ირანი აცხადებს, რომ მოიპოვა ინფორმაცია ისრაელის ბირთვული პროგრამის შესახებ, თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას, ირანის დაზვერვის მინისტრმა ისმაილ ხატიბმა განაცხადა, რომ დაზვერვის სამინისტრომ „სტრატეგიული, ოპერატიული და სამეცნიერო დაზვერვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია“ მოიპოვა, რომელიც, მისი თქმით, „ქვეყანაში ღვთის დახმარებით გადაიტანეს.”
ხატიბმა თქვა, რომ ხელთ იგდეს ათასობით დოკუმენტი, მათ შორის ევროპასთან, აშშ-სთან და სხვა ცალკეულ ქვეყანასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა დოკუმენტებზეა საუბარი.
შიიტმა სასულიერო პირმა, ხატიბმა, რომელსაც აშშ-ის ხაზინამ 2022 წელს კიბერჯაშუშობაში სავარაუდო მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა, განაცხადა, რომ დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება. ეს განცხადებები თეირანში გაკეთდა იმ ფონზე, როცა ქვეყანა ჩართულია მოლაპარაკებებში აშშ-თან, რათა შეაჩეროს ურანის გამდიდრება.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ირანი არ აპირებს დათანხმდეს ვაშინგტონის შემოთავაზებებს ბირთვული პროგრამის შეჩერების თაობაზე, რაც კრიზისის განახლების თაობაზე შეშფოთებას იწვევს.
თეირანი ამჟამად ურანს 60%-მდე ამდიდრებს – ბირთვული იარაღისთვის კი საჭიროა 90%- თეირანს ამ მომენტისთვის საკმარისი მასალა აქვს რამდენიმე ბომბის შესაქმნელად. ვაშინგტონმა და ისრაელმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ თუ ირანი არ შეაჩერებს ურანის გამდიდრების პროცესს, მათ შესაძლოა სამხედრო მოქმედებები გამოიყენონ მის შესაჩერებლად.