საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, გაეროს ეგიდით ოკეანეების შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. წლევანდელი კონფერენციის მთავარი მიზანია, ქვეყნებმა ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებები რეალურ ქმედებებად აქციონ.
პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნიცაში გუშინ ჩავიდა, სადაც მან სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ დელეგატებსა და მეცნიერებს.
„თუკი მეტ-ნაკლებად ობიექტურად შევხედავთ ვითარებას, დღეს მეცნიერება ჯერ კიდევ დამოკიდებულია ამერიკულ დაფინანსებაზე, რომელიც ნელ-ნელა მცირდება. დღევანდელ დღეს ბევრი ადამიანი ეჭვქვეშ ქვეშ აყენებს მულტილატერალიზმს, ასევე ეჭვქვეშ დგება საზოგადოების ზოგადი პრიორიტეტები, მაგალითად, კლიმატთან დაკავშირებით, მათ შორის საფრანგეთშიც. ზოგი ამბობს, რომ ეს აღარ არის პრიორიტეტული საკითხი, მაგრამ ჩვენ საღი აზრი უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
ფრანგულ რივიერაზე ამ კვირაში ათასობით დელეგატს ელიან, მათ შორის სახელმწიფო მეთაურებს, მეცნიერებსა და გარემოსდამცველებს.
“We are in dangerous waters.”
Saturday at #BEFF2025, participants discussed the profound impacts that #ocean degradation has on the global economy and planetary wellbeing, and explore options for a regenerative blue economy
Read ➡️ https://t.co/qn6jesUW18#UNOC3 #BlueEconomy pic.twitter.com/fUYxAztECQ
— Earth Negotiations Bulletin (@IISD_ENB) June 8, 2025
„ჩვენ აქ ვართ, საფრანგეთში, კერძოდ, ნიცაში, გაეროს ოკეანის კონფერენციაზე მსოფლიო ოკეანის დღეს და ვიმედოვნებთ, რომ გაკეთდება რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება. მსოფლიო ლიდერები მომდევნო დღეებში შეიკრიბებიან იმისათვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად დაეხმარება მომავალში ჩვენი ზღვების დაცვასა და აღდგენას“, – აცხადებს Oceana UK-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰუგო თაგჰოლმი.
წლევანდელი დღის წესრიგის მთავარი თემა დიპლომატიური ძალისხმევაა, რომელიც ღია ზღვის ხელშეკრულების რატიფიცირებას უკავშირდება.
2023 წელს მიღებული ხელშეკრულება პირველად მისცემს ქვეყნებს საშუალებას, საერთაშორისო წყლებში შექმნან საზღვაო დაცული არეალები. საერთაშორისო წყლები ოკეანის თითქმის ორ მესამედს ფარავს და დიდწილად არ კონტროლდება.
„ღია ზღვის ხელშეკრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ შევძლოთ ბიომრავალფეროვნების დაცვა ოკეანეში, რომელიც პლანეტის ნახევარს მოიცავს. არ არსებობს კანონი, რომელიც გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ახლა ჩვენ ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის კრიზისის შუაგულში ვართ. ოკეანეები აუცილებლად უნდა დავიცვათ, თუ გვინდა, რომ ამ კრიზისებს გავუმკლავდეთ“, – ამბობს ღია ზღვის ალიანსის დირექტორი რებეკა ჰაბარდი.
ოკეანე კრიტიკულად მნიშვნელოვანია დედამიწაზე კლიმატის სტაბილიზაციისა და, ზოგადად, სიცოცხლისთვის.
სწორედ ოკეანე წარმოქმნის ჟანგბადის 50 პროცენტზე მეტს, შთანთქავს გამოყოფილი ნახშირორჟანგის 30 პროცენტს და ასევე იჭერს ემისიების შედეგად წარმოქმნილი ჭარბი სითბოს 90 პროცენტს. ექსპერტები ამბობენ, რომ ჯანსაღი ოკეანის გარეშე კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნება.