ალი ხამენეის ლიკვიდაციის ბრძანება უკვე გაცემულია. აქამდე ირიბად ნათქვამს, ისრაელის თავდაცვის მინისტრი უკვე ღიადაც ადასტურებს და ამატებს, რომ ბირთვულ საფრთხესთან ბრძოლა, რეჟიმის მთავარი იდეოლოგის ცოცხლად ყოფნის პირობებში წარმოუდგენელია.
“ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს ამ ოპერაციის მიზნები. ესაა ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა და სარაკეტო თავდასხმების საფრთხის მოხსნა. ამასთან, ისრაელის შეიარაღებული ძალებმა მიიღეს ინსტრუქცია, რომ ამ მიზნების მიღწევისთვის ალი ხამენეიმ აბსოლუტურად უნდა შეწყვიტოს არსებობა. ვსაუბრობთ დიქტატორზე, რომელსაც აქვს იდეოლოგიური გავლენა და მას ისრაელის გასანადგურებლად იყენებს. ამისათვის კი დაიხმარს თავის ხალხს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან პერსონალურად გასცა საავადმყოფოზე დარტყმის ბრძანება”, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
საავადმყოფო, რომელზეც მინისტრი საუბრობს ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბეერ–შევაში მდებარეობს.
ირანიდან დღეს გაშვებული ასობით რაკეტიდან ერთ-ერთი სწორედ აქ აღმოჩნდა. თეირანში ხსნიან, რომ სამიზნე ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტი იყო. თელ–ავივს არ სჯერა.
65 დაზარალებულს შორის 3 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. მომხდარის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს სრული საფასურის გადახდით უკვე დაემუქრა. მანამდე, ოპერაციის დაწყებიდან ზუსტად 1 კვირის თავზე მთავრობის მეთაურმა ისრაელელ ხალხს მიმართა.
“ჩვენ წამოვიწყეთ ეს ოპერაცია ჩვენი სახელმწიფოსგან ორი მთავარი საფრთხის მოსაშორებლად. ესაა ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური საფრთხე. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ ამ მიზნებისკენ. უკვე ვაკონტროლებთ თეირანის ცას,უდიდესი ძალისხმევით ვუტევთ აიათოლას რეჟიმის ყველა სიმბოლოს – ბირთვულ შეიარაღებას, რაკეტებს, შტაბ-ბინებს. თბილი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან. მადლობა მინდა გადავუხადო დონალდ ტრამპს, ისრაელის უდიდეს მეგობარს. მადლობა გვერდში დგომისთვის”, – ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
Prime Minister Benjamin Netanyahu, at the Soroka Medical Center that was damaged due to missile fire from Iran:
“We are hitting with precision the targets of the nuclear and missile programs, and they’re hitting the children’s ward of a hospital. That tells you everything” pic.twitter.com/wT7bSqvFEO
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) June 19, 2025
ვაშინგტონისთვის მადლობა შემთხვევითი არაა. დასავლურ მედიაში წერენ, რომ დონალდ ტრამპს უკვე დამტკიცებული აქვს გეგმა, რომლითაც ისრაელთან ერთად ირანის ბირთვულ ობიექტებს უნდა დაარტყას.
ვიდრე მას მოქმედებაში მოიყვანს, აშშ-ი დაკვირვებას განაგრძობს. ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკული ბაზები შესაძლო თავდასხმისთვის მზადყოფნაში არიან.
“მე მაქვს გარკვეული იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავაკეთო, თუმცა ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. მე მიყვარს, როდესაც ფინალურ გადაწყვეტილებას მოქმედებამდე ერთი წამით ადრე ვიღებ, იმიტომ რომ რაღაცები იცვლება. განსაკუთრებით კი ომში. მე არ მინდა ამაში ჩაბმა, მაგრამ 20 წელია ვიმეორებ, რომ ირანს ვერ ექნება ბირთვული შეიარაღება. თავად კი რამდენიმე კვირა აშორებდათ მისი შექმნისგან. დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, ახლა ალბათ ისურვებდნენ,რომ ხელი მოეწერათ ამ სამართლიანი შეთანხმებისთვის, თუმცა ახლა ეს უფრო გართულდა”- პასუხობს ჟურნალისტებს დონალდ ტრამპი.
ვითარება ირანისთვის მართლაც გართულდა. დღეს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სამიზნეში თეირანის გარდა, ქალაქი არაქიც ამოიღო, სადაც მედიის ცნობით ირანს ე.წ. მძიმე წყლის რეაქტორი ჰქონდა განთავსებული. ეს ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმების ერთ-ერთი ბოლო წარმატებული ეპიზოდია ისრაელისთვის. ამჟამად რადიაციის რისკი არ არსებობს, წერენ ირანულ მედიაში.ადგილიდან ევაკუაციას დარტყმამდე მოხდა. არაქის ოპერაციის კადრები ცახალმა თავადვე გაავრცელა. იყო დარტყმები დასავლეთ ირანის სარაკეტო ბაზებზეც.მასში ისრაელის საჰაერო ძალების 20 თვითმფრინავი მონაწილეობდნენ.
ირანმა ისრაელსა და ამერიკას გუშინ უკვე შეუთვალა, რომ დანებებას არ აპირებს და მის წინააღმდეგ ამოქმედებული მუქარის გზავნილები მასზე არ მოქმედებს.
ქვეყანამ დიპლომატიური ხაზები აამოქმედა,მათ შორის დასავლელ ლიდერებთან კომუნიკაციის გზით. ქვეყნის საგარეო უწყებაშიი მეორებენ,რომ ირანს მხოლოდ თავდაცვითი მოტივები აქვს.
“ირანის ისლამური რესპუბლიკის მიზანი ამ დრომდე თავდაცვა იყო, სიონისტური რეჟიმის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მოწამეობრივი მკვლელობის საპასუხოდ. სხვაგვარი ახსნა უბრალოდ ტყუილია, მაგალითად ისეთი რომ ირანს იუდეველების სიკვდილი სურთ.ირანის სილამაზე და ღირსება იმაშია,რომ მიუხედავად სიონისტური რეჟიმის ბოროტებისა, არასოდეს მიგვიჩნევია ნეთანიაჰუ ან რეჟიმის სცვები ებრაელი ხალხის წარმომადგენლებად”, – აღნიშნავს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი,ისმაილ ბაგაი.
ირანიდან ევაკუაცია კი გრძელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება იქედან საკუთარი მოქალაქეები გამოიყვანონ. თავად ევაკუირებული ირანელები კი მეზობელი ქვეყნებისკენ მიემართებიან, მათ შორისაა სომხეთიც, რომლის საზღვართანაც ხალხმრავლობა შეინიშნება.