მთავარიმსოფლიოაშშ-ის ევროპის სარდლობის სტრატეგია

აშშ-ის ევროპის სარდლობის სტრატეგია

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ცენტრალური სარდლობისა და, ამავდროულად, ნატოს მოკავშირე ძალების მეთაურობის კანდიდატს მოუსმინეს. მთავარი საკითხები რუსეთიდან მომდინარე საფრთხე, უკრაინაში კრემლის ომი და მასთან დაკავშირებული რისკები  იყო.

გენერალ გრინკევიჩს სენატორმა თომი თუბერვილმა ჰკითხა რამდენად შესაძლებელია უკრაინის გამარჯვება რაზეც გენერალმა უპასუხა – „სენატორო, ვფიქრობ, უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს. როდესაც საქმე სამშობლოს ეხება, ადამიანი იბრძვის ისეთი სიმტკიცით, რომ თუ საკუთარ თავს არ წარმოიდგენ  მსგავს სიტუაციაში, ვერც კი მიხვდები, რამდენად რთულია ეს.

გენერალ-ლეიტენანტი ალექსუს გრინკევიჩი, რომლის საქმიანობაც ბოლო პერიოდში ოპერაციების მართვასთან იყო დაკავშირებული,  აშშ-ის ევროპის სარდლობის მეთაურობასთან ერთად უმნიშვნელოვანეს თანამდებობას ნატოშიც დაიკავებს. ის იქნება გაერთიანებული ძალების უმაღლესი სარდალი. რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი საუბრობდა პუტინის აგრესიულ ქმედებაზე და იმ საფრთხეებზე რის ფონზეც მოუწევს გენერალ გრინკევიჩს საქმიანობა.

 „ვლადიმერ პუტინი მუდმივად ახსენებს დასავლეთს, რომ რუსეთი რჩება მტკიცე მტრად და არღვევს საერთაშორისო სამართალს. რუსი დიქტატორის უკრაინაში შეჭრამ სიკვდილი და განადგურება მოუტანა დემოკრატიულ ერს და ეს მსოფლიოსათვის გაფრთხილებაა. რუსეთის სამხედრო საფრთხე დღეს ისეა აქტუალური  როგორც არასდროს. ცხადია, რუსეთი მხოლოდ ნატოს მოკავშირეებისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს — იგი უშუალოდ ემუქრება ამერიკის შეერთებულ შტატებს. რუსეთი მზადაა,  ბირთვული არსენალით სრულად გაანადგუროს ჩვენი სამშობლო“, – თქვა სენატორმა უიკერმა.

სენატში რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პუტინთან დათმობაზე  არ უნდა წავიდეს.

სენატორების თქმით,  რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შეკავების პროცესში აშშ-ის ევროპის სარდლობის როლი უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად, ამ სარდლობის ძალთა შემცირებაზე საუბარი აზრს მოკლებულია.

დემოკრატი სენატორი ჯეკ რიდი: „მინდა აღვნიშნო, რომ პუტინი უკრაინაში ომის გამო კოლოსალურ ფასს იხდის. მან დახმარებისთვის ირანსა და ჩრდილოეთ კორეას მიმართა. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი კვლავაც გმირულად იბრძვიან და საომარი მოქმედებების ახალი ინოვაციებით გვაოცებენ — მათ შორისაა ბოლო დროს  უპილოტო აპარატებით განხორციელებული შეტევები რუსეთის ტერიტორიებზე. ვთვლი, რომ პუტინთან დათმობაზე წასვლა არასოდეს იყო მიზანშეწონილი, განსაკუთრებით კი ახლა.“

რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი: „პუტინთან შერიგების დრო ახლა ნამდვილად არაა. ჩემი აზრით, ეს არ არის ის მომენტი, რომ შევუწყვიტოთ მხარდაჭერა მათ, ვინც პუტინის  უკანონო შეჭრის წინააღმდეგ იბრძვის.“

გენერალ-ლეიტენანტი  ალექსუს გრინკევიჩი: „ალიანსში კონკრეტულ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, უპილოტო ტექნოლოგიები — იქნება ეს საჰაერო თუ საზღვაო სისტემები, რომელთა ეფექტურობა, მაგალითად, შავი ზღვის რეგიონში გამოჩნდა.  მე პრიორიტეტულად განვიხილავ ამ შესაძლებლობებს.  რადგან რუსული საფრთხე მასშტაბურია. ჩვენი მხრიდან ამ ასიმეტრიული პასუხის ჩამოყალიბება გადამწყვეტი იქნება ევროპული უსაფრთხოებისთვის მომავალში.“

სენატში მოსმენისას სენატორებმა და გენერალმა გრინკევიჩმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გარდა,  გასათვალისწინებელია რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პარტნიორობა.

სწორედ ამ კოალიციის შესაკავებლად გეგმავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის მომავალი მეთაური რომელმაც სენატში გამოსვლისას ახსენა რომ პუტინის მიერ შექმნილი სამხედრო მანქანა რეალური საფრთხეა რაზეც სერიოზული სამუშაოებია გასაწევი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend