მთავარიმსოფლიო„ყველას გილოცავთ! ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმება შედგა“ -...

„ყველას გილოცავთ! ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმება შედგა“ – დონალდ ტრამპი

24 ივნისს, გამთენიისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე მსოფლიოს ირან-ისრაელის 12-დღიანი ომის დასრულება ამცნო.

დონალდ ტრამპი წერს, რომ ცეცხლის საბოლოო შეწყვეტას 24 საათი დასჭირდება – აშშ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ცეცხლს მომდევნო 6 საათის განმავლობაში ჯერ ირანი შეწყვეტს, 12 საათის შემდეგ კი – ისრაელი, როდესაც ის თავის „მისიას“ ბოლომდე დაასრულებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ორივე მხარეს მიღწეული შეთანხმებისთვის მადლობას უხდის.

„ყველას გილოცავთ! ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმება შედგა როდესაც ისრაელი და ირანი თავიანთ დაწყებულ მისიებს დაასრულებენ, დაახლოებით 12 საათის შემდეგ ომი დასრულებულად ჩაითვლება! ოფიციალურად, ჯერ ირანი შეწყვეტს ცეცხლს და მეთორმეტე საათზე – ისრაელი. 24 საათში კი მთელი მსოფლიო აღნიშნავს 12-დღიანი ომის დასრულებას. იმ ვარაუდით, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, მინდა ორივე ქვეყანას, ისრაელსა და ირანს, მივულოცო გამძლეობის, გამბედაობისა და ინტელექტის გამოვლინება ამ ომის დასასრულებლად, რომელსაც „12-დღიანი ომი“ უნდა ეწოდოს. ესაა ომი, რომელიც შეიძლებოდა წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა, მაგრამ ეს არ მოხდა და არც არასდროს მოხდება! ღმერთმა დალოცოს ისრაელი, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიო“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპის განცხადებას სოციალურ პლატფორმა X-ზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალური შეთანხმება მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე არ არსებობს, მაგრამ თუ ისრაელი ამ ნაბიჯს გადადგამს, ირანს სამხედრო მოქმედებების გაგრძელება არ სურს. დიპლომატი ამ განცხადებამდე მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

„როგორც ირანმა არაერთხელ ნათლად განაცხადა: ირანის წინააღმდეგ ომი ისრაელმა დაიწყო და არა პირიქით. ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი „შეთანხმება“ ცეცხლის ან სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის შესახებ. თუმცა იმ პირობით, რომ ისრაელის რეჟიმი ირანელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიას შეწყვეტს, არაუგვიანეს დილის 4 საათისა, ჩვენ არ გვაქვს განზრახვა გავაგრძელოთ ეს ომი. საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენი სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის შესახებ მოგვიანებით იქნება მიღებული“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. 24 ივნისის დილას ისრაელმა თეირანის მე-6 რაიონში მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რომ იქ არსებულ სამხედრო ობიექტებზე იერიშს მიიტანდა. თუმცა დილის ოთხი საათის შემდეგ მხარეებმა თავდასხმები შეწყვიტეს.

დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც 23 ივნისს კატარში მდებარე ალ-უდეიდის ამერიკულ საჰაერო ბაზაზე ირანმა ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა.

ტრამპის თქმით, 13 რაკეტიდან 12 ჩამოაგდეს, ხოლო მეცამეტე რაკეტა საშიშროებას საერთოდ არ წარმოადგენდა.

თეირანმა განმარტავდა, რომ ამერიკულ ბაზას იმიტომ დაესხა თავს, რომ ის დასახლებული პუნქტისგან მოშორებით მდებარეობდა. ასევე, განმარტეს, რომ მათი იმდენივე რაკეტა გაისროლეს, რამდენიც ვაშინგტონმა ბირთვული ობიექტების დაბომბვისას.

„შუაღამის ურო“ – ასე ექვა ამერიკის სამხედრო ოპერაციაში ირანში, რომელმაც 12-დღიანი ომის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend