უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის არმიამ 187 რუსული იერიში მოიგერია. კიევში აცხადებენ, რომ ერთ დღეში 67 საჰაერო იერიშის შედეგად რუსეთმა გამოიყენა 119 მართვადი ბომბი და ირანული „შაჰიდის“ ტიპის 363 მოიერიშე დრონი უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ნახევარზე მეტი გაანადგურეს, 148 დრონი კი სპეციალური სისტემებით დასვეს ხმელეთზე.
მნიშვნელოვანი წილი მოდის საარტილერიო ცეცხლზეც -კრემლის არმიამ 4500-ზე მეტი იერიში მიიტანა უკრაინაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 27 ივნისს უკრაინელები 39 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით, 26 ივნისს კი 16 დრონით დაესხნენ თავს რუსებს. იერიშები ძირითადად განხორციელდა როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებზე, ასევე ოკუპირებულ ყირიმში. დაპირისპირების რამდენიმე კერაა უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილზე.
თითქმის ერთი წელია, რუსეთის საოკუპაციო არმია დასახლება პოკროვსკთან ცდილობს, უკრაინის თავდაცვის ხაზი გაარღვიოს და დაიკავოს ქალაქი. ამისთვის კი იყენებს ცოცხალ ძალას. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ამ მიმართულებაზე 27 ივნისს რუსეთის 56 იერიში მოიგერიეს თავდაცვის ძალებმა.
ამავე ინფორმაციას ავრცელებს „ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც”. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ რუსეთის არმიამ ვერც პოკროვსკთან და ვერც ლიმანის მიმართულებით შეძლო დამატებითი ტერიტორიების დაკავება. მეტიც, რუსი სამხედრო ბლოგერები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში რუსულ ე.წ. წარმატებულ იერიშებს მაქსიმალურად აზვიადებენ, წერენ, რომ ლიმანის ჩრდილოეთით უკრაინულმა არმიამ კონტრიერიშით გარკვეული პოზიციები დაიბრუნა. თუმცა იქვე ამატებენ, რომ სამაგიეროდ რუსულმა არმიამ ლიმანის სხვა მიმართულებაზე მიაღწია გარკვეულ წარმატებას.
საინტერესო ვითარებაა ტორეცკთან, რომელიც ასევე დონეცკის ფლანგია. აქ რუსებმა წინ წაიწიეს, თუმცა ეს დასახლება კვლავ ფრონტის ხაზზეა და რამდენიმე თვეა, ხელიდან ხელში გადადის მცირე პოზიციები.
ფრონტის ხაზზე ისეთი ვითარებაა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება არ ხდება. ადრეულ გაზაფხულზე უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ რუსეთი სუმის მიმართულებით ახალ კონტრიერიშს გეგმავდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ სუმის მიმართულებით რუსული იერიში შეჩერებულია. როგორც გენერალი ამბობს, უკრაინელებმა სუმის ოლქის დასაცავად რუსეთის კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონზე მიიტანეს იერიში, რის გამოც კრემლი იძულებული გახდა, ძალები გადაენაწილებინა. შესაბამისად, რუსული იერიშების ტემპი შენელდა და საბოლოო ჯამში შეჩერდა. აქვე დავამატებ, რომ ამ მიმართულებაზე კრემლს 50-ათასიანი არმია ჰყავდა მობილიზებული.
მოსკოვში აცხადებდნენ, რომ სუმის ოლქზე იერიშის მიზანი ბუფერული ზონის შექმნა იყო, რადგან აქ კრემლს გაურთულდა უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევა. ახლა, ამ მონაცემებით, ფრონტის ხაზიდან ქალაქ სუმის დაშორება 20-25 კილომეტრია.
უკრაინულ მედიაში ამბობენ, რომ მარიუპოლის მიმართულებით რუსეთს ძალები გადაჰყავს. სავარადუდოდ, იგი ახალი იერიშისთვის ემზადება. ეს შესაძლოა იყოს ზაპორიჟიის ფლანგი. ამაზე საუბრობს მარიუპოლის მერის ყოფილი მრჩეველი. სუმისა და დონეცკის ოლქების წარუმატებელი იერიშების ფონზე რა შედეგებს გამოიწვევს კრემლის ეს ერთგვარი მანევრი, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.