15 ივნისს ბონის საოპერო თეატრში გია ყანჩელის ერთადერთი ოპერის, სახელწოდებით “… და არს მუსიკა” მესამე სასცენო დადგმის პრემიერა გაიმართა. ოპერა პირველად 1984 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა რობერტ სტურუას რეჟისორობით, სცენოგრაფი გოგი ალექსი-მესხიშვილი გახლდათ, დირიჟორი კი ჯანსუღ კახიძე. მოგვიანებით, 1999 წელს, ოპერა უკვე მეორედ დაიდგა გერმანიაში, კერძოდ ვაიმარის საოპერო თეატრში და ამის შემდეგ ის საოპერო სცენიდან გაქრა.
ამჟამად, 26-წლიანი პაუზის შემდეგ, ყანჩელის ოპერა უკვე მესამედ დაიდგა ისევ გერმანიაში, ქალაქ ბონში. მისი დამდგმელი რეჟისორი მაქსიმ დიდენკოა, დამდგმელი დირიჟორი კი- დანიელ იოჰანეს მაიერი.
“და არს მუსიკა…” ამჯერად მასშტაბური გერმანული პროექტის “ოპუს 33”-ის ფარგლებში დაიდგა. ესაა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც იკვლევს გერმანიაში დადგმული საოპერო ნაწარმოებების სცენიდან გაქრობის მიზეზებს და მიზნად ისახავს მათ ახალ სასცენო ხორცშესხმას.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროექტის შესახებ ისაუბრეს მუსიკისმცოდნეობის დოქტორმა, გია ყანჩელის ოპერის შესახებ დისერტაციის ავტორმა ნათია დეკანოსიძემ და რეჟისორმა მაქსიმ დიდენკომ.