მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარი„ირანი საფრთხეა მთელი რეგიონისთვის” - ისრაელის ელჩის ინტერვიუ ევრონიუს ჯორჯიასთან

„ირანი საფრთხეა მთელი რეგიონისთვის” – ისრაელის ელჩის ინტერვიუ ევრონიუს ჯორჯიასთან

როგორ გამოიყურება ახლო აღმოსავლეთის მომავალი ირან-ისრაელის კონფლიქტის ფონზე? რატომ გახსნა ისრაელმა ახალი ფრონტი და რა ამოცანა დგას ცახალის წინაშე.

ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადისი ევრონიუს ჯორჯიას შეკითხვებს პასუხობს.

ქალბატონო ელჩო, მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. ვიდრე ვსაუბრობთ, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კრიტიკულ წერტილს აღწევს. ღაზაში ომის ფონზე, ცოტა თუ ელოდა, რომ ისრაელი ახალ კონფლიქტში ჩაერთვებოდა. რატომ ახლა?

პირველ რიგში მადლობა. მიხარია, რომ კვლავ ევრონიუსის სტუმარი ვარ. რატომ ახლა? იმიტომ, რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ირანის ბირთვულო თუ ბალისტიკური პოტენციალის ბოლო განვითარება სხვა გზას არ გვიტოვებს. ისრაელის მიერ მიღებული ზომების გარეშე, ჩვენ აღმოვჩნდებოდით იმ რეალობაში, სადაც ირანს ბირთვული შეიარაღება აქვს და ეს იქნებოდა საფრთხე არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, მსოფლიოსთვის. თუ სიღრმეებში შევალთ გეტყვით, რომ ბირთვული და ბალისტიკური შესაძლებლობები შემდეგ ელემენტებს მოიცავს: იმისათვის, რომ ბირთვულ ბომბს ფლობდე, უნდა გაგაჩნდეს გამდიდრებული ურანი. ირანმა კი ურანი 60 %-ით გაამდიდრა, რითაც 9 ატომური ბომბის წარმოებაა შესაძლებელი. არსებობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბოლო კვლევა, რომლითაც მათ მკაფიოდ განსაზღვრეს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას  არ აქვს სამშვიდობო მიზნები.

ეს ნამდვილად არ გამოიყურება ისე, როგორც სამოქალაქო ატომური ენერგიის პროგრამა., მეორე ასპექტი შეიარაღებაში მდგომარეობს.  კერძოდ ირანს შესაძლოა გაუჩნდეს შესაძლებლობა ურანით აღჭურვოს რაკეტები. სწორედ ეს იყო ძალიან საშიში განვითარება ბოლო თვეებში, რამაც მიგვიყვანა იმ გაგებამდე, რომ სწრაფად უნდა გვემოქმედა. ამიტომაც მივიღეთ შესაბამისი ზომები. რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტას, რაც კონვენციური საფრთხეა – ყოველთვიურად ირანი აწარმოებს   30 ბალისტიკური რაკეტას, მის მიზანია პროდუქცია კიდევ უფრო გაზარდოს – თვეში 300 ბალისტიკურ რაკეტამდე. ეს კი წლიურად 3 600 რაკეტაა. ამ მოცემულობის გამო, როდესაც არის ქვეყანა, რომელიც არა უბრალოდ აწარმოებს, არამედ მოიხმარს ამ შეიარაღებას – აქტიური თავდაცვის გადაწყვეტილებამდე მივედით. უნდა ვიმოქმედებთ ახლა, რათა სასტიკად გავანადგუროთ ირანის ბირთვული და ბალისტიკური შესაძლებლობები.

ამბობთ, რომ ოპერაცია “შემართული ლომი” ცალსახად თავდაცვითი ნაბიჯია, რათა ისრაელმა თავიდან აირიდოს ბირთვული საფრთხე რეგიონის არასანდო აქტორის მხრიდან. მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებაც, კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს ისრაელის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც რეგიონში ირანის შესუსტებას ემსახურება. მათთვის, ბირთვულ საფრთხეზე საუბარი რეალური მიზნის გადაფარვის მცდელობას ჰგავს. ასეა?

ვფიქრობ, ეს კრიტიკოსები კარგად ვერ იაზრებენ თუ რას წარმოადგენს ირანი  სინამდვილეში. პირველ რიგში დიახ, ჩვენ დავასუსტეთ ირანი 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც “ჰამასი” სასტიკად დაესხა თავს ისრაელს. მათ სწორედ ირანი უჭერდა მხარს, ისრაელმა კი “ჰამასის” საშინელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ თავდაცვითი მოტივებით იხელმძღვანელა. ჩვენ ვიმოქმედეთ არა მხოლოდ “ჰამასის” წინააღმდეგ, არამედ “ჰეზბოლას” წინააღმდეგაც, რომელიც ირანის მიერ მართული ძალაა და ის დრამატულად შევასუსტეთ. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ირანმა კონტროლი დაკარგა სირიაზე, ახლა ის აღარაა ირანის სრული კონტროლის ქვეშ. ირანი არ არის შესაძლო საფრთხე, ირანი საფრთხეა ახლო აღმოსავლეთისთვის.

ქაოსის, ტერორის, მავნე ქმედებების უკან მუდამ ირანი დგას. ჩვენ წამოვიწყეთ ეს ოპერაცია იმის გაცნობიერებით, რომ ირანი მსოფლიოში ტერორიზმის უმსხვილესი სპონსორია, ამასთან დრამატულად აძლიერებს ძალისხმევას, რათა შექმნას ატომური ბომბი. და ეს თავდაცვაა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემს წინაშეა ქვეყანა, რომლის ხელმძღვანელობაც გამუდმებით მემუქრება და საუბრობს ჩემს განადგურებაზე. ამასთან, აფინანსებს, წვრთნის და ხელმძღვანელობს მავნე ტერორისტულ ჯგუფებს მთელს რეგიონში. ამას იმიტომ აკეთებს, რომ მათ ჩემი მოქალაქეების წინააღმდეგ იმოქმედონ. ამასთან,  უახლოვდება ბირთვული იარაღის შექმნას – ეს ჩვენი მხრიდან თავდაცვითი აქტია და არა მგონია, რომ მხოლოდ ჩვენი გაგებით იყოს ასე. შეგიძლიათ ნახოთ დიდი შვიდეულისა თუ  ევროკავშირის განცხადება, ყველა საუბრობს ისრაელის უფლებაზე დაიცვას თავი.

რაც შეეხება ბირთვულ საფრთხეს, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო ამგვარი საფრთხისგან თავის დასაცავად. მაგრამ შეუძლია ისრაელს გასცეს იმის გარანტია, რომ ეს ოპერაცია საბოლოოდ, ახალ რადიოლოგიურ კატასტროფასა ან კრიზისს არ გამოიწვევს? რადგან დარტყმები სწორედ ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება. საქართველო არც ისე შორსაა ირანისგან, ასე რომ, ასეთი კითხვები საზოგადოებაში ისმის.

შესანიშნავი კითხვაა და მიხარია, რომ ეს საკითხიც წამოწიეთ. პასუხია: არა! და ამას არ გეუბნებით უბრალოდ მე, ჰადასი. თუ გადახედავთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, მარიო გროსის განცხადებას, ნახავთ, რომ სიტუაციის მონიტორინგი მიმდინარეობს. ამის ფიზიკურად ახსნა ამ წუთას გამიჭირდება, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ არსებითად განსხვავებულ სახის ობიექტებსა და რადიოლოგიაზე, შესაბამისად, მაღალი დაბინძურების რისკი, როგორიც მსოფლიოს სხვა ადგილებში გვინახავს, არ არსებობს.

არ არსებობს რისკი ახლა, მაგრამ მომავალიში?

არა ! იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით,რაც მე გამაჩნია ამის რისკი არ არსებობს. მაგრამ სხვა რამის თქმა შემიძლია, მაგალითად, იმის, რომ ირანის ბირთვული შესაძლებლობებისგან საქართველოს გაცილებით მეტი საფრთხე ემუქრება. ირანი არაა მხოლოდ ისრაელის პრობლემა, ჩვენ ვნახეთ ირანის ჩართულობა უკრაინაში, მისი მხარდაჭერა რუსეთის მიმართ, შეიარაღების ნაწილი, რომლებსაც უკრაინაში ხედავთ, ირანულია. ირანი არ არის მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის პრობლემა, ირანი საფრთხეა რეგიონისთვის მათ შორის მსოფლიოს ამ ნაწილისთვის.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა სულ ახლახან შეგვახსენა სადამ ჰუსეინის ბედისწერა, მოგვიანებით ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც არ გამორიცხა ირანის სულიერი ლიდერის მკვლელობა. უკვე ახლა ვხედავთ დონალდ ტრამპის მოწოდებებს ირანის მისამართით უპირობო დანებებაზე, იმის მინიშნებით რომ იცის თუ სად იმყოფება ალი ხამენეი, თუმცა ჯერ არ აპირებს მის მოკვლას. რა არის ეს? ეს სცენარი მართლაც განიხილება? და თუ ასეა, ხომ არ მიგვიყვანს ეს უფრო ფართო რეგიონულ არასტაბილურობამდე? რადგან თქვენს სამეზობლოში არსებულმა მუსლიმურმა ქვეყნებმა შესაძლოა ამაზე რეაგირება მოინდომონ…

ამ ოპერაციის მიზანი ძალიან ნათელია. ჩვენ უნდა მივაყენოთ სასტიკი ზიანი ირანის შესაძლებლობებს, ბირთვული თუ ბალისტიკური მიმართულებებით. ასევე ვსაუბრობთ იმგვარი პირობების შექმნაზე, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის სრულ აღმოფხვრას მოემსახურება. ეს არ ნიშნავს მხოლოდ კინეტიკურ გამოსავალს, მაგრამ ვსაუბრობთ ყველასათვის იმგვარი პირობების შექმნაზე, რომ გავათავისუფლოთ მსოფლიო ამ პრობლემისგან. თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს არ დავეთანხმები.  მიუხედავად იმ საჯარო განცხადებებისა, რომლითაც რეგიონის ქვეყნები გმობენ ისრაელის ქმედებებს, მე ვფიქრობ, რომ  მათი დიდი ნაწილი ბედნიერი და ნასიამოვნებია იმით, რასაც ახლა ისრაელი აკეთებს. რადგან ბირთვული ირანი მხოლოდ ჩვენ არ გვადარდებს, ეს რეგიონს, არაბულ ქვეყნებსაც ადარდებთ, რომლებიც ასეთ პერსპექტივაში საფრთხეს ხედავენ.

მე იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორ მოვიდა ირანის ამჟამინდელი ხელისუფლება სათავეში და რა გზებით შეინარჩუნა მან ძალაუფლება ათწლეულების განმავლობაში, ალი ხამენეი მილიონობით მუსლიმისა და ირანელისთვის სულიერ ლიდერად რჩება.

გავიმეორებ, რომ ოპერაციის ფარგლებში ჩვენი საჰაერო ძალები ირანში ჩვენს სამიზნეებს ძალიან ზუსტად ურტყამენ. ასევე ძალიან ზუსტია იერიშები იმ ადგილებზე, რომლებიც თითქოს სამოქალაქო სივრცეებად განიხილება, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. ყველაფერი რასაც ვუტევთ დაკავშირებულია ირანის ბირთვულ პროგრამასთან ან ბალისტიკური რაკეტების ინდუსტრიასთან.

ისრაელის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა, ტერორიზმის დაფინანსება, ბირთვული ამბიციები – ეს იმ მიზეზების ნაწილია, რის გამოც თვლიან, რომ ირანს ბირთვული შეიარაღება არ უნდა ჰქონდეს. შეგიძლიათ უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რატომ არ უნდა ჰქონდეს ირანს ბირთვული შესაძლებლობა?

მოდით ვთქვათ, თუ რას ნიშნავს იყო ტერორიზმის უმსხვილესი სპონსორი. ეს ნიშნავს, რომ ირანი დგას ყველაზე თანამედროვე და დახვეწილი იარაღით აღჭურვის, დაფინანსების, წვრთნის, კონტრაბანდით მომარაგების უკან ისეთი ჯგუფებისთვის, როგორიცაა ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასი”, აგრეთვე “ჰუსიტებისთვის”,რომლებიც იემენში ძალიან მნიშვნელოვანი საზღვაო და სავაჭრო გზის ტერორიზებას ახდენენ. საიდან აქვთ “ჰუსიტებს” ბალისტიკური რაკეტები?  ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც ათწლეულია სამოქალაქო ომშია და სიღარიბით იტანჯება, ამ დროს “ჰუსიტები” ასეთი დახვეწილ, შორ მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ შეიარაღებას ფლობენ? იმავეს ვხედავთ სირიაში, ვხედავთ იმავეს “ჰესბოლას” შემთხვევაშიც. ჩვენ ვხედავთ ლიბანს, ერთ დროს ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ ქვეყანას, რომელიც ბოლო სამი ათწლეულია დაღმასვლას განიცდის “ჰესბოლას” გამო. ასე რომ, როდესაც მე ვსაუბრობ ირანზე, მე არ ვსაუბრობ უბრალოდ სურვილსა და რიტორიკაზე, ვსაუბრობს ქვეყანაზე, რომელიც საკუთარი ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს დებს ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებაში, მთელს ახლო აღმოსავლეთში.  ვსაუბრობთ იმ ქვეყანაზე, რომელიც ბალისტიკური რაკეტების უდიდეს არსენალს აწარმოებს. ირანის ბალისტიკური რაკეტის დიაპაზონი ოთხიათას კილომეტრზეა გათვლილი, საქართველოსა და ირანს შორის მანძილი 1000 კილომეტრზე ნაკლებია. ისრაელი კი 1500 კილომეტრითაა მისგან დაშორებული. რაში სჭირდება მას ოთხიათასი კილომეტრის მანძილზე მოქმედი ბალისტიკური  რაკეტები? ეს იგივეა, რომ გქონდეს ასაფეთქებლებით სავსე ერთი ან ორი ავტობუსი შენს სამეზობლოში. ამაზე ვსაუბრობთ. როდესაც ქვეყანა აქტიურადაა ჩართული ტერორიზმში და ასეთ საშიშ კონვენციურ შესაძლებლობას ავითარებს, პარალელურად ლო კი დაჩქარებულად მუშაობს ბირთვულ ბომბზე – ამას ნამდვილად ვერ მივიღებთ. ბევრი ქვეყნის მხარდაჭერა გასაგებს ხდის, თუ რატომ უნდა შევაჩეროთ ირანი. ჩვენ ვნახეთ არაერთი მოლაპარაკება და დიპლომატიური გადაწყვეტის მცდელობა,რასაც მივესალმებით,მაგრამ როდესაც ფაქტია, რომ ირანი ცდილობს დიპლომატია დროის მოგებისთვის გამოიყენოს , ამას დიდი ხანი ვერ ვუყურებთ. ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

თქვენი ქვეყანა ამჟამად დიდი გამოწვევების წინაშე დგას. შეგიძლიათ ბოლო სიახლეები გაგვაცნოთ ისრაელიდან? რა ვითარებაა ადგილზე?

ისრაელში ახლა  რთული მდგომარეობაა, ამ დროისთვის გვყავს 24 გარდაცვლილი, რომლებიც ირანის რაკეტებს ემსხვერპლნენ. ჩვენ ვუტევთ სამხედრო სამიზნეებს, ძალიან მაღალი ხარისხის სადაზვერვო ინფორმაციისა და შესრულების შედეგად, ძალიან ზუსტი დარტყმები მიგვაქვს. ჩვენგან განსხვავებით კი ირანი უტევს მოსახლეობას. ირანი ბალისტიკურ რაკეტებს განურჩევლად ისვრის მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებში. მსხვერპლს შორის არიან მოხუცები, დედა და ორი შვილი, რომლებიც შეტევის პირველ ღამეს დაიღუპნენ. ამასთან,  შემიძლია გითხრათ, რომ ისრაელი ერთიანია და ხალხს ესმის ამ ოპერაციის საჭიროება. გვაქვს თავშესაფრები, მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლებებები აკეთებენ ყველაფერს, რომ მოქალაქეები უზრუნველყონ უსაფრთხო თავშესაფრით. მათ იციან თუ რატომ ვაკეთებთ ახლა იმას, რასაც ვაკეთებთ. წინააღდმეგ შემთხვევაში ძალიან ახლო მომავალში ჩვენ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

როგორ ხედავთ რეგიონში სამომავლო მშვიდობის პერსპექტივას?

ვფიქრობ, მსოფლიო იმგვარი ირანის გარეშე, რომელიც აფინანსებს ქაოსსა და ტერორიზმს, რეგიონისთვის კარგი სიახლე იქნება. ეს ასახვას ჰპოვებს ყველაფერზე ამ რეგიონში. ეს არ ეხება ირანელ ხალხს, ჩვენ არ გვაქვს მათთან განხეთქილება. თუ ერთ დღეს აიათოლას რეჟიმი გადაწყვეტს, რომ შეაჩეროს მასიური განადგურების იარაღის განვითარება და ტერორიზმის მხარდაჭერა, ახლო აღმოსავლეთი რადიკალურად შეიცვლება.

-ქალბატონო ელჩო, მადლობა ინტერვიუსთვის.

-მადლობა თქვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend