დანიის კუნძულ ფანოზე ფრანების მოყვარულები შეიკრიბნენ და დიდი სანახაობა მოაწყვეს. წლევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – მონაწილეები 2025 წელს ფრანების ფესტივალის დაარსებიდან 40 წლის იუბილესაც აღნიშნავენ.
დანიის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც ჩრდილოეთის ზღვა ატლანტის ოკეანეს უერთდება, კუნძული ფანო ცნობილია თავისი ფართო, თვალუწვდენელი პლაჟებით, სადაც სანაპირო ზოლის ქარები ისე ქრის, როგორც ეს ფრანების ყველაზე ლამაზ ფრენას სჭირდება. ეს ბუნებრივად მოწყობილი ადგილია, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი, ფრანით მორბენალთა ფესტივალი ტარდება.
„ძალიან გვიხარია, დღეს ფრანების ფესტივალის 40 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. თავდაპირველად, აქ მხოლოდ მოყვარულები ერთობოდნენ დღეს კი, ორმოცი წლის შემდეგ, ჩვენ ვართ მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანების მფრინავთა შეხვედრაზე, სადაც ყოველწლიურად, 5000-დან 6000-მდე ფრანების მფრინავი ჩამოდის“ – ამბობს პოლ თერკელსენი, ფრანების ფესტივალის ორგანიზატორი.
ამ დღის აღსანიშნად, ორგანიზატორებმა წამოიწყეს ინიციატივა „ინდონეზიიდან ფანომდე“ და მოიწვიეს ყველაზე ცნობილი ინდონეზიელი ფრანების შემქმნელები და მფრინავები, რათა მონაწილეობა მიეღოთ წლევანდელ პროგრამაში და გაეზიარებინათ თავიანთი საუკუნოვანი ტრადიციები გლობალურ ფრანების საზოგადოებასთან.
ფრანების დამზადების ინდონეზიური ტრადიცია თითქმის 4000 წელს ითვლის, რასაც მუნას კუნძულებზე აღმოჩენილი გამოქვაბულის მხატვრობა ადასტურებს.
„მთავარი მიზეზი, რატომაც ინდონეზიელი ფრანის მფრინავები მოვიწვიეთ, რა თქმა უნდა, არის ფრანების ფრენის ტრადიცია, რომელიც მათ მრავალი წლის განმავლობაში აქვთ. ასევე იმიტომ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, მათ გამოქვაბულში აღმოაჩინეს ფრანის ნახატი, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით 4000 წლისაა“ – პოლ თერკელსენი, ფრანების ფესტივალის ორგანიზატორი.
ინდონეზიაში ფრანებს ღრმა კულტურული და სულიერი მნიშვნელობა აქვთ. მაგალითად, კუნძულ ბალიზე ფრანის ფრენა წმინდა რიტუალია და ასევე, რელიგიური ცერემონიებისა და სეზონური ფესტივალების ნაწილი.
„ინდონეზიაში ფრანების კულტურა ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული. ფრანებს ხშირ შემთხვევაში რელიგიური და ძალიან დიდი სულიერი მნიშვნელობა ენიჭება. ფრანი არის დამაკავშირებელი გზა ღმერთამდე“ – ამბობს კადეკ არმიკა, ფრანების შემქმნელი ინდონეზიიდან.
ინდონეზიის თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი, გამორჩეული ფრანების სტილი, რომლებიც შთაგონებულია ადგილობრივი მითებითა და რწმენით. ძველად ფრანები ფოთლებისგან მზადდებოდა – რაც, შესაძლოა, მსოფლიოში უძველესი ფრანების შემქმნელების გამომგონებლობის დასტურია.
კვირის განმავლობაში ფესტივალი მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის ზვიგენის ფორმის ფრანების შეჯიბრებებს, თემატურ ფრენებს, როგორიცაა მთლიანად ვარდისფერი ან მრგვალი ფრანები. ასევე ტარდება პრაქტიკული სემინარები, რომლებსაც ინდონეზიელი ხელოსნები უძღვებიან როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
ფრანების ფესტივალზე მოყვარულები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან და რამდენიმე დღით კუნძულ ფანოს ცა ათასგვარი ფრანით ფერადდება.