აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ, 4 ივნისს, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყნის უძველეს და უმდიდრეს ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღებას უკრძალავს.
ეს მას შემდეგ ხდება, რაც ფედერალურმა სასამართლომ გასულ კვირას უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჰარვარდში საერთაშორისო სტუდენტების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დაბლოკა.
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი იურიდიული თვალსაზრისით, სხვა სამართლებრივ უფლებაზეა დაფუძნებული. მან გამოიყენა ფედერალური კანონი, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს იმ უცხოელებს, რომლებიც „შეერთებული შტატების ინტერესებისთვის ზიანის მომტანი“ იქნებიან.
„მე დავადგინე, რომ ზემოთ აღწერილი უცხოელი მოქალაქეების შემოსვლა საზიანოა შეერთებული შტატების ინტერესებისთვის, რადგან, ჩემი აზრით, ჰარვარდის პოლიტიკამ უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის შეუფერებელი დანიშნულების ადგილად აქცია“, – წერს დონალდ ტრამპი ბრძანებაში.