რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულზე, საგანგებო ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი სტრასბურგში მოეწერა.
შესაბამისი უფლებამოსილება ალენ ბერსეს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მისცა, რომელიც 46 სახელმწიფოსგან შედგება.
ეს ტრიბუნალი გამოიძიებს რუსეთის იმ დანაშაულებს, რომლებსაც უკრაინის მიმართ ჩადის.
„ეს ევროპაში ყველაზე მასშტაბური ომია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ის არ დაწყებულა გასულ კვირას, ან ამ წელს. ეს არის უსაფუძვლო, უაზრო და უკანონო ომი. თქვენი აქ ყოფნა, უკრაინაში ძალიან მნიშვნელ გზავნილს აგზავნის, რომელიც ამ კედლების მიღმა მყოფ ადამიანებთან აღწევს. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელი მამაკაცები, ქალები და ბავშვები კვლავ იტანჯებიან, ეს იმის მანიშნებელია, რომ კანონი, ბომბებზე უფრო ხმამაღლა უნდა ლაპარაკობდეს. და რომ ეს არის ისტორიის რკალი, რომელიც სამართლიანობის წინაშე იხრება. ეს ისტორიული ხელმოწერა გვახსენებს, რომ საერთაშორისო სამართალი უნდა ეხებოდეს ყველას – გამონაკლისის გარეშე და ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე.ეს არის ტრიბუნალი, რომელიც განსჯის მსხვერპლსა და აგრესორს, დაუსჯელობასა და პასუხისმგებლობას, ვინაიდან პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია იყოს ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინასა და მთელ ევროპაში“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ.
ტრიბუნალის, მიზანი იქნება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელი მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა. აგრესიის დანაშაული გულისხმობს შეიარაღებული ძალის გამოყენებას სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც გაეროს წესდების სერიოზული დარღვევაა.
ტრიბუნალი გაასამართლებს პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს, მათ ვისაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დაგეგმვაზე, მომზადებაზე, წამოწყებასა და შესრულებაზე.
„წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა. შეთანხმება ტრიბუნალის შექმნის შესახებ მხოლოდ დასაწყისია და ახლა ჩვენ რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ მისი ფუნქციონირებისათვის. საჭირო იქნება ძლიერი პოლიტიკური და სამართლებრივი თანამშრომლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა რუსი სამხედრო დამნაშავე, მათ შორის (პრეზიდენტი ვლადიმერ) პუტინი, სამართლიანობის წინაშე წარდგეს. უკრაინელების სიცოცხლე უნდა იყოს დაცული და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს თავდაცვას, თუმცა სამართლიანობაც მნიშვნელოვანია. და მან ისე უნდა იმუშაოს, რომ ომის დამნაშავეები ვერსად დაიმალონ, ვერც ევროპაში და ვერც სხვა ადგილას. სამართლიანობა ისე უნდა მუშაობდეს, რომ ცხადი გახდეს ნებისმიერისთვის, ვინც ასეთ დანაშაულებს გეგმავს, რომ პასუხი მოეთხოვება. დანაშაულს სჭირდება გამოაშკარავება, განსჯა და დასჯა. ჰააგა ამისთვის იდეალური ადგილია. ჰააგა სამართლიანობის აღდგენას ელოდება. მადლობა ყველას, ვინც ამას აკეთებს. მადლობა ყველას.დიდება უკრაინას.“- განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულებს სხვა საერთაშორისო სასამართლოებიც იძიებენ.
მათ შორისაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც იძიებს ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ფაქტებს და უკვე გაცემული აქვს პუტინის დაკავების ორდერი
დაკავების ორდერი გაცემულია ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა–ბელოვას, თავდაცვის ყოფილი მინისტრს, შოიგუს, გენშტაბის უფროს გერასიმოვისა და სხვა რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ.
იურისდიქციის შეზღუდვების გამო ეს სასამართლო ვერ განიხილავს აგრესიის დანაშაულს. სწორედ ამიტომ გახდა ახალი ტრიბუნალის დაარსების საჭიროება.
უკრაინა რუსეთს არაერთ ომის დანაშაულში სდებს ბრალს. საერთაშორისო ორგანიზებს უკვე აღრიცხული აქვთ უამრავი მასალა, რომელიც ამ დანაშაულებს ასახავს:
მათ შორისაა, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის, წამების, გაუპატიურების, ბავშვებისა და ქალების გატაცების და სხვა ძალადობრივი ქმედებების ფაქტები.