ვიცით, რას ფიქრობთ: როგორ უცებ გავიდა თითქმის ნახევარი წელიწადი? მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ზაფხული დგება და ბევრი საინტერესო რამ ხდება.
გამოფენა პარიზში ენის ძალასა და სიფაქიზეს ეძღვნება, თანამედროვე ხელოვნება კი ბერლინს მე-13 ბიენალეს ფარგლებში დაიპყრობს. ასევე ლონდონში, ნირვანას გამოფენაზე, შეგიძლიათ იხილოთ კურტ კობეინის ლეგენდარული MTV Unplugged-ის გიტარა (ყველაზე ძვირადღირებული გიტარა, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა) და ეწვიოთ უსაფრთხო სექსის თემატიკის გამოფენას რეიკსმუზეუმში.
ამ თვეში კვლავ იმართება მუსიკალური ფესტივალები და კვირის მთავარი თემაა „ნიდერლანდების საუკეთესოდ შენახული საიდუმლო“. ვისაც ჩაბნელებული გარემო მოსწონს, მათთვის სიახლე გვაქვს. კინოთეატრებში მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“ გამოდის, ხოლო ჯგუფი The Cure ახალი რემიქსების ალბომით ბრუნდება.
აუცილებლად გაეცანით ჩვენს უახლეს კულტურულ მიმოხილვას. ევრონიუსის კინოკრიტიკოსი დევიდ მურიკუანდი და რედაქტორი ტოკუნბო სალაკო განიხილავენ ჯონ უიკის ფილმების სერიათა გაგრძელებას, სახელწოდებით „ბალერინა“, ახალ ფოტოგამოფენას პორტოში და საუკეთესო ახალ ალბომებს.
გამოფენები
Tacit Tongues
მსოფლიოში დაახლოებით 7000 სხვადასხვა ენა არსებობს, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული კავშირი აქვს კულტურულ ისტორიასთან, იდენტობასა და მდგრადობასთან. მიუხედავად ამისა, ამ ენებიდან ბევრი გაქრობის საფრთხის წინაშეა. 2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, დაახლოებით 1500 ენა მომდევნო საუკუნეში შესაძლოა საერთოდ გაქრეს. ამის გათვალისწინებით, პარიზის NIKA Project Space-ში გამართული ახალი გამოფენა იკვლევს ენას, როგორც წინააღმდეგობის ფორმას XX საუკუნეში. აქ წარმოდგენილია ბურიატული და მონღოლური წარმოშობის სამი მხატვრისა და ასევე ბერლინში დაფუძნებული კოლექტივის „სლავები და თათრების“ ნამუშევრები. ექსპონატები, რომლებშიც გამოყენებულია სხვადასხვა ქსოვილი, ვიდეო, წერილები და სხვა ნივთები, იდენტობისა და ჭეშმარიტების გააზრების შესაძლებლობას იძლევა. გამოფენა პარიზში 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
თანამედროვე ხელოვნების მე-13 ბიენალე

1998 წელს დაარსებული ბერლინის ბიენალე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ღონისძიება თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთათვის ევროპის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა. პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების შემდეგ ბიენალე ისევ ბრუნდება, რომლის თემატიკაცაა „გაქცევა და დამალვა“. ბიენალე ეხება ბერლინში მელიების პოპულაციასა და ხელოვნებას, როგორც კორუმპირებული ხელისუფლებისა და რეჟიმის წინააღმდეგ გამოყენებულ ინსტრუმენტს. გამოფენების, სხვადასხვა სტენდის, პანელებისა და სხვა ღონისძიებების ჩათვლით, ეს არის აღმოჩენის, შთაგონებისა და ახალი პერსპექტივების სივრცე. ღონისძიება ბერლინში 14 ივნისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
ღონისძიებები
Best Kept Secret Festival
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდება ამ ფესტივალის პოპულარობა, ის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის. ღონისძიება ჰილვარენბეკის მშვიდ ტყეში მოეწყობა. ძალიან საინტერესოა მისი პროგრამაც, რომელშიც ნახავთ ცნობილ შემსრულებლებს, Deftones-ს, კეი ტემპესტს, მაიკლ კივანუკას, Caribou-ს, The Streets-ს, L’Impératrice-ს, Wilco-სა და Barry Can’t Swim-ს. მუსიკალური ფესტივალი 13-იდან 15 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
Twin Peaks Diner pop-up
აგენტმა დეილ კუპერმა ერთხელ განაცხადა: „ყოველდღე, დღეში ერთხელ, გაუკეთეთ თქვენს თავს საჩუქარი. ნუ დაგეგმავთ. ნუ დაელოდებით. უბრალოდ მიეცით საშუალება, რომ მოსახდენი მოხდეს“. თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება დაგეგმვაც დაგჭირდეთ. დევიდ ლინჩისა და მარკ ფროსტის სიურრეალისტური საპნის ოპერა Twin Peaks-ის 35 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოდური სტრიმინგსერვისი MUBI ლონდონის სტოუკ-ნიუინგტონში მხოლოდ ერთი დღით pop-up ღონისძიებას მასპინძლობს. New River Café გადაკეთდა სასაუზმედ, რომელიც იქცა საკულტო ადგილად. აქ აგენტმა კუპერმა უამრავი ალუბლის ღვეზელი და შესანიშნავი ყავა მიირთვა. თქვენც გაქვთ შესაძლებლობა, აქ მოიგოთ გამორჩეული ტკბილეული და იქნებ, Log Lady-ც ნახოთ. ღონისძიება ლონდონში 18 ივნისს გაიმართება.
ფილმები
„როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“
.
თხუთმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფილმი „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“ გამოჩნდა კინოეკრანებზე. ყველას შეგვაყვარა თავი საყვარელმა პატარა დრაკონმა, რომელიც უკბილოს სახელით არის ცნობილი. მეორე და მესამე ფილმი 2014 და 2019 წლებში გამოვიდა, თუმცა, როგორც ყველა წარმატებული ანიმაციური ფრენჩაიზის შემთხვევაში, ყველა მოუთმენლად ელოდა, რომ მხატვრულ ფილმსაც გადაიღებდნენ. ფილმში მთავარ როლში მეისონ ტემზი ჰიკაპის როლს ასრულებს. იგი მორცხვი, მაგრამ მახვილი ენის მქონე ვიკინგი ბიჭია, რომელიც ცელქ დრაკონთან დამეგობრების შემდეგ მეტად თავდაჯერებული ხდება. ორივე ერთად იბრძვის მსოფლიო მშვიდობისთვის. გზადაგზა ისინი სიმამაცისა და სიკეთის გაკვეთილებს იღებენ. ფილმი კინოთეატრებში 9 ივნისიდან გამოვა.
სერიალები
What it Feels Like for a Girl
.
ბრიტანელი ავტორისა და აქტივისტის, პერის ლისის, 2021 წელს გამოცემულ ამავე სახელწოდების მემუარებზე დაფუძნებული ეს შთამბეჭდავი სატელევიზიო სერიალი მოგვითხრობს 2000-იანი წლების დასაწყისში ტრანსგენდერი ლისის ამბავს. მოქმედება ვითარდება დიდი ბრიტანეთის პატარა ქალაქ ჰაკნალში. ეს ემოციური ისტორიაა საკამათო თემაზე. და ის გამოდის იმ დროს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრანსგენდერი ქალები არ უნდა აღიარონ ქალებად. ლისმა, რომელიც ჟურნალ Vogue-ში ტნასგენდერობასთან დაკავშირებულ სტატიებს წერდა, ადრე აღნიშნა, რომ მისი მემუარები მხოლოდ გენდერულ ცვლილებას არ ეხება.
წიგნები
სიუზან ჩოი: ფანარი
ჯილდოს მფლობელი ამერიკელი ავტორის, სიუზან ჩოის ახალი რომანი მოგონების, იდენტობისა და თაობათა ტრავმის შემაძრწუნებელი და ფრაგმენტული კვლევაა. კორეული-ამერიკული ოჯახის ოთხი წევრი ერთი ისტორიის საკუთარ ვერსიას ჰყვება. ამბავი მამის გაუჩინარებას ეხება. ჩოი პერსონაჟთა ტრაგედიას გარდაქმნის მრისხანე ექოდ და ამით მკითხველს მიანიშნებს, რომ ტკივილის გულში ჩაკვლა დაუშვებელია.
მუსიკა
King Gizzard & the Lizard Wizard: Phantom Island
.
ავსტრალიელი როკერები King Gizzard & the Lizard Wizard წარმოუდგენლად ნაყოფიერად შრომობენ – ეს მათ 27-ე ალბომში ჩანს. ბოლო ალბომი, Flight B741, გასულ წელს გამოუშვეს. ლოს-ანჯელესის ფილარმონიულ ორკესტრთან თანამშრომლობით ახალი ალბომი მდიდარია ორკესტრული ნაზავით. სიმღერას Deadstick თან ახლავს საქსოფონისა და გიტარის სოლოები. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ ორშაბათის განწყობა შეიქმნა. ეს ხომ ყველას ძალიან გვჭირდება.
The Cure: Mixes of a Lost World
.
ჯგუფი The Cure დაბრუნდა. „დაკარგული სამყაროს მიქსი“ გასული წლის მომაჯადოებელი „დაკარგული სამყაროს სიმღერების“ რემიქსალბომია, რომელიც 2024 წლის საუკეთესო ალბომთა სიაში მოხვდა. მისი მოსმენა წარსულში მიტოვებულ მოგონებებში სეირნობას ჰგავს, ნოსტალგია კი სიცოცხლეს აღვიძებს. ალბომზე ასევე იმუშავეს Four Tet-მა, Daniel Avery-მ, Mogwai და Deftones-ის სოლისტმა ჩინო მორენომ.