უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გუშინ ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე დაიცვა აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი და ბრიუსელში რამშტაინის შეხვედრის გამოტოვების გამო შექმნილი გაურკვევლობის აღმოფხვრას შეეცადა.
„შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი ყველა დეტალი თავდაცვის მდივნის რამშტაინის ჯგუფის შეხვედრაზე არყოფნის შესახებ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, როგორც ვთქვი, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები და სწორედ ამ ორი დღის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამ ფაქტისა, კიევსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება და მხარეები მუშაობენ რუსეთისთვის სანქციების ახალ, მკაცრ პაკეტზე.
„ველოდებით ახალ სანქციებს. აუცილებელია შესაბამისი ატმოსფეროს შექმნა, რის შემდეგაც რუსეთი მოლაპარაკებებზე წამოვა, მაგრამ არა შოუსთვის, არამედ რეალურ მოლაპარაკებებზე. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – გავაგრძელებთ იმის დაჟინებით მოთხოვნას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს შეერთებული შტატები, ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, რადგან უკრაინის მომავალი ევროკავშირშია და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ თუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი ომის დასრულებას განვიხილავთ და ვსაუბრობთ უსაფრთხოების მომავლის მექანიზმებზე, მაგიდასთან ევროპული ქვეყნების ყოფნა მნიშვნელოვანია“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
In Washington, I met and held talks with U.S. Secretary of State @SecRubio, who is also serving as Acting National Security Adviser to the @POTUS.
We discussed the situation on the front lines and the urgent need to strengthen support for Ukraine’s air defense. pic.twitter.com/UVRBaaa5Tw
— Andriy Yermak (@AndriyYermak) June 4, 2025
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის მეტი საჰაერო სისტემა სჭირდება.
„გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ეს ჩვენთვის კვლავ დიდი პრობლემაა, რადგან არ შეგვიძლია საკუთარი ქალაქების დაცვა და როგორც ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რუსებისგან განსხვავებით, ვმუშაობთ რუსეთის სამხედრო ობიექტების განადგურებაზე. სამწუხაროდ, მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას აგრძელებს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პენტაგონის ხელმძღვანელმა უკრაინის თავდაცვისთვის შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გამოტოვა.
ჯგუფმა შეხვედრები სწორედ ვაშინგტონის ინიციატივით დაიწყო. პიტ ჰეგსეთის წინამორბედმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შექმნა.
მორიგი შეხვედრა გუშინ გაიმართა. რამშტაინის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლელ მოკავშირეებს, დააჩქარონ კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დასაცავად.