გერმანიის ახლად-არჩეული კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ოვალურ კაბინეტში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირველ პირისპირ შეხვედრას გამართავს. საუბრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი იქნება.
ლიდერები განიხილავენ ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, ტარიფებისა და თავდაცვის ხარჯების საკითხებს.
კანცლერის პოზიციაზე დამტკიცების შემდეგ, მერცი უკვე არაერთ ევროპულ დედაქალაქს ეწვია. იგი შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, პოლონეთის პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და მოგვიანებით, ევროპული ერთიანობის წარმოჩენის მიზნით – ყველა ამ ლიდერთან ერთად – უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც.
ამ დრომდე, მერცის დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში, გამორჩეული გამონაკლისი იყო დონალდ ტრამპი. მიუხედავად ლიდერებს შორის შემდგარი რამდენიმე სატელეფონო საუბრისა, ბევრი მოელის, რომ კამერების წინ ხელის ჩამორთმევა მსოფლიოს, გერმანია-ამერიკის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისს აუწყებს.
გერმანიის, როგორც ევროპის მთავარი ეკონომიკური ძალის, სტატუსის შენარჩუნება და ქვეყნის, როგორც ევროპული უსაფრთხოების ლიდერის ხელახლა პოზიციონირება – ხაზს უსვამს თეთრ სახლში წარმატებული შეხვედრის მნიშვნელობას. თუმცა, ამასთან, არსებობს ფეთქებადი დიპლომატიური დაპირისპირების ხილვის შესაძლებლობაც, როგორც ეს პრეზიდენტი ზელენსკის და მოგვიანებით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას შემთხვევაში მოხდა.
თებერვალში ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ, ბევრმა უცხოელმა მაღალჩინოსანმა გადაწყვიტა, რომ დონალდ ტრამპს კამერების წინ არ ეწვევიან.
კერძოდ, მერცის შემთხვევაში, სასწორზე ბევრი რამ დევს. ტრამპის ადმინისტრაცია გერმანიის ხელისუფლებისადმი კრიტიკულია.
ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც და ტრამპის მულტი-მილიარდერი მეგობარი ილონ მასკიც – გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ღიად უჭერდნენ მხარს ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების ჩახშობაში ადანაშაულებდნენ.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გერმანიას მათი ფავორიტი პოლიტიკური გუნდის ექსტრემისტულ დაჯგუფებად გამოცხადების გამოც კიცხავენ.
ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, საკუთარი უკმაყოფილება პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოხატეს. მდივანმა რუბიომ გერმანიის ხელისუფლების ქმედება „შენიღბულ ტირანიად“ დაახასიათა. ვენსმა კი დაამატა, რომ გერმანია საკუთარი მოსახლეობის დაყოფას და ბერლინის კედლის აღდგენას ცდილობს.
რამდენიმე დღის შემდეგ, ფრიდრიხ მერცმა ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებები უარყო და მათ შეახსენა, რომ მისი ქვეყანა ტირანიისგან სწორედ აშშ-მა იხსნა და მათ დემოკრატიის გაკვეთილები არ ესაჭიროებათ.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ მიდგომას აირჩევს მერცი ტრამპის მიმართ. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, შშ-ის პრეზიდენტთან დაპირისპირება, მისი დაშინების მცდელობების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და მის მიერ გაჟღერებული ყალბი ამბების დამაჯერებლად უარყოფა – შესაძლოა ახალი კანცლერის რეპუტაციისთვის პოზიტიურიც კი აღმოჩნდეს. ასე მოხდა მაკრონის შემთხვევაში, როდესაც მან ტრამპს საუბარი შეაწყვეტინა და ამის გამო, პოლიტიკურად არ დაზიანებულა. უკან არდახევის გამო, გარკვეულწილად ისარგებლა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
მიუხედავად ყველაფრისა, ანალიტიკოსები ლიდერებს შორის გულთბილ შეხვედრას ელიან. როგორც ვოლფგანგ იშინგერმა, გერმანიის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში, CNN-ს განუცხადა, მერცი „სრულ მზადყოფნაშია“ და იგი პრეზიდენტის გულის მოგებას შეძლებს.
დიპლომატის თანახმად, „მერცი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. ის გამჭვირვალე და პირდაპირია. ეს არის ის, რის დაფასებაც დონალდ ტრამპი, იმედია, შეძლებს“.
