტაზე მუშაობს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უნივერსიტეტი აღარ უნდა იყოს გადასახადებისგან თავისუფალი.