თეირანის გარეუბნები ნელნელა ცარიელდება, მაღაზიები დაიკეტა. ბენზინგასამართი სადგურები მომხმარებლების მომსახურებას ვერ აუდიან. ეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის დედაქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდეს. გაფრთხილება იმანაც გაამწვავა, რომ დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის შეხვედრა ნაადრევად დატოვა, რათა უშიშროების საბჭოს სხდომა მოეწვია. ევროკავშირმა კი საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
ყველაფერთან ერთად აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რეგიონში დამატებითი ძალების გაგზავნის ბრძანება გასცა. მედია წერს, რომ მათ შორისაა F-22 და F-35 ტიპის ავიიაგამანადგურებლები, რომლებსაც გეზი ამერიკული ბაზებისკენ უკვე აღებული აქვთ. პიტ ჰეგსეტის განმარტებით, ეს ადგილზე ამერიკული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის კეთდება. დონალდ ტრამპი კი მოლაპარაკებების ხასიათზე აღარაა. პრეზიდენტი უმეორებს ირანს, რომ შეზღუდოს საკუთარი ბირთვული პროგრამა, სანამ გვიანი არ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ თეირანი ან უარს იტყვის ბირთვულ პროგრამაზე, ან საკუთარ თავზე ამერიკის რისხვას იწვნევს. მანამდე დონალდ ტრამპმა ირანს მოფიქრებისთვის 60 დღე მისცა, ამასთან მისმა დელეგაციამ ირანელ კოლეგებთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების 5 რაუნდიც კი გამართა. ”თუ მათ დალაპარაკება სურთ, იციან როგორ დამიკავშირდენ” დაწერა ტრამპმა, მოგვიანებით კი თქვა:
“მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი მათთან. ვეუბნებოდი,რომ მიეღწიათ შეთანხმებისთვის. მათ ეს უნდა გაეკეთებინათ. შედეგად ქალაქები ინგრევა, უამრავი ადამიანი კვდება. ისინი უნდა დამთანხმებოდნენ. ახლა მოლაპარაკებების ხასიათზე აღარ ვარ. ახლა ბევრი ცუდი რამ ხდება, თეირანს ევაკუაციისკენ მოვუწოდე, რადგან ეს უსაფრთხოა. მე არ მითქვამს, რომ დიდი შვიდეულის სამიტს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით ვტოვებდი, ეს ემანუელ მაკრონმა თქვა, კარგმა ბიჭმა, რომელიც ზოგჯერ რაღაცებს ვერ იგებს. ცეცხლის შეწყვეტაზე უკეთესი რამ მსურს. ამ ყველაფრის დასასრული, საბოლოო დანებება. ეს შესაძლებელია. ირანმა იცის, რომ ვერ ექნება ბირთვული იარაღი, ეს ძალიან მარტივია, სიღრმეები არაა საჭირო, ვერ ექნებათ. იციან ისიც, რომ ჩვენს ჯარებს არ უნდა შეეხონ” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ნათელია, რომ ახლო აღმოსავლეთი მორიგი მასშტაბური კონფლიქტის ზღურბლზეა. საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ირან-ისრაელის დაპირისპირების მეხუთე დღეს უკან დახევის ნიშნებს არცერთი მხარე არ აჩვენებს. მეტიც, ისრაელმა ირანზე საჰაერო თავდასხმების მასშტაბი გაზარდა. ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტების ნაწილი უკვე განადგურებულია, თუმცა “ცახალს” სამუშაო რჩება ფორდოში,სადაც მათივე ინფორმაციით ურანის გამდიდრება აქტიურად მიმდინარეობს. თელ-ავივში აცხადებენ, რომ თუ ირანიდან მომავალ ბირთვულ საფრთხეს დღესვე არ მოხსნიან, ხვალ უკვე გვიანი იქნება.
“ ეს სიმსივნესავითაა, რომელიც მოგკლავს, ის უნდა მოიშორო, გაიარო მკურნალობა, შესაძლოა ერთ დღეს დაგიბრუნდეს, მაგრამ მჯერა მოვახერხებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში იყოს ჩვენგან შორს. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ არ გავჩერდებით. ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს. ჩვენ ვცვლით ახლო აღმოსავლეთის სახეს და ამას შეუძლია მოიტანოს კიდევ უფრო დიდი ცვლილებები თავად ირანისთვის” – ამბობს ისრაელის პრემიერ- მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ცნობილი ხდება კიდევ ერთი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ. ალი შადმანი იმ ათობით მოკლულ გენერალს შორისაა, რომლებიც ბოლო 5 დღეში ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნეში მოხვდა. ირანის გენერალური შტაბის ხელმძღვანელად ის რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, თეირანი მორიგ შემცვლელს ეძებს.
“ ოპერაცია “ამომავალი ლომის” მიზნები სრულდება. ამ დილით ჩვენ ირანის გენერალური შტაბის უფროსის ლიკვიდაცია მოვახდინეთ, ოპერაციის საწყის ფაზაშივე. ჯერ კიდევ უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ჩამნაცვლებელს. ვინც არ უნდა იყოს ის, რეკომენდაციას მივცემდი, რომ ძალიან ფრთხილად იყოს” – აღნიშნავს გიდეონ საარი, ისრაელის საგარეო უწყების ხელმღვანელი.
ამ დრომდე წინააღმდეგობის გაწევას ირანი ისრაელისკენ ნასროლი 400-მდე რაკეტითა და ასობით დრონით ცდილობს. ისრაელში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა. ირანის სარაკეტო იერიშებს 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 500. ბოლო ცნობებით ირანის ახალი სამიზნე, ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული საჰაერო განგაშის სიგნალის აპარატებია. ირანული რაკეტების კვალი დროდადრო იერუსალიმის ცაზეც ჩნდება.
ირანული მედიის ცნობით იყო დარტყმა ისრაელის სამხედრო დაზვერვის შენობასა და მოსადის შტაბ-ბინაზე, თუმცა ინფორმაცია არ დასტურდება თავად ისრაელის მხრიდან. მაუწყებლობა აღადგინა ირანის მთავარმა ტელევიზიამ, რომელიც გუშინ “ცახალის” სამიზნეებს შორის აღმოჩნდა.
“ღვთის წყალობით, ჩვენი სამხედრო მეთაურების ნაბიჯებითა და ჩვენი მეთაურებით სიმართლის ხმა კვლავაც ისმის და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას”- თქვა ირანის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა, საჰარ ემამიმ, რომელსაც გუშინ ეთერის შეწყვეტა, ტელევიზიის შენობაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის გამო მოუხდა.
სამხედროსთან ერთად, ირანი და ისრაელი მუქარას ცვლიან პოლიტიკურ დონეზეც. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის სასულიერო ლიდერს, ალი ხამენეის სადამ ჰუსეინის ბედი შეახსენა. ნეთანიაჰუმ კი “ეიბისისთან” ინტერვიუში არ გამორიცხა მისი ლიკვიდაციაც. მისი თქმით ეს არ გამოიწვევს კონფლიქტის ესკალაციას და პირიქით მას დაასრულებს.