აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში მასშტაბური საპროტესტო აქციებია. დამწვარი მანქანები, პოლიციასთან დაპირისპირება და დაზიანებული შენობები პასუხია იმ მოვლენებისა, რომლებიც პარასკევს, 6 ივნისს დაიწყო.
აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურმა 6 ივნისს ლოს-ანჯელესში რამდენიმე ადგილას, მათ შორის ტანსაცმლის ერთ-ერთ საწყობში, სასამართლოს ორდერის საფუძველზე რეიდი მოაწყო. შეერთებული შტატების პროკურატურის განმარტებით, ზოგიერთი დამსაქმებელი იმიგრანტებისთვის ფიქციურ დოკუმენტებს ამზადებდა.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამსახურის თანამშრომლებს დაკავებულებთან ერთად მანქანით ტერიტორიიდან გასვლის საშუალება არ მისცეს.
მოგვიანებით, იმიგრანტების უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მსგავსი რეიდები კიდევ რამდენიმე სხვა მაღაზიაშიც, ასევე ლოს-ანჯელესის ოლქის ქალაქ პარამაუნტში მოეწყო.
უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რეიდების შედეგად ლოს-ანჯელესში 118 უკანონო მიგრანტი დააკავეს, მათ შორის ხუთი დაკავებული კრიმინალურ ორგანიზაციებთან არიან კავშირში.
მიუხედავად ამისა, მათი დაკავებით გაღიზიანებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე ფედერალურ შენობასთან, რადგან მათი თქმით, დაკავებულები სწორედ ამ შენობაში ჰყავდათ.
მოვლენებს 8 ივნისს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აღნიშნა, რომ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცს აგზავნის.
„უბრალოდ კარგად უნდა დაათვალიეროთ იქაურობა, რათა ნახოთ რა ხდება. გასულ ღამეს ლოს-ანჯელესში ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით ვითარებას. ძალადობის ფაქტები იყო. ძალადობა იყო და შესაძლოა უარესი ყოფილიყო, რადგან არაკომპეტენტური გუბერნატორი ჰყავთ. უბრალოდ შეხედეთ მის მიერ აშენებულ რკინიგზის სადგურებს. დაახლოებით ოცჯერ აღემატება განსაზღვრულ ბიუჯეტს, მსგავსი რამ არავის უნახავს. ამრიგად, გუშინ ღამით დავურეკე და ვუთხარი, შენ უნდა იზრუნო ამაზე, თუ არადა ჯარებს გამოვგზავნი“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების განლაგებაზე აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის შემდეგ ლოს-ანჯელესში თავდაპირველად 300 ჯარისკაცი ჩავიდა, რამაც ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნული გვარდია შტატის გუბერნატორის ჩართულობის გარეშე გამოიძახეს. დემონსტრაციების მონაწილეები გვარდიის ჯარისკაცებს დაუპირისპირდნენ. პროცესში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა მექსიკელ იმიგრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა.
„აშშ-ში მცხოვრები მექსიკელი ქალები და მამაკაცები კარგი ქალები და მამაკაცები არიან. პატიოსანი ადამიანები, რომლებიც შეერთებულ შტატებში უკეთესი ცხოვრების მოსაძებნად ჩავიდნენ. ისინი არ არიან კრიმინალები, პატიოსანი ადამიანები არიან. მათ მექსიკის მთავრობის სრული სოლიდარობა აქვთ“, – ამბობს მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი.
9 ივნისს განცხადება გაავრცელა ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა და მიმდინარე მოვლენებში ბრალი ტრამპის ადმინისტრაციას დასდო.
„რასაც ჩვენ ლოს-ანჯელესში ვხედავთ, ადმინისტრაციის მიერაა გამოწვეული. ხალხმა უნდა გამოიყენოს პროტესტის უფლება, ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებაა. თუმცა ადამიანებმა ეს უფლება მშვიდობიანად უნდა გამოიყენონ, არ გვსურს ადმინისტრაციის სასარგებლოდ ვიმოქმედოთ. ვმუშაობთ ოფიციალურ პირებთან ერთად, ვაგროვებთ რესურსებს, მაგრამ ვხედავთ ქაოსს, რომელიც ადმინისტრაციის მიერაა პროვოცირებული“, – ამბობს ლოს-ანჯელესის მერი, კარენ ბასი.
დონალდ ტრამპის თქმით, დემონსტრანტების პოლიციისა და გვარდიის შეურაცხყოფის უფლებას არ მისცემს და თუ ძალადობის ნიშნები იქნება, ქმედებას სათანადო პასუხს გასცემენ.