მთავარიმსოფლიოისრაელ-ირანის კონფლიქტში მსოფლიო ლიდერები ბირთვულ საფრთხეს ხედავენ

ისრაელ-ირანის კონფლიქტში მსოფლიო ლიდერები ბირთვულ საფრთხეს ხედავენ

უსაფრთხოების გამაფრთხილებელი სიგნალიზაციის ხმა, იორდანიის დედაქალაქ ამანში დილიდან ისმის. ისევე რიგორც ისრაელის ქალაქებსა და ირანში. ბირთვული საშიშროების აღკვეთის მოტივით, ისრაელმა ირანს, 13 ივნისის გამთენიისას ავიადარტყმებით შეუტია.

ისტორიულად ორ დაპირისპირებულ ქვეყანას შორის, მორიგი სამხედო კონფლიქტის წამოწყებას, მალევე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ახლა სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ კონფლიქტის დეესკალაცია, რაშიც შეერთებული შტატები და სამხედრო ალიანსის სხვა გავლენიანი წევრები დროულად უნდა ჩაერთონ. მანვე აღნიშნა, რომ დეესკალაციის პროცესში თავად ალიანსი ჩართული არ არის.

„ცხადია, სწრაფად ცვალებადი სიტუაციაა. ეს იყო ისრაელის ცალმხრივი ქმედება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბევრი მოკავშირისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ იმუშაონ დეესკალაციაზე. ვიცი, რომ ისინი ამას აკეთებენ. ვფიქრობ, ეს არის ახლა უპირველესი. ცხადია, ნატოს მოკავშირეები ამ კრიზისს გაუმკლავდებიან. ყველა მის დეესკალაციაზეა ორიენტირებული. აშშ, რა თქმა უნდა, ამაზე მუშაობს სხვა მოკავშირეებთან ერთად. ნატო, როგორც ალიანსი არ არის ჩართული პროცესში, რადგან ის რეალურად ევროატლანტიკურ სამყაროზეა ორიენტირებული. თუმცა, ცხადია, ნატოს მოკავშირეები ინდივიდუალურად და ერთმანეთთან თანამშრომლობით მონაწილეობენ პროცესის შეჩერებაში. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ამ კონფლიქტის დეესკალაცია. ჩვენი შეფასებით, ვითარება სწრაფად იცვლება. ეს ყველაფერი გუშინ ღამით დაიწყო. რა თქმა უნდა, ამას შემდეგი ნაბიჯიც მოჰყვება. ამიტომ, ახლა რთულია ზუსტად იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომდევნო 24, 48 საათის განმავლობაში. უნდა შევინარჩუნოთ ძალისხმევა, რათა ვუზრუნველყოთ, რომ კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს,“– განაცხადა რუტემ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები „ღრმად შემაშფოთებლად“ შეაფასა. ვენაში გამოსვლისას რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ამას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

„მომხდარი ღრმად შემაშფოთებელია. არაერთხელ განვაცხადე, რომ ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა არასდროს არ უნდა მოხდეს კონტექსტისა და გარემოებების მიუხედავად, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც ადამიანებს, ასევე გარემოს. ასეთ თავდასხმებს სერიოზული შედეგები მოჰყვება ბირთვული უსაფრთხოების მხრივ, როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ყველა მხარეს მოვუწოდებ მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერი სამხედრო ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებას, სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ირანელი ხალხისთვის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის,“– განაცხადა გროსიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განცხადება სოციალურ პლატფორმა Truth Social- ზე გამოაქვეყნა. აღნიშნა, რომ მან ირანს შეთანხმების შანსი მისცა, თუმცა ეს შანსი მათ ხელიდან გაუშვეს.

„ ირანს შეთანხმების მიღწევის შანსი მივეცი, ვუთხარი : „უბრალოდ გააკეთეთ ეს“, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერ შეეცადნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს იყვნენ, უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. ვუთხარი მათ, რომ ეს გაცილებით უარესი იქნებოდა, ვიდრე ყველაფერი, რაც აქამდე იცოდნენ, ელოდნენ ან მათთვის უთქვამთ. ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ლეტალურ სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს და რომ ისრაელს ბევრი მათგანი აქვს და კიდევ მეტი ექნება და მათ იციან, როგორ გამოიყენონ ის. ზოგიერთი ირანელი მკაცრად და გაბედულად საუბრობდა, მაგრამ არ იცოდნენ, რა მოხდებოდა. ახლა ყველა მკვდარია“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ისრაელის სამხედრო ქმედებას ეხმაურებიან ლიდერები ევროკავშირის სტრუქტურებიდან. პლატფორმა X-ზე განცხადებები გამოაქვეყნეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.

„ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები ღრმად საგანგაშოა. ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება. დაუყოვნებლივ შეამცირონ ვითარების ესკალაცია და თავი შეიკავონ შურისძიებისგან. რეგიონის სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების მიზნით, დიპლომატიური გადაწყვეტა ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ჩინეთი, რომელიც ისრაელის ქმედებებს გმობს, გამოეხმაურა ამ კონფლიქტს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ლი ჯიანის განცხადებით, ჩინეთი მხარს უჭერს ირანის სუვერენიტეტს და ისრაელს მოუწოდებს შეწყვიტოს ეს დაძაბულობა.

„ჩინეთი დიდ ყურადღებას აქცევს ისრაელის თავდასხმას ირანზე და ღრმად შეშფოთებულია იმ სერიოზული შედეგებით, რაც შეიძლება მოჰყვეს შესაბამის ქმედებებს. ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ დარღვევას და გმობს ქმედებებს, რომლებიც ესკალაციას იწვევს და კონფლიქტს აფართოებს“, – აცხადებს ჯიანი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები არაპროვოცირებული და მიუღებელია. უწყება აღნიშნავს, რომ ამ ქმედებამ ძირი გამოუთხარა ირანის შეკავების მცდელობას, ბირთვული თავშეკავებისკენ.

„გაეროს სუვერენული წევრი სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების, მძინარე მშვიდობიანი ქალაქებისა და ბირთვულ-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ არაპროვოცირებული სამხედრო დარტყმები კატეგორიულად მიუღებელია. ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა ძირი გამოუთხარა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კონფრონტაციის შემცირებისკენ მიმართულ მრავალმხრივ ძალისხმევას. “, – აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ირანის მუქარის შესაბამისად ისრაელში საპასუხო შეტევისთვის ემზადებიან. თუმცა, რა იქნება პასუხი და რამდენად გავლენიანი იქნება მსოფლიო ლიდერების მოწოდებები ამ წინასაომარ კონფლიქტზე, ჯერ უცნობია.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend