ხშირად ამბობენ, რომ მუსიკა კაცობრიობის საყოველთაო ენაა. ამ უნივერსალური ენით 12 წლის ჰიუსტონელი ბიჭი ადამიანების საუკეთესო მეგობრებთან, ძაღლებთანაც ამყარებს კომუნიკაციას.
იუვი აგარვალმა ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო და მალევე შენიშნა, რომ საკრავი მისი ოჯახის მოუსვენარ ოქროსფერ პუდელს, ბოსოს ამშვიდებდა. შემდეგ იუვის გაუჩნდა ინტერესი, თუ რამდენად შეძლებდა თავისი მუსიკით სტრესის ქვეშ მყოფი უსახლკარო ცხოველების დახმარებასაც.
მშობლების დახმარებით, რომლებსაც მარკეტინგის სფეროში გამოცდილება აქვთ, იუვიმ 2023 წელს არაკომერციული ორგანიზაცია Wild Tunes დააარსა, რათა ცხოველთა თავშესაფრებში დასაკრავად მუსიკოსები დაექირავებინა. ამ დრომდე მან სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობების 100 მუსიკოსი და მომღერალი დაიქირავა, რათა ჰიუსტონში, ნიუ-ჯერსისა და დენვერში ცხრა თავშესაფარში დაეკრათ.
„თავშესაფრები შესაძლოა ძალიან სტრესული იყოს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ცხოველებს ადამიანებთან პოზიტიური ურთიერთობა უუმჯობესებს განწყობას, რომელიც დღის განმავლობაშიც გაჰყვებათ. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია მათ მივცეთ რაღაც განსხვავებული, მაშინ როცა მათ მუდმივად თავიანთ პატარა გალიებში გამოკეტილს უწევთ ყოფნა“, – ამბობს სარა მაკდონერი, მოხალისე.

იუვი აგარვალის თქმით, მისი მსმენელები, რომელთათვისაც უკრავს, თავდაპირველად ძალიან აღელვებული არიან ხოლმე, თუმცა მუსიკის მოსმენის პროცესში მშვიდდებიან და ხშირად იძინებენ კიდეც. ის და სხვა მოხალისეები ხშირად უკრავენ ისეთი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან მოცარტი და ბახი.
„იცით, მუსიკით ტკბობისთვის ტექსტის გაგება სულაც არაა აუცილებელი. უბრალოდ დატკბით მელოდიით, ჰარმონიითა და რიტმებით. ამგვარად, ეს ენობრივ ბარიერებს სცილდება, სახეობებსაც კი სცდება“, – ამბობს Wild Tunes-ის დამფუძნებელი იუვი აგარვალი.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებზე მუსიკის გავლენა ღრმად შესწავლილი საკითხია, მისი როლი ცხოველთა ქცევის განსაზღვრაში ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
ზოგიერთ კვლევაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ კლასიკურ მუსიკას ძაღლებისთვის სიმშვიდე მოაქვს. თუმცა საკმარისი მონაცემები ამის დასამტკიცებლად არ არსებობს.
ძაღლებზე მუსიკის გავლენის შესახებ კვლევები ხშირად იძლევა განსხვავებულ მონაცემებს, რადგან ძაღლების ჯიშების, მუსიკის ჟანრისა და გარემოს განსხვავებულობა კვლევის პროცესს ართულებს. მიუხედავად ამისა, იუვი აგარვალის ორგანიზაცია მტკიცებულებაა იმის, რომ მუსიკა ცხოველთა დამშვიდებას ხელს უწყობს.