მთავარიმსოფლიოისრაელის და ირანის დაპირისპირების მე-6 დღე

ისრაელის და ირანის დაპირისპირების მე-6 დღე

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის მწვავე ესკალაციის ფონზე, თეირანში აფეთქებები მე-6 დღესაც გაისმა.

ისრაელის თვითმფრინავები ირანის დედაქალაქს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ. როგორც ვაშინგტონში დაფუძნებული ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფი აცხადებს, თავდასხმებს სულ მცირე 585 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა 1000-ზე მეტი.

მათი თქმით, დაღუპულთა შორის 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა.

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, ოპერაციაში 50-ზე მეტი გამანადგურებელი იყო ჩართული.

„გუშინ ღამით, საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა, დაზვერვის ზუსტი ხელმძღვანელობით, თეირანზე კიდევ ერთი იერიში განახორციელეს. ფართომასშტაბიან შეტევაში 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა მიიღო მონაწილეობა. ის 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა და შეტევების 3 ტალღას მოიცავდა. ოპერაციის დროს ჩვენ თავს დავესხით ცენტრიფუგების მწარმოებელ ობიექტს, რომელიც რეჟიმს ურანის გამდიდრების გაგრძელების და გაძლიერების საშუალებას მისცემდა. ეს არის დამატებითი ოპერაცია იმ წინა ოპერაციების სერიიდან, რომლებიც ბირთვული პროგრამის კომპონენტების დასაზიანებლად განვახორციელეთ“, – განაცხადა ეფი დეფრინმა, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ირანმაც. 18 ივნისის დილას რაკეტები შეინიშნებოდა იერუსალიმისა და თელ-ავივის ცაზე. ისრაელი აცხადებს, რომ ყველა რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

მიუხედავად ამისა, ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები აცხადებენ, რომ სარაკეტო თავდასხმების მე-11 ტალღა ისრაელის საჰაერო თავდაცვის „დასასრულის დასაწყისს“ წარმოადგენს.

ოპერაციის „ჭეშმარიტი დაპირება 3“-ის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იმან ტაჯიკმა აღნიშნა, რომ თავდასხმის ფარგლებში ირანმა „ფატაჰის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, რომელმაც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა წარმატებით გაარღვია და ამას შეერთებული შტატებისადმი მიძღვნილი გზავნილი უწოდა.

„დღეს ღამით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფარის გარღვევის შემდეგ, ფათიჰის მძლავრმა რაკეტებმა განმეორებით შეარყიეს მშიშარა სიონისტების თავშესაფრები. ამით ირანის სიძლიერის შესახებ გზავნილი გადაეცა თელ-ავივის ომის გამჩაღებელ მოკავშირეს, რომელიც ილუზიებსა და ცარიელ ფანტაზიებში იყო ჩაფლული.

განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმამ აჩვენა, რომ ჩვენ მივაღწიეთ სრულ დომინირებას ოკუპირებული ტერიტორიების ცაზე და რომ მათი მაცხოვრებლები ახლა ირანის სარაკეტო თავდასხმების წინაშე სრულიად დაუცველები არიან”, – განმარტა ირანის ოპერაციის “ჭეშმარიტი დაპირება 3”-ის სპიკერმა, იმან ტაჯიკმა.

როგორც CNN-ი იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის იდეის განხილვა შეწყვიტა და მსჯელობა დაპირისპირებაში ამერიკის საჰაერო ძალების ჩართვაზე დაიწყო.

ამ ვარაუდს ამყარებს, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებაც, სადაც იგი ირანს სრული და უპირობო კაპიტულაციისკენ მოუწოდებს.

„შეიძლება დავარტყათ, შეიძლება არა. ანუ, არავინ იცის, რას ვაპირებ. ამის თქმა შემიძლია – ირანს ბევრი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურს. მე მათ ვკითხე, რატომ არ დაიწყეს ჩემთნ მოლაპარაკებები აქამდე? – ამდენი სიკვდილი და ნგრევა. რატომ არ მომელაპარაკეთ ორი კვირის წინ? ამის გაკეთება შეიძლებოდა. ქვეყანას შეინარჩუნებდით. ძალიან სევდიანია ამის ყურება. მსგავსი არაფერი მინახავს. მე მათ ვეუბნებოდი, რაღაც უნდა ვქნათ, უნდა მოვილაპარაკოთ. ბოლო წუთს მითხრეს, რომ ამას არ გააკეთებდნენ და შემდეგ მათ თავს დაეხსნენ. ირანელები დამიკავშირდნენ. ვუთხარი რომ ძალიან გვიანია. ძალიან გვიანია სალაპარაკოდ. შეიძლება შევხვდეთ, არ ვიცი, დღევანდელ დღესა და ერთი კვირის წინანდელ ვითარებას შორის დიდი სხვაობაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ვაშინგტონისა და თელ-ავივის განცხადებებს დანებების თაობაზე ვიდეომიმართვით უპასუხა.

ირანის ლიდერმა დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების თაობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ, ვინც იცნობს ირანს და მის ისტორიას, „იციან, რომ ირანელები შესაბამისად პასუხობენ მუქარის ენას“.

“ირანი მტკიცედ დადგება თავსმოხვეული ომის წინააღმდეგ, ისევე როგორც თავსმოხვეული მშვიდობის წინააღმდეგ. ირანი არ დანებდება. ის სასჯელი, რომელიც ირანის სახელმწიფომ და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა მტრის მიმართ განახორციელეს და რის განხორციელებასაც გეგმავენ, მკაცრი სასჯელია. ამან მტერი დაასუსტა. ის ფაქტი, რომ მისი ამერიკელი მეგობრები მოდიან და საუბარს იწყებენ, ისრაელის სისუსტესა და უუნარობას ავლენს. დაემუქრეთ მას, ვისაც თქვენი მუქარის ეშინია. ირანის სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ მუქარის წინაშე არ შეშნდება. ირანისთვის დანებებისკენ მოწოდება გონივრული არ არის. ის ვინც იცნობს რეგიონს, ირანელ ხალხს და მის ისტორიას, ამას არასდროს იტყოდა. ამერიკის ჩარევა 100%-ით საკუთარი თავისთვის იქნება საზიანო. ზიანი, რომელსაც ის განიცდის, გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ის, რასაც შესაძლოა ირანი განიცდიდეს. ამერიკისთვის მიყენებული ზიანი, თუ ის სამხედრო გზით ჩაერთვება, უდავოდ გამოუსწორებელი იქნება”, – განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის ყოველდღიური თავდასხმების ფონზე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაღვივების საფრთხის გამო შიშობს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend