მთავარიმსოფლიოკონფლიქტის მეოთხე დღე - ისრაელი ბრძოლას გეგმავს „საბოლოო მიზნის მიღწევამდე“

კონფლიქტის მეოთხე დღე – ისრაელი ბრძოლას გეგმავს „საბოლოო მიზნის მიღწევამდე“

24 დაღუპული და 600-ზე მეტი დაჭრილი – ასეთია ბოლო ოფიციალური მონაცემები ისრაელიდან. ფართომასშტაბიანი კონფლიქტის მეოთხე ღამეც ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის რთული აღმოჩნდა.

მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაშის ხმა ისრაელის თითქმის ყველა რეგიონში ისმოდა, რაც მოსახლეობისთვის ქვეყანაზე ირანის ბალისტიკური რაკეტებით შეტევის ახალი ტალღის დაწყების მაუწყებელი იყო. „რკინის გუმბათის“ სისტემამ ისრაელის ყველა ქალაქი სრულად ვერ დაიცვა. ირანის რაკეტების კვალი უფრო მკაფიოდ გათენებისას გამოჩნდა.

„ახლა, კონკრეტულად ამ ადგილას 30-ზე მეტი, დაახლოებით 40-მდე დაშავებული გვყავს. მათი მდგომარეობა განსხვავებულია, ძირითადად მსუბუქად არიან დაშავებულები, რადგან უსაფრთხოების ძალების მითითებებს უსმენდნენ. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ 3 პირია დაღუპული. ეს რიცხვი შეიძლება შეიცვალოს.“ – განაცხადა ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა, დინ ელსდანმა.

ირანის კონტრშეტევებზე პასუხმა არ დააყოვნა თელ-ავივიდანაც. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, მათ მოწინააღმდეგის სარაკეტო გამშვების მესამედი გაანადგურეს.

„ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეირანის საჰაერო სივრცეში სრულ უპირატესობას მივაღწიეთ. რეალურ დროში ვანადგურებთ ირანულ ქსელებს, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოსა და ჩვენი სამხედრო თვითმფრინავების მისამართით რაკეტებს უშვებენ. ღამის განმავლობაში ისრაელის შუაგულში ჩვენ რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე მასშტაბურად მივიტანეთ იერიში. ამ შეტევაში მონაწილეობდა 50-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და განადგურდა 120-ზე მეტი სამიზნე. კვირა საღამოს 20-ზე მეტი „ხმელეთი-ხმელეთის“ კლასის რაკეტა მანამდე განადგურდა, სანამ მათ ისრაელის ტერიტორიისკენ გაუშვებდნენ.“ – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, გენერალმა ეფი დეფრინმა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 224 დაღუპულსა და 1500-მდე დაჭრილზე იუწყება. თეირანის თანახმად, მოკლულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია, თუმცა თელ-ავივი ისლამური რესპუბლიკის ცნობებს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ისრაელის სამიზნე მხოლოდ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაა. თეირანის მოსახლეობას პლატფორმა X-დან მიმართა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

„მსურს განვმარტო აშკარა რამ: არ არსებობს განზრახვა, ფიზიკური ზიანი მივაყენოთ თეირანის მოსახლეობას, როგორც ამას მკვლელი დიქტატორი აკეთებს ისრაელის მოსახლეობის წინააღმდეგ. თეირანის მცხოვრებლები იძულებულები იქნებიან, გადაიხადონ დიქტატურის ფასი. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მცხოვრებლების დაცვას.“ – დაწერა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ახლო აღმოსავლეთში მზარდი ესკალაციის ფონზე, დასავლელი ლიდერები მხარეებს დიპლომატიისკენ მოუწოდებენ. ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც თანხმდებიან, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ინდოეთ-პაკისტანის მსგავსი შეთანხმება თეირანსა და თელ-ავივს შორისაც გაფორმდება. სატელეფონო საუბრისას, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები განიხილეს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმაც. კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ირანის მშვიდობიან მოსახლეობაზე ისრაელის თავდასხმებს „გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა“ უწოდა.

„ვიმედოვნებ, შეთანხმება შედგება. ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევის დრო დადგა. შევხედავთ, რა მოხდება, თუმცა ზოგჯერ მხარეებს ბრძოლა უწევთ. ამის მიუხედავად, შევხედავთ რა მოხდება, მაგრამ შეთანხმებისთვის კარგი შანსი არსებობს.“ – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით ირანზე ისრაელის მიერ განხორციელებულ შეტევასა და ირანის პასუხებს. ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და დავუდასტურე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გზაზე ევროპის ერთგულება. ამ კონტექსტში, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. ირანი რეგიონული არასტაბილურობის ძირითადი წყაროა და ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას. ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ჩვენ განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამდით. ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის ხანგრძლივი მოგვარების ერთ-ერთ საუკეთესო გზად კვლავ დიპლომატიური მოლაპარაკებები რჩება. ევროპაც ამისთვის მზადაა და ჩვენ მზად ვართ როგორც ჩვენს რეგიონულ, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. ყურადღებით ვიქნებით საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით. ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მზად ვართ თანამოაზრეებთან ვიმუშაოთ და ამის თაობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ვესაუბრე. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აშკარად აჩვენა ურთიერთკავშირები ერთი მხრივ, ევროპაში, ხოლო, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს შორის. ირანში წარმოებულ და აწყობილ დრონებსა და ბალისტიკურ რაკეტებს დარტყმები მიაქვთ უკრაინისა და ისრაელის ქალაქებზე. ამიტომ, ეს საფრთხეები ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ“. – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ვიდრე დასავლეთი კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებაზე საუბრობს, ირანის სახელმწიფო მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თეირანი „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებიდან“ გასვლაზე მუშაობს.

ირანის დიპლომატიური უწყების პრესმდივნის, ესმაილ ბაგაის თანახმად, ეს ირანზე ისრაელის იერიშებისა და დასავლეთის მხარდაჭერილი აგრესიის პასუხია. ამ განცხადების მიუხედავად, ის ამბობს, რომ ირანი კვლავ დარჩება მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის წინააღმდეგი.

ეს აგრესიული აქტია – ჩემს ნათქვამს არც რაიმეს ვაჭარბებ, არც ვაკლებ. აგრესიის სამხედრო გამოხატულება არანაირად არ უნდა იქნას გამართლებული. სიონისტური რეჟიმის მოქმედებები არაფერია, თუ არა აგრესიული აქტი. არსებულ მოცემულობაში ნებისმიერი საუბარი მოლაპარაკებებზე აზრს მოკლებულია. როგორც უკვე ვთქვი, უნდა არსებობდეს მკაფიო პოზიცია. აშშ, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ვალდებულია, აღიაროს ეს აგრესია და დაგმოს ის. ირანის ისლამური რესპუბლიკა თვლის, რომ მასობრივი განადგურების ყველა იარაღი, მათ შორის ბირთვული, მისი სწავლებისა და რწმენის საწინააღმდეგოა. ისრაელის რეჟიმის ყველა ოფიციალური პირის განცხადების მიუხედავად, მათი თავდასხმის სამიზნედ იქცა საცხოვრებელი შენობები, ასევე საავადმყოფოები. უდანაშაულო ხალხი დაიხოცა.“ – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ.

13 ივნისს ურანის გამამდიდრებელი ნათანზის ობიექტის დაზიანების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ რადიაცია ნორმის ფარგლებშია და მსოფლიოს ახალი ეკოლოგიური კატასტროფა არ ემუქრება.

„ირანის ხელისუფლებასა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა მნიშვნელოვანია. ასეთ რთულ გარემოებაში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ირანის ხელისუფლებას შორის ობიექტების მდგომარეობის შესახებ ტექნიკური ინფორმაცია დროულად იყოს გაცვლილი. ეს ინფორმაცია აუცილებელია თქვენი, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვისა და ირანში ნებისმიერი სახის საგანგებო სიტუაციის აღმოსაფხვრელად. სამხედრო ესკალაცია საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლეს, ზრდის რადიაციული გამოსხივების ალბათობას, რაც თავის მხრივ, სერიოზული გართულებების მომტანია, ადამიანებისა და გარემოსთვის. ასევე, ეს აფერხებს აუცილებელ დიპლომატიურ სამუშაოებს გარანტიების მისაღებად, რომ ირანი არ შეიძენს ბირთვულ იარაღებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიზნებისა და მისი განკარგულების თანახმად, ყველა მხარეს მოვუწოდებ, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ვითარების კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად“. – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ მარიანო გროსმა.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული საფრთხეებისა და ირანსა და ისრაელს შორის მზარდი სამხედრო ესკალაციის გათვალისწინებით, თეირანი სამოქალაქო ავიაციისთვის კვლავ დახურული რჩება. პოლონეთი ისრაელიდან უახლოეს ორ დღეში 200 მოქალაქის ევაკუაციას გეგმავს.

კონფლიქტი, რომელიც დიპლომატიურ დონეზე წლების განმავლობაში გრძელდებოდა 13 ივნისის ღამიდან ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდა, რამაც მსოფლიო რუკაზე ახალი ცხელი კერა გააჩინა. ისრაელი ბრძოლას „საბოლოო მიზნის მიღწევამდე“ გეგმავს – საბოლოო მიზანი კი ირანის ბირთვული კაპიტულაციაა. თუმცა, ისრაელის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ბირთვული ობიექტების განადგურების გარდა, თელ-ავივის კიდევ ერთი ამოცანა, შესაძლოა, თეირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლაც გახდეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:59
spot_imgspot_img
Send this to a friend