უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სამშვიდობო გეგმას უარყოფს და კვლავ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს. იგი აცხადებს, რომ მოსკოვის წინადადება ქვეყნებს შორის 3-წლიანი ომის დასრულების შესახებ ვერ შესრულდება და რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრამდე ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს. მისი თქმით, უკრაინული მხარე ამისთვის ნებისმიერ დროს იქნება მზად.
„ეს ნამდვილად შეუძლებელია“, – ასე შეაფასა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის მემორანდუმი კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან რუსეთს, პუტინთან პირისპირ შეხვედრამდე, რომელსაც შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც შეუერთდეს – ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ყირიმის, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის ნაწილად საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარება; უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების და უკრაინის სხვა სამხედრო ფორმირებების სრულად გაყვანა ამ ტერიტორიებიდან. – ესაა რუსეთის მემორანდუმის მთავარი პუნქტი. ის ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას, ეწინააღმდეგება საღ აზრს, ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას. მათ ეს იციან. ეს ერთდროულად წინაპირობაცაა და უდიდესი ჯილდოც პუტინისთვის ამ ომში. ყველას ესმის, რომ ეს ნამდვილად შეუძლებელია.
რუსები ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არ არიან – ყოველ შემთხვევაში, დელეგაციების ამ დონეზე. მათ სჯერათ, რომ ეს საკითხი ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ პირდაპირ გვითხრეს: ცეცხლის შეწყვეტა სხვა დონის საკითხია. ჩვენ ვთავაზობთ რუსებს ცეცხლის შეწყვეტას ლიდერების შეხვედრამდე. გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორები მხარს დაგვიჭერენ. ჩემი პირადი პოზიცია ასეთია: ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ შესახვედრად. სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, ადგილმდებარეობა რუსებზე იქნება დამოკიდებული – სტამბოლი, ვატიკანი, შვეიცარია – ყველა ამ ვარიანტს განვიხილავთ. ჩვენ ვთავაზობთ მათ შეხვედრას ორშაბათიდან ნებისმიერ დღეს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინული მხარის შეთავაზებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. კრემლის მეთაურმა მიანიშნა, რომ უკრაინის მხრიდან ბრიანსკის რეგიონში განხორციელებული ე.წ. ტერაქტების ფონზე ცეცხლის შეწყვეტა და უმაღლეს დონეზე შეხვედრის გამართვა არ განიხილება.
„მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები მიზანმიმართულად იყო განხორციელებული და ეს მხოლოდ ამტკიცებს ჩვენს პოზიციას, რომ კიევის ისედაც არალეგიტიმური რეჟიმი ნელ-ნელა ტერორისტულ ორგანიზაციად ყალიბდება, მისი სპონსორები კი ტერორისტთა ხელშემწყობები ხდებიან… რუსეთის დაშინების მცდელობით კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა. და, ამავე დროს, საბრძოლო ქმედებების შეჩერებას ითხოვს 30 ან 60 დღით, შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე. მაგრამ როგორ ჩავატაროთ ასეთ პირობებში მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს, ტერორისტებთან?“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთმა უკრაინას „მემორანდუმი“ ორშაბათს წარუდგინა, რომელშიც გაწერილი იყო ცეცხლის შეწყვეტის პირობები, ისევე როგორც, სამხედრო დაპირისპირების დასრულების ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ძირითადი პრინციპები.
უკრაინული მხარის თანახმად, „მემორანდუმი“ კიევისთვის მიუღებელ კომპრომისებს გულისხმობს.
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე ეტაპი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და მას კონფლიქტის დასრულების ძალისხმევაში არანაირი წინსვლა არ მოჰყოლია. მხარეები მხოლოდ რამდენიმე ათასი დაღუპული და მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცების გაცვლაზე შეთანხმდნენ.