13 ივნისს ირანი აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ბევრი ფიქრი არავის დასჭირვებია იმის მისახვედრად, რომ ამის უკან ისრაელი იდგა.
თელ-ავივი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ირანმა საკუთარი ბირთვული პროგრამა ზედმეტად განავითარა, საფრთხის აღმოსაფხვრელად კი ახლო აღმოსავლეთის უძლიერესმა სამხედრო ძალამ სპეციალურ ოპერაციას 13 ივნისს მიმართა, სახელწოდებით, „ამომავალი ლომი”.
ოპერაციის სამიზნე ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული ობიექტებია. პირველ რიგში კი გამდიდრებული ურანის მქონე საწარმოები – თეირანიდან 225 კილომეტრში მდებარე ნატანცსა და თავრიზში. დარტყმები იყო სხვა ტერიტორიებზეც, როგორიცაა ფორდო, ხორემაბადი, ისპახანი და თავად ირანის დედაქალაქი.
დაღუპულია 20-მდე სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის ყველაზე გავლენიანი ჰოსეილ სალამიც, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური იყო. ასევე გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადეჰი, რომელიც სარაკეტო პროგრამებს კურირებდა.დაღუპულებს შორისაა ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსიც.
სამიზნეებს შორის იყვნენ ის მეცნიერებიც, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ. მათ შორის ქვეყნის ბირთვული ენერგიის წამყვანი ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდუნ აბასი. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახალ ომში შესვლა ასე ახსნა.
„ჩვენი სამხედრო ოპერაცია „ამომავალი ლომი” ისრაელის გადარჩენას ემსახურება და გაგრძელდება იმდენი დღე, რამდენიც საფრთხის აღმოფხვრას დასჭირდება. ათწლეულების მანძილზე, თეირანის ტირანები ღიად ამბობდნენ, რომ ისრაელის განადგურება სურთ და ამ გენოციდურ რიტორიკას ამყარებდნენ ბირთული პროგრამის განვითარებით. ბოლო წლებში მათ გამოიმუშავეს საკმარისზე მეტი გამდიდრებული ურანი, რომლითაც 9 ატომური ბომბის შექმნა შეიძლება. ბოლო თვეებში მათ გადადგეს ნაბიჯები, რომლებიც აქამდე არასოდეს გადაუდგამთ და თუ მათ არ შევაჩერებთ, ირანი შეძლებს ბირთვული იარაღის შექმნას ძალიან მოკლე დროში, ეს შეიძლება იყოს 1 წელი ან რამდენიმე თვე. ეს კი ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. 80 წლის წინ ებრაელი ხალხი იყო ჰოლოკოსტის მსხვერპლი ნაცისტური რეჟიმის გამო, უკვე დღეს ებრაული სახელმწიფო უარს ამბობს გახდეს ბირთვული ჰოლოკოსტის მსხვერპლი. ამიტომ, ჩვენ დავარტყით ირანის ბირთვულ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამას პირდაპირ გულში,ნატანცში. სამიზნეში ამოოვიღეთ მათი მეცნიერები”- აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერი, ისრაელს მტკიცე პასუხით მალევე დაემუქრა და საკუთარ სამხედროებს სრული თავისუფლება მისცა. ალი ჰამენეიმ თქვა,რომ რევანში “მწარე და მტკივნეული” იქნება. უცნობია, ზუსტად რა გეგმა აქვს თეირანს, თუმცა ჯერჯერობით ისრაელიდან მათთან გაგზავნილი 200 გამანადგურებლის პასუხი მხოლოდ 100 დრონი იყო ისრაელის მისამართით. ამის პარალელურად თეირანში აფეთქებები დღის მეორე ნახევარშიც აქტიურად ისმის. ისრაელმა სამიზნეში ამოიღო ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები, გაანადგურეს ათობით რადარი და მოწყობილობა, რომლებიც მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტებისთვისაა განკუთვნილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თელ-ავივს დიდი გეგმები აქვს.
„ეს იყო ველური აგრესია კრიმინალი სიონისტების რეჟიმის მხრიდან თეირანის წინააღმდეგ. რომელმაც ბავშვები, ქალები, უდანაშაულო ხალხი იმსხვერპლა. მათ შორის ჩვენი მეთაურები და მეცნიერები. ირანელი ხალხი და მისი ხელმძღვანელობა არ დადუმდება. ირანის ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმური და ძლიერი პასუხი მტერს ანანებინებს თავის სულელურ ქმედებას. ჩვენ ძალისხმევა ჩავდეთ მშვიდობასა და სტაბილურობაში მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის, ვაჩვენეთ ამის მზაობაც. ახლა კი გადამწყვეტად ვუპასუხებთ აგრესიას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ლეგიტიმურად დავიცავთ. მოვუწოდებ ირანელ ხალხს სოლიდარობისა და ემპათიისკენ. არ მიაქციონ ყურადღება მცდარ ამბებს, რომლებიც გავრცელდება მტრის მხრიდან, ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით “ –თქვა ბრიფინგზე ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა.
გასულ ოქტომბერს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, ირანმა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელთა დიდი ნაწილიც განეიტრალდა. თუმცა ახლა საქმე უფრო სერიოზულად გამოიყურება, სწორედ ამიტომ ისრაელმა თავდაცვის ზომებს მიმართა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, საჰაერო სივრცე აქაც დაკეტილია. მეტიც, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისრაელმა დიპლომატიური მისიები რამდენიმე დღით დახურა.
„ამ კამპანიის განმავლობაში ჩვენ გვექნება ფართო გზავნილები ჩვენი საზოგადოების მიმართ. უმნიშვნელოვანესი იქნება თავშესაფრების გამოყენება, იქნება ეს სახლში თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. წინ გველის რთული და გამოწვევებით სავსე დღეები, ერთად ძლიერები ვართ და მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო”- აცხადებს ისრაელის საშინაო ფრონტის მეთაური, რაფი მილო.
ირანში ისრაელის დარტყმებს შოკი და საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოსახლეობას ფართომასშტაბიანი ომის შიში აქვს, ბირთვული კომპონენტებით. თუმცა ამ დროისთვის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში რადიაციის მატება არ შეინიშნება.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ყურადღებით აკვირდება დიდი წუხილის გამომწვევ მოვლენებს ირანში. სააგენტოს შეუძლია დაადასტუროს, რომ ნატანცის ობიექტი სამიზნეებს შორის იყო. ჩვენ ვაგრძელებთ ირანის ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რადიაციის დონესთან დაკავშირებით. ასევე, გვაქვს კონტაქტი ჩვენს ინსპექტორებთან ქვეყანაში”-აცხადებენ სააგენტოში.
ღაზაში გამანადგურებელი ომის ფონზე, ახლო აღმოსავლეთი ახალ რისკებში აბიჯებს. ისრაელის ოპერაციამ ბევრს განუახლა შიში იმისა, რომ რეგიონში სამხედრო მოქმედებები გაფართოვდება. ირანი პასუხს ამზადებს, მას მხარს რეგიონის, თუნდაც შესუსტებული ე.წ. „პროქსი ძალები” უბამენ. ისრაელს კი გვერდით ამერიკა ჰყავს, დონალდ ტრამპი მართალია უარყოფს ოპერაციაში ჩართულობას, თუმცა იმას არა, რომ ყველაფრის საქმის კურსშია და არასოდეს დაუშვებს თეირანს, ბირთვული შეიარაღებით.