მთავარიევროპარუსეთისტალინი ტაგანსკაიას სადგურზე - კრემლი საბჭოთა ნოსტალგიის გაცოცხლებას ცდილობს

სტალინი ტაგანსკაიას სადგურზე – კრემლი საბჭოთა ნოსტალგიის გაცოცხლებას ცდილობს

მოსკოვის მეტროსადგურ ტაგანსკაიაზე მგზავრებს სტალინის ბიუსტი ეგებება – დიქტატორი მოღიმარი მუშებითა და პატარა ბავშვებითაა გარშემორტყმული – რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სადგურზე სასტიკი საბჭოთა ბელადის ძეგლის აღმართვა მეტროს გახსნის 90 წლისთავის უკავშირდება.

მოსკოვის მეტრო, რომელიც ცნობილია თავისი მოზაიკებით, მდიდრული ჭაღებითა და სხვა ორნამენტული დეკორაციებით, სტალინის დროს აშენდა და ტაგანსკაიას სადგურზე მისი ძეგლი ადრეც მდგარა. თუმცა დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ „პიროვნების კულტის“ მოსაშლელად, ძეგლი აიღეს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ სტალინის ძეგლის დაბრუნება კრემლის მიერ სასტიკი საბჭოთა დიქტატორის მემკვიდრეობის აღორძინების მცდელობაა.

მოსკოვის მცხოვრებლები ამ ფაქტს განსხვავებულად შეხვდნენ. ზოგიერთმა რეპრესიების პერიოდი გაიხსენა, ზოგმაც ძეგლი ყვავილებით შეამკო.

„პირადად მე სტალინის მიმართ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, რადგან ის დიდებული მეთაური იყო. მან ღარიბი ქვეყანა, ასე ვთქვათ, ზესახელმწიფოდ აქცია. სახელმწიფო ხელში აიღო გუთნით და დატოვა ბირთვული იარაღით. დაჩოქილი ქვეყანა წამოაყენა. ის დიდი ადამიანია“, – ამბობს ალექსეი ზავატსინი, მოსკოვის მცხოვრები.

„პირადად არ ვიცნობ იოსებ ბესარიონოვიჩს, ცოტა უმცროსი ვარ. თუმცა ბებიამ მითხრა, რომ მაშინ მთელი ქვეყანა შიშში ცხოვრობდა. ამავე დროს, ახლაც კი ბევრი ადამიანი, ხანდაზმული ადამიანები, დარწმუნებული არიან, რომ მის გარეშე და მისი სიძლიერის, სიმკაცრის გარეშე, ჩვენ შესაძლოა დიდი სამამულო ომი ასეთი ტრიუმფით არ მოგვეგო“, – ამბობს მარინა, მოსკოვის მცხოვრები.

სტალინის ძეგლის გახსნა გააპროტესტეს ნაციონალისტური შეხედულებების მქონე დაჯგუფებებმა. მათ შორისაა „სამოქალაქო აქტივისტები. მომავლის მოძრაობა“, რომელმაც ძეგლს გარშემო პლაკატები გააკრა. პლაკატებზე შევხვდებოდით ფრაზებს, რომლებიც საბჭოთა დიქტატორის მმართველობას გმობდა.

ფრაზებს შორის მოხვდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის გმობდა „ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს“ და აცხადებდა, რომ სსრკ-ს მოდერნიზაცია „მიუღებელი რეპრესიების ფასად“ განხორციელდა.

„სამოქალაქო აქტივისტები. მომავლის მოძრაობა – სხვათა შორის რუსმა ნაციონალისტებმა, როგორც ისინი საკუთარ თავს განსაზღვრავენ – სტალინის მგმობი მედვედევისა და პუტინის ციტატები გამოიყენეს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯია. რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, ფაქტია, რომ რეაქცია არასისტემური ხასიათის ნებისმიერ პოლიტიკურ ქმედებაზე ძალიან მკაცრია. ძეგლის გახსნამ შეიძლება განაპირობოს ნებისმიერი უაზრო ძალისმიერი ქმედების გამართლება. მაგალითად, სტალინის დროს ომი იყო. ახლაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომია. ამრიგად, ეს უბრალოდ ადამიანებზე ძალის გამოყენების გამართლების მცდელობაა“, – ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი პიოტრ მილოსერდოვი.

სტალინის ძეგლის გახსნის ცერემონიამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ვოლგოგრადის აეროპორტს სტალინგრადი ეწოდა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ყოველი ნაბიჯი, რომლითაც კრემლი მოსახლეობაში საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ცდილობს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის თანმდევი სისასტიკეების გამართლების მცდელობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend