მთავარიაზიაირანირას წარმოადგენს ფორდოს ბირთვული ობიექტი და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი

რას წარმოადგენს ფორდოს ბირთვული ობიექტი და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი

მთელი მსოფლიო ელოდება მისცემს თუ არა დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების არმიას, ირანში არსებული საკვანძო მიწისქვეშა ობიექტის დაბომბვის ბრძანებას.

როგორც იკვეთება, ფორდო, ირანზე ისრაელის ბოლო თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა – ჩნდება კითხვა რატომ მოექცა ეს  ბირთვული ობიექტი ისრაელის სტრატეგიულ უსაფრთხოების ყურადღების ცენტრში.

ირანის სახელმწიფო მედიამ, შაბათს განაცხადა, რომ ფორდოს მახლობლად აფეთქებები მოხდა. თუმცა, ეს ცნობები დაუდასტურებელია და ზიანის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიმდინარე კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის გეგმის არსებობის მიუხედავად, მას ჯერ არ გადაუწყვეტია მიიტანს თუ არა იერიშებს ამ მიწისქვეშა ობიექტზე.

„ჩვენ გვაქვს ამის გაკეთების შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავაკეთებთ“, – განუცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში შეკრებილ ჟურნალისტებს. ”მე ჯერ არ მიმიღია ასეთი გადაწყვეტილება”, –  დასძინა მან.

ფორდო, ნატანზის შემდეგ, ირანის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტია, რომელიც ირანელებისთვის წმინდა ქალაქ ყუმთან ახლოს – თეირანის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 95 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ობიექტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს.

2006 წელს, საიდუმლოდ აგებული ფორდოს ბირთვული ობიექტის არსებობის შესახებ, მხოლოდ 2009 წელს მისი ამოქმედების შემდეგ გახდა ცნობილი. დასავლურმა ძალებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, მკაცრად გააკრიტიკეს ირანი იმის გამო, რომ მათ უფრო ადრე არ გაამჟღავნეს ეს ინფორმაცია.

ფორდოს ბირთვული ობიექტი აგებულია ისე, რომ საჰაერო დარტყმებს გაუძლოს

ფორდო, სპეციალურად აიგო ისე, რომ საჰაერო თავდასხმებს გაუძლოს. ნიადაგისა და ასევე კლდის ფენებისა და მასების ქვეშ, დაახლოებით 80 მეტრის სიღრმეზე. მიიჩნევა, რომ ობიექტმა უნდა გაუძლოს დღეს არსებული ბუნკერსაწინააღმდეგო ჭურვების პირდაპირ მოხვედრას.

ხოლო ისრაელის პოზიციისა და ხედვის გათვალისწინებით, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის, ფორდოსა და ნატანზის ობიექტები მთავარ სამიზნეებად მიიჩნევა.

მანამდე, ფორდოს ობიექტი ირანის რევოლუციური გვარდიის ბაზად გამოიყენებოდა, რომელიც დაცული იყო ირანული და რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით. თუმცა, ეს შესაძლებლობები შესაძლოა უკვე განეიტრალებულია ისრაელის ბოლოდროინდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს შესაბამისი შეიარაღება, რომლებიც საკმარისად მძლავრია ფორდოს მიწისქვეშა სივრცეების გასანადგურებლად – კონკრეტულად კი, 13 000 კილოგრამიანია ბუნკერსაწინაამდეგო ჭურვი, GBU-57 Massive Ordnance Penetrator.

ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალები ფლობენ GBU-28 ჭურვებს, რომლებსაც მიწისქვეშ ექვს მეტრამდე შეღწევის უნარი აქვთ. მიუხედავად ამისა, სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კიბერ თავდასხმები შესაძლოა, ობიექტის მწყობრიდან გამოყვანის ალტერნატიული მეთოდი იყოს.

2010 წელს ე.წ. სტაქსნეტის (Stuxnet) ვირუსმა, რომელიც სავარაუდოდ აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში განვითარდა, წარმატებით გაანადგურა ათასობით ირანული ცენტრიფუგა.

იდუმალებით მოცული ბირთვული ობიექტი

ფორდო, თავდაპირველად ურანის გამდიდრების მიზნით აშენდა. მიჩნეულია, რომ შესაძლებლობების პიკში იქ განთავსებული იყო იზოტოპების განცალკევებისთვის საჭირო 16 დანადგარი და დაახლოებით 3000 ცენტრიფუგა. ირანმა თავდაპირველად ურანი 5%-მდე გაამდიდრა, მაგრამ ეს მაჩვენებელი 2011 წლისთვის 20%-მდე გაზარდა.

2015 წლის ბირთვული შეთანხმების თანახმად კი, ირანი დათანხმდა ფორდოში ურანის გამდიდრების შეწყვეტას.

თუმცა 2019 წელს, პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა შეცვალა ეს გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ ობიექტზე განაახლებდნენ ურანის აირის შეყვანას ცენტრიფუგებში, რაც ფაქტობრივად, ბირთვული ობიექტის მუშაობის განახლებას ნიშნავდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, სათვალთვალო სისტემებისა და პერიოდული ინსპექტირების მეშვეობით ამ დრომდე აგრძელებს ირანის ბირთვული საქმიანობის მონიტორინგს.

2023 წლის იანვარში სააგენტოს მოულოდნელი ინსპექტირების დროს გამომჟღვანდა, რომ ფორდოში დაყენებული იყო ცენტრიფუგები, რაც ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრების საშუალებას იძლეოდა და რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგებოდა გაეროს სააგენტოსთან დადებულ თეირანის უსაფრთხოების შეთანხმებას.

„ირანმა, სააგენტოს წინასწარი ინფორმირების გარეშე, მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა ფორდოს ბირთვული საწვავის გამდიდრების ობიექტის (FFEP) დეკლარირებულ საპროექტო ინფორმაციაში. ეს ეწინააღმდეგება ირანის ვალდებულებებს მისი უსაფრთხოების შეთანხმების გათვალისწინებით” – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA-ს) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.

თეირანის ოფიციალური პირები მუდმივად აცხადებდნენ, რომ გამდიდრებული ურანი განკუთვნილია მშვიდობიანი, პირველ რიგში სამედიცინო მიზნებისთვის.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, ფორდო რჩება ირანის ურანის დაახლოებით 60%-მდე გამდიდრების ძირითად ობიექტად, რაც ბევრად აღემატება მშვიდობიანი მიზნებისთვის მიჩნეულ ნორმას და უფრო მეტად ახლოა იარაღის წარმოებისთვის საჭირო 90%-იან ნიშნულს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend