აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგაში ნატოს სამიტისას პირობა დადო, რომ სანამ ის პრეზიდენტია, რუსეთი არ დაესხმება თავს ალიანსს. ინფორმაციას Washington Post სამ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაოაბასაც არ ასახელებს.
მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპმა ჰააგაში ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად არ გამორიცხა, რომ რუსეთს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები უკრაინის მიღმა. სხვადასხვა ლიდერი, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნის საგარეო დაზვერვა და დიპლომატები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ნატოსა და რუსეთს შორის პოტენციური სრულმასშტაბიანი კონფლიქტის თაობაზე.
მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას აქვს მტკიცებულება, რომ რუსეთი ევროპაში ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებს. სამიტის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მოუწოდა ალიანსის წევრებს, რეალისტურად მოეკიდონ რუსეთისა და ჩინეთის მიერ წარმოდგენილ საფრთხეებს. მანამდე მან გააფრთხილა, რომ რუსეთი შესაძლოა ხუთი წლის განმავლობაში მზად იყოს ალიანსზე თავდასხმისთვის.
ამასთან, დონალდ ტრამპმა 26 ივნისს საღამოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მან ნატოს სამიტი შეაფასა როგორც დიდებული და ყველაზე ერთიანი ისტორიაში.
“შესანიშნავი დღე და მზრუნველი ლიდერები. შეთანხმებული 5% ნამდვილ ძალაუფლებას ანიჭებს ნატოს”, – დაწერა ტრამპმა.