მთავარიმსოფლიომსოფლიო ლიდერები ისრაელ-ირანის კონფლიქტს აფასებენ

მსოფლიო ლიდერები ისრაელ-ირანის კონფლიქტს აფასებენ

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, მსოფლიო ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირისპირების შესაძლო შედეგების გამო, რომელთაც არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, არამედ გლობალური მასშტაბით შეიძლება იქონიონ გავლენა.

უკრაინის ხელისუფლებაში ღელავენ, რომ ისრაელ-ირანის კრიზისის გამო, შესაძლოა მათთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შემცირდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაცია კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში შეფერხებებს არ გამოიწვევს.

ზელენსკის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მორიგი სამხედრო დაპირისპირების გაღვივება უკვე აისახა ნავთობის ფასებზე, რაც მის თანახმად, რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედებს. ნავთობის ფასებზე გავლენა იქონია თეირანის განცხადებებმაც ჰორმუზის სრუტის შესაძლო ბლოკადის შესახებ.

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სარაკეტო იერიშების ფონზე, განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმაც.

„ვესაუბრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის. რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკი სახიფათოდ მაღალია. დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს. ევროკავშირის ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა: ირანს არასოდეს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება. მხოლოდ დიპლომატიას შეუძლია, გრძელვადიან გადაწყვეტამდე მიგვიყვანოს. ევროკავშირი მზადაა ამას მხარი დაუჭიროს“, – წერს კაია კალასი პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეგვიპტის ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა შესაძლოა მთელ რეგიონში ქაოსი გამოიწვიოს.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბარდ აბდელატიმ, დაგმო ისრაელის იერიში ირანზე და ეს ნაბიჯი „სერიოზულ ესკალაციად“ შეაფასა. სამინისტროს ცნობით, აბდელატიმ ეს განცხადებები იტალიელ და ესპანელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარში გააკეთა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend