მთავარიევროპაუკრაინარუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს

სამშაბათს, 24 ივნისს, უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსების მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 200 კი დაიჭრა.

დნიპროს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი აცხადებს, რომ მიმდინარეობს სამუშაოები, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. მისი ინფორმაციით, ახლომდებარე დასახლება სამარში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაიჭრა.

შემთხვევას გამოეხმაურა ნიდერლანდებში მყოფი უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, დღეს უკრაინაში, ქალაქ დნიპროში, მოსახლეობა  რუსული ბალისტიკური რაკეტის თავდასხმის გამო დახმარებას იღებს.  ბევრი სახლი და სკოლა დაზიანდა. უამრავი ხალხი დაშავდა და დაიღუპა. ჭურვი სამგზავრო მატარებელსაც მოხვდა,  ის უბრალოდ თავის მარშრუტს ასრულებდა. რაკეტა მის გვერდით აფეთქდა. მხოლოდ ივნისის თვეში რუსეთმა გაუშვა „შაჰედის“ ტიპის 2,736  დრონი. უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ რუსეთი ამას ვერასდროს შეძლებდა ირანის რეჟიმთან კავშირების გარეშე.  უკრაინელები კი ვერასდროს ჩამოაგდებდნენ ამ დრონების უმეტესობას მოკავშირეების სოლიდარობისა და  მხარდაჭერის გარეშე.

დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის, განცხადებით, დაბომბვის შედეგად  დაზიანდა 19 სკოლა, 10 საბავშვო ბაღი, პროფესიული სასწავლებელი, მუსიკალური სკოლა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის შენობა, ასევე რვა სამედიცინო დაწესებულება.  სკოლები ზაფხულის არდადეგების გამო დაკეტილი იყო. ერთ-ერთმა აფეთქებამ ასევე დააზიანა სამგზავრო მატარებელი, რომელსაც დაახლოებით 500 მგზავრი გადაჰყავდა.

მაშველებს სარაკეტო შეტევის შედეგად დაჭრილი მოქალაქე გადაჰყავთ, დნიპრო, უკრაინა, 24 ივნისი, 2025 წელი Copyright AP/Ukrainian Emergency Service via AP

ამასთან, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, კრასნოგორსკში, ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსს ღამით დრონი შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ადგილობრივი გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის თქმით, ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამშაბათს დილით 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათგან 14 კურსკის ოლქის თავზე გაანეიტრალეს, ორი კი – მოსკოვის რეგიონში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend