მთავარიაზიაღაზაისრაელი კვლავ ინტენსიურად ბომბავს ღაზას

ისრაელი კვლავ ინტენსიურად ბომბავს ღაზას

ისრაელი აგრძელებს სამხედრო ოპერაციას ღაზაში, სადაც კვლავ უწყვეტად ისმის აფეთქებების ხმა. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ქალაქ ხან-იუნისში, სადაც  ბოლო 24 საათში,  ქალაქის სამხრეთ ნაწილში მიტანილი იერიშების შედეგად, მხოლოდ „ნასერის“ საასაავადმყოფოში 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვი. დაჭრილია მინიმუმ 90 ადამიანი.

საავადმყოფოს ეზოში დაღუპულებს ახლობლები და ოჯახის წევრები გლოვობენ. მათ შორის არის პატარა აჰმედ აბუ რიზქი, რომელმაც მამა დაკარგა, ისრაელის მიერ მიტანილი მორიგი იერიშის შედეგად. ის მამის სიკვდილს თავად შეესწრო.

კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა „ალ-ყუდსის” საავადმყოფოში, სადაც 54-ზე მეტი დაჭრილი გადაიყვანეს. ისინი ღაზის სხვადასხვა უბანში მომხდარი აფეთქებების დროს დაშავდნენ. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში მთელი სექტორის მასშტაბით, საავადმყოფოებში გადაიყვანეს 560-მდე დაშავებული. ამავე წყაროს ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კი 144 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

უფლებადამცველთა განცხადებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაიწყო, უკვე ემსხვერპლა 55 300-ზე მეტი პალესტინელი. მათ შორის არიან ბავშვები.

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ის ზიანი, რაც ისრაელის შეტევებმა ღაზის სექტორს მოუტანა. ყურადღება დაეთმო განათლების სექტორსაც. ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში და ისრაელში შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმებმა ღაზის განათლების სისტემა პრაქტიკულად გაანადგურა — დაზიანებულია სკოლებისა და უნივერსიტეტების 90%-ზე მეტი.

„ჩვენი ანგარიშის მიხედვით,  ისრაელმა ფაქტობრივად გაანადგურა ღაზის განათლების სისტემა. სკოლებისა და უნივერსიტეტების 90 პროცენტზე მეტი გაანადგურებულია ან სერიოზულად დაზიანებული, რაც ქმნის პირობებს, რომ  ბავშვებისთვის განათლების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ეს თავდასხმები იყო ფართომასშტაბიანი და დაუნდობელი იერიშის ნაწილი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ, რომლის დროსაც ისრაელის ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, მათ შორის სამოქალაქო პირებზე მიზანმიმართული თავდასხმები, განზრახ მკვლელობები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ისრაელის თავდასხმებმა ღაზაში დააზიანა რელიგიური ობიექტებიც, რომლებიც თავშესაფარ ადგილებად გამოიყენებოდა და შედეგად ასობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაიღუპნენ”,  – აცხადებს ნავი პილაი, ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში და ისრაელში შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს კომისია ღიად საუბრობს ომის დანაშაულებზე, განზრახ მკვლელობებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, რაც შესაძლოა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში განსახილველი გახდეს.

გაერო  მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედოს და პასუხისმგებლობა  დაეკისროს როგორც კონკრეტულ პირებს ისე ბრძანების მიმცემ ხელმძღვანელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend