კატეგორიები

დონალდ ტრამპმა და ფრიდრიხ მერცმა უკრაინის შესახებ ისაუბრეს

დონალდ ტრამპმა და ფრიდრიხ მერცმა უკრაინის შესახებ ისაუბრეს

დონალდ ტრამპსა და ფრიდრიხ მერცს შორის პირველი შეხვედრა შედგა. ოვალურ ოფისში გამართულმა პრესკონფერენციამ მშვიდად ჩაიარა. ლიდერებმა არაერთ კითხვას უპასუხეს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

გერმანიის კანცლერმა დონალდ ტრამპს რუსეთზე მეტი ზეწოლა სთხოვა, დონალდ ტრამპმა კი რუსეთის ომი უკრაინაში სკვერში მოჩხუბარ ბავშვებს შეადარა – თქვა, რომ ამაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა და ზოგჯერ უმჯობესია ბავშვებმა „ცოტა ხნით იჩხუბონ“.

„ზოგჯერ და ამას შეიძლება ნეგატიურ კონტექსტში ვამბობ, ორი პატარა ბავშვი გააფთრებით ჩხუბობს. მათ ერთმანეთი ეზიზღებათ და პარკში კინკლაობენ. შენ მათ გაშველებას ცდილობ, თუმცა მათ ეს არ უნდათ. ზოგჯერ სჯობს ცოტა ხანს ჩხუბი გააგრძელონ და მერე დააშორო. ეს ანალოგია გუშინ ვლადიმერ პუტინს გავუზიარე. ვუთხარი, ბატონო პრეზიდენტო, შეიძლება ბრძოლისა და დიდი ტანჯვის გაგრძელება მოგიწიოთ – ორივე მხარე იტანჯება, სანამ მათ გააშველებ, სანამ ისინი იქნებიან მზად გაშველებისთვის. ეს ცნობილ ანალოგიად ითვლება – ორი ბავშვი ჩხუბობს, ჩხუბობს, ჩხუბობს და შენ ხანდახან მათ ცოტა ხნით ჩხუბის უფლებას აძლევ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ტრამპი სანქციების დაწესებას რუსეთისთვის გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ძალიან მკაცრად იმოქმედებს.

ფრიდრიხ მერცმა კი  თქვა, რომ დონალდ ტრამპი ის საკვანძო ადამიანია, რომელსაც რუსეთზე ზეწოლის გაზრდით ომის დასრულების რეალური შესაძლებლობა აქვს.

„ჩვენ ორივე ვეძებთ გზებს, რათა ეს ძალიან მალე შევაჩეროთ. პრეზიდენტს აქ შემოსვლამდე ვუთხარი, რომ ის არის საკვანძო ადამიანი მსოფლიოში, ვისაც რუსეთზე ზეწოლით ამის გაკეთება ახლა შეუძლია. მოგვიანებით კვლავ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ევროპელებმა და ამერიკელებმა ერთობლივად. ვფიქრობ, ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ რაღაც გავაკეთოთ, რათა ეს ომი სამ წელიწად-ნახევრის შემდეგ შევაჩეროთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ფრიდრიხ მერცმა ოვალური ოფისის დატოვების შემდეგ თქვა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის მიზანი უკრაინის ომთან დაკავშირებით საერთოა – ორივე მხარეს ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს. მისივე თქმით, ეს მხოლოდ უკრაინის სიმტკიცითა და მისი თავდაცვისუნარიანობის გაზრდით შეიძლება იყოს მიღწეული და სწორედ ამიტომ გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელება მართებთ.

Related news
ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები