რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი პირველად შევიდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა სიხარულით შეხვდა. ასეულობით ადამიანი ცდილობდა, მიახლოებოდა იმ ყუთებს, რომლებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების „წითელი ნახევარმთვარის” აღმნიშვნელი ნიშნები ჰქონდა დატანილი. ბრბოს დასაშლელად ნიღბიანმა პირებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სწორედ მათ შეუწყვეს ხელი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტომობილების უსაფრთხო შესვლას. აბუ აჰმად ალ-ღარბავმა განაცხადა, რომ მომავალში აღარ დაუშვებენ ჰუმანიტარული პროდუქციის მიტაცებას.
ადგილობრივი მცხოვრები აჰმად ნატატი იმედოვნებს, რომ განაწილების პროცესი უფრო გამარტივდება. მისი თქმით, ადრე ხალხს საკმაო მანძილის გავლა უწევდა დახმარების პუნქტებამდე მისასვლელად და საათობით იდგა გრძელ რიგში, რაც ხშირად არეულობით, ჭყლეტითა და სროლით სრულდებოდა.
ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში ადგილობრივ მოსახლეობამდე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით შეიტანეს, თუმცა მომავალში მისი უსაფრთხოდ შეტანა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება დახმარების განაწილების სისტემა.