მთავარიმსოფლიორა იქნება ირანის პასუხი - ახლო აღმოსავლეთი რეგიონული ომის ზღვარზე

რა იქნება ირანის პასუხი – ახლო აღმოსავლეთი რეგიონული ომის ზღვარზე

ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ უკვე აშშ-ში იმყოფებიან. ეს იყო ბომბდამშენებით ჩატარებული ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია.

ახლა მსოფლიოს ყურადღება უკვე ირანისკენაა მიმართული. თუმცა სანამ თეირანის გადაწყვეტილებების შესახებ გახდება ცნობილი, ისრაელმა კიდევ ერთი მასშტაბური იერიში მიიტანა რამდენიმე მნიშვნელოვან სამიზნეზე.

„ამ წუთებშიც კი ჩვენ ვაგრძელებთ იერიშებს იმ მიზნით, რომ ირანის რეჟიმის რაკეტების წარმოების შესაძლებლობები შევზღუდოთ. ამ მომენტისთვის საჰაერო ძალები განაგრძობენ დარტყმებს თეირანში. სამიზნე რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბებია, ასევე  ყველა ის ობიექტი, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს ისრაელის სახელმწიფოსთვის. ბოლო საათების განმავლობაში ისრაელის ტერიტორიაზე  რამდენიმე რაკეტის გამოშვების გამო საჰაერო განგაშის  სიგნალები ჩაირთო.  ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ საფრთხეების გასანეიტრალებლად“, – ამბობს ბრიგადის გენერალი ეფი დეფრინი, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი.

თეირანი ისრაელის მიმართულებით რაკეტებს კვლავ ისვრის, ამავე დროს იმუქრება, რომ პასუხს გასცემს ამერიკასაც. ირანში ასევე ამტკიცებენ, რომ ამერიკულმა იერიშებმა რადიაციული საფრთხე შექმნა. შურისძიების შესახებ გაეროს ორგანიზაციებში თეირანის ელჩმა, დიპლომატმა რეზა ნაჯაფმაც ისაუბრა: „ამ უკანონო თავდასხმებს შესაძლოა მოჰყვეს გრძელვადიანი და დამანგრეველი გარემოსდაცვითი შედეგები, შეიქმნება რადიოაქტიური, ქიმიური და სხვა სახის დაბინძურების სერიოზული საფრთხე არა მხოლოდ ირანისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მნიშვნელოვნად შეირყა ბირთვული მასალების, მათ შორის გამდიდრებული ურანის ფიზიკური უსაფრთხოება და დაცულობა. გაეროს ქარტიის შესაბამისად, ირანი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავდაცვის უფლებას და ყველა საჭირო საშუალებას გამოიყენებს საკუთარი დიდი ერის, სუვერენიტეტისა და უზენაესი ეროვნული ინტერესების დასაცავად. დაუსჯელობის ეპოქა დასრულებულია“.

პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაცია ირანისთვის, მართლაც, მოულოდნელი იყო, რადგან, როგორც ცნობილია, ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვდათ ირანის საჰაერო სივრცეში. ვაშინგტონი თეირანს ურჩევს, არ მიიტანოს საპასუხო იერიში ამერიკულ ობიექტებზე. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პენტაგონში აღნიშნა: „კონფლიქტის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს — ამას ვაცნობიერებთ, თუმცა ამ ოპერაციის მასშტაბი განზრახ იყო შეზღუდული. ეს არის ჩვენი გზავნილი: ამერიკის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები პრაქტიკულად შეუზღუდავია. ახლა დროა, ირანმა აირჩიოს მშვიდობის გზა. თეირანში უკვე აცნობიერებენ რეალობას — თვითმფრინავები, რომლებიც ამერიკის შუაგულიდან, მისურიდან აფრინდნენ, ღამის განმავლობაში შეუმჩნევლად გადაფრინდნენ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის თავზე და  გაანადგურეს ბირთვული შესაძლებლობები“.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა დინ კეინმა კი აღნიშნა, რომ ამერიკული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, ნებისმიერ თავდასხმას უპასუხონ.

„უკიდურესად არასწორი არჩევანი იქნება მათი მხრიდან, თუ შემოგვიტევენ. ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს. ჩვენთვის სამხედროთა და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება პრიორიტეტული საკითხია“, – დასძენს გენერალი კეინი.

უსაფრთხოების ექსპერტები თლიან, რომ სიტუაცია  შესაძლოა, რამდენიმე სცენარის მიხედვით განვითარდეს. ირანი ამერიკას პირდაპირ არ უპასუხებს და გაააქტიურებს მხარდაჭერილ პარამილიტარულ ჯგუფებს. ხოლო თუკი პირდაპირ მიიტანს იერიშს ამერიკელ სამხედროებზე, რომლებიც რეგიონში არსებულ სამხედრო ბაზებზე არც თუ ისე ცოტანი არიან, კონფლიქტი  კიდევ უფრო გამწვავდება.

„გეოგრაფია მნიშვნელოვანია – ჩვენი 40 000 ჯარისკაცი მოკლე მანძილზე მოქმედი ირანული რაკეტების არეალშია. და მათ ათასობით აქვთ ასეთი შეიარაღება. 2500  სამხედრო ერაყში, სირიაში, სავარაუდოდ, 1000-ამდეა. ისინი დაუცველები იქნებიან, თუ ირანი ამერიკულ ბაზებს დაარტყამს, ასევე როგორც ცნობილია, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზეც მიდის მსჯელობა ირანში. ამან შესაძლოა საბედისწერო ესკალაციამდე მიგვიყვანოს.  რადგან თუ ირანი დაკეტავს, ამერიკელები გახსნიან და ეს დაპირისპირებამდე მიგვიყვანს, მათ შორის ფრონტალურ კონფლიქტამდეც. მე ამას რეგიონულ ომს დავარქმევდი. მეორე სცენარია, რომ ირანი პირდაპირ არ დაუპირისპირდეს ისრაელსა და აშშ-ს და გამოიყენოს „პროქსი“ ძალები, რომლებიც ასე პირდაპირ,  ირანის ხელმძღვანელობით არ დაესხმებიან თავს ამერიკელ სამხედროებს“, – ამბობს კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი აარონ დევიდ მილერი.

პენტაგონში აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმის მტკიცება,  რომ ირანის ბირთვული პროგრამა სრულიად გაჩერებულია,  მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული საჰაერო დარტყმები იყო ზუსტი და ძლიერი. რეგიონში შტატების სამხედრო ძალა გაძლიერებული შემადგენლობით კვლავ რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend