ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტიდან 4 დღის შემდეგ ირანელები სახლებს უბრუნდებიან. ევაკუაცია ხანმოკლე გამოდგა, ახლა მოსახლეობა ცახალის საჰაერო დარტყმის კვალის დასუფთავებას ცდილობს. თუმცა ხანგრძლივი კონფლიქტის კვალი რთული გასაქრობია.
„ამდენ წლიანი მძიმე შრომის შემდეგ ოკუპანტმა სიონისტურმა რეჟიმმა ჩვენი ხეივნის შესასვლელს დაარტყა, შედეგად ჩვენი სახლი დაზიანდა. ცოცხლები ვართ, სულ მცირე ამერიკა ხომ დავამარცხეთ. ეს ბევრს ნიშნავს. ღმერთმა დაწყევლოს ყველა, ვინც ეს ომი წამოიწყო”, – აცხადებს ესმაილ მალეკი თეირანიდან.
ის ამერიკის დამარცხებაზე შემთხვევით არ საუბრობს. 12-დღიანი ომის შედეგები მოსახლეობაში გამარჯვებად ქვეყნის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა აშშ-ის საჰაერო დარტყმით საკუთარ თავზე სერიოზული ზიანი იწვნია.
„მე მივიღე რამდენიმე მილოცვა – პირველ რიგში სიონისტურ რეჟიმზე გამარჯვების გამო. იმის მიუხედავად თუ რა ხმებსაც ისინი ავრცელებენ, სიონისტური რეჟიმი თითქმის ჩამოიშალა, ამერიკული რეჟიმი ომში სწორედ იმიტომ ჩაერთო, რომ ისრაელი ბოლომდე არ ჩამოშლილიყო. მათ დაარტყეს ჩვენს ბირთვულ ინფრასტრუქტურას, ეს ქმედება საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებად ღირს, თუმცა ხელშესახებს ვერაფერს მიაღწიეს. ამერიკის პრეზიდენტმა გადაამეტა ამაზე საუბრისას. მას ეს სჭირდებოდა. ისლამურმა რესპუბლიკამ სილა გააწნა ამერიკას, როდესაც მის საჰაერო ბაზას დაარტყა ალ უდეიდში და დააზიანა ის. ასეთი ნაბიჯები მომავალშიც შეიძლება გადაიდგას”, – განაცხადა აგრესორი ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ.
„ჩვენ ვნახეთ აიათოლას ვიდეო. როდესაც ტოტალიტარული რეჟიმის სათავეში ხარ, სახის შენარჩუნება გიხდება. ჩვენ მუდამ მზად ვართ დავიცვათ ამერიკული ძალები რეგიონში. ამასთან, ჯანსაღი აზრის ფარგლებში, ყველამ იცის, სიმართლე”, – ასე უპასუხეს მას თეთრ სახლში.
ირანსა და ვაშინგტონში სიმართლეს განსხვავებულად ხედავენ. კიდევ უფრო განსხვავებულია ხედვა ევროპელების ნაწილში. გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი” ევროპული დაზვერვის ვარაუდებზე დაყრდნობით წერს, რომ თითქმის 410 კილოგრამი ურანი ვაშინგტონის თავდასხმების შედეგად არ განადგურებულა, რადგან სავარაუდოდ ადგილიდან გაიტანეს. თეთრ სახლში ასეთ სცენარს გამორიცხავენ.
„ბევრია დისკუსია იმაზე, თუ რა მოხდა და არ მოხდა. ერთი წამით შეჩერდით და გაიაზრეთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა პირობები, რომ დაესრულებინა ეს ომი – ირანის ბირთვული შესაძლებლობების განადგურებით. პრეზიდენტმა ტრამპმა აწარმოვა ყველაზე კომპლექსური და საიდუმლო ოპერაცია ისტორიაში და ეს იყო წარმატება. მისი შედეგია 12-დღიანი ომის დასასრული და ცეცხლის შეწყვეტა”, – განუცხადა მედიას პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა.
„წმინდა წერილში წერია: „ღმერთი მისცემს ძალას მის ხალხს, ღმერთი დალოცავს მის ხალხს მშვიდობით”. ჩვენ ირანის წინააღმდეგ ვაჟკაცურად ვიბრძოლეთ. ეს გამარჯვება კი კარს უღებს სამშვიდობო შეთანხმების გაფართოების შესაძლებლობას. არსებობს შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ. ერთი დღეც არ უნდა დაიკარგოს”, – ამბობს ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
დიპლომატიის განწყობაზე არაა ირანი. აქ ისრაელთან თუ აშშ-სთან შემდგომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე გამორიცხავენ. მიუხედავად თეთრი სახლის განცხადებისა, რომ ახლა ორი მხარე დიპლომატიურ გზას ადგას.
„არა, არ არსებობს შეთანხმება მოლაპარაკებების გაგრძელებაზე აშშ-სთან. ამას ღიად ვამბობ, არაფერია ჩანიშნული, არანაირი პირობა არ გაცემულა, ამიტომაც არ ვსაუბრობთ გაგრძელებაზე. ამ ომში ამერიკამ მოლაპარაკებები უფრო რთული გახადა. ეს გაართულებს შემდეგ საუბარს. ზიანი მართლა მაღალია და სერიოზული, თუმცა იძლევა იმის საშუალებას, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან ინსპექტორები ჩამოვიდნენ და შეისწავლონ არსებული ვითარება. ეს გადაწყვეტილება ჯერ მისაღებია”, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ისრაელ-ირანის კონფლიქტის ამოწურვით ახლო აღმოსავლეთში ვითარება არ დამშვიდებულა. ისრაელმა დღეს გაამწვავა საჰაერო დარტყმები ლიბანის მთებში. სამიზნე „ჰეზბოლა” იყო. შეტევას მოჰყვა მსხვერპლი, დაჭრილია 11 ადამიანი.