ისრაელმა 25 ივნისი ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან დღედ გამოაცხადა, რადგან თავდაცვის ძალების ინფორმაციით, პალესტინელების მიერ ჯავშანმანქანაზე მიმაგრებული ბომბის გამო 7 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.
„მაშინ, როცა ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომში გამარჯვება გამოაცხადა, ქვეყანას შეახსენეს, რომ ომი ღაზის სექტორში კვლავ გრძელდება. ისრაელელებმა გაიგეს, რომ აფეთქების შედეგად 7 ჯარისკაცი დაიღუპა და ამით არმიამ ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი სამხედრო დაკარგა“, – ამბობს ჟურნალისტი ჯო ფედერმანი.
პარალელურად, ღაზის სექტორის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოლო დღეებში ისრაელის იერიშებს 79 პალესტინელი ემსხვერპლა. მათივე მტკიცებით, ისრაელელი ჯარისკაცები ცეცხლს უხსნიან ყველას, ვინც სასოწარკვეთილი საკვების მოსაპოვებლად მიდიან, რის გამოც ბოლო კვირებში ასობით ადამიანი დაიღუპა.
„პალესტინელების თქმით, ისრაელელი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს საკვების შეგროვებისას ესვრიან, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, რომ ჯარისკაცები ცეცხლს მხოლოდ საეჭვო ქცევის მქონე პირებს უხსნიან. მიუხედავად ამისა, დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება“, – ამბობს ჟურნალისტი ჯო ფედერმანი.
ისრაელი ღაზის სექტორში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ აწარმოებს. მიუხედავად ვაშინგტონის ჩარევის შედეგად მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის არაერთი შეთანხმებისა, კონფლიქტი კვლავ გრძელდება და ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისინი „ჰამასის“ პრობლემის საბოლოოდ გადაჭრას გეგმავენ.