ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტიდან ერთი კვირის თავზე მსოფლიო ელის რას გადაწყვეტს ვაშინგტონი.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ისრაელისადმი გამოხატული აშკარა მხარდაჭერის მიუხედავად, უცნობია ჩაერთვება თუ არა შეერთებული შტატების საჰაერო ძალები ირანის წინააღმდეგ.
როგორც თეთრ სახლში ამბობენ, დონალდ ტრამპი საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს.
„მაქვს შეტყობინება პირდაპირ პრეზიდენტისგან და წგიკითხავთ ციტატას: იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არის რეალური შანსი მოლაპარაკებების, რომელიც უახლოეს მომავალში შესაძლოა ირანთან შედგეს ან არ შედგეს, კონფლიქტში ჩართვაზე გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებ. ესაა ციტატა თქვენთვის, პირდაპირ პრეზიდენტისგან“, – აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი, კაროლინ ლივიტი.
განსხვავებულია შეერთებული შტატების მოქალაქეთა პოზიციაც. The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 25% ემხრობა ირანზე იერიშების მიტანას. The Hill-ის კვლევის შედეგები კი აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 45% ირანზე იერიშების მიტანის წინააღმდეგია, 25% მომხრე, ხოლო 30% არაა ჩამოყალიბებული. CNN-ის კვლევის შედეგებმა კი აჩვენა, რომ გამოკითხულთა 48% ირანზე იერიშების მიტანას ემხრობა.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებულ იმედებს არ ამყარებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის თქმითაც ვაშინგტონის პოზიციის მიუხედავად, ის გააკეთებს იმას, რაც უკეთესი იქნება ისრაელის სახელმწიფოსთვის.
„მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი მივაღწიოთ ჩვენს ყველა მიზანს, მათ ყველა ბირთვულ ობიექტს, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპის არჩევანია, სურს თუ არა შემოგვიერთდეს, ეს მისი გადასაწყვეტია. ის გააკეთებს იმას, რაც კარგია შეერთებული შტატებისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც კარგია ისრაელის სახელმწიფოსთვის. უნდა ვთქვა, რომ ამ მომენტამდე ყველა აკეთებს იმას, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი დახმარება მისასალმებელია“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
პარალელურად, ისრაელსა და ირანს შორის სარაკეტო იერიშები გრძელდება. 19 ივნისს ირანმა ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სოროკას სამედიცინო ცენტრი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა მედიასთან განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა.
საპასუხოდ, ისრაელმა ავიაიერიშები მიიტანა ირანის დედაქალაქ თეირანზე, სადაც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის ბუნკერია განთავსებული.
ამ მოვლენების ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ევროპელ კოლეგებთან შეხვედრა მოითხოვა, რომელიც 20 ივნისს ქალაქ ჟენევაში შედგება. თეთრი სახლი აცხადებს, რომ შეხვედრას ყურადღებით ადევნებს თვალს.