ვლადიმერ პუტინზე ზეწოლაში ამერიკის სენატი ერთვება. მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ძალისხმევამ უკრაინაში ცეცხლი ვერ შეწყვიტა, საკანონმდებლო შტომ საკუთარ ბერკეტებს მიმართა.
სენატში გამოსვლისას, რესპუბლიკელების ლიდერმა თქვა, რომ თვის ბოლომდე რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებული სანქციების კანონპროექტს წინ წაწევენ და ეს 4 ივლისამდე მოხდება. ამით ჯონ თუნი იმედოვნებს,რომ პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციას დაეხმარება.
„ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ პრეზიდენტი ტრამპი ნებისმიერი საშუალებით, რაც მას სჭირდება მოლაპარაკებათა მაგიდასთან რუსეთის საბოლოოდ მიყვანისთვის. პრეზიდენტი ტრამპი ხელშესახებ დროს უთმობს უკრაინაში სისხლის ღვრის დასრულებას, მაგრამ ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინი მშვიდობის მიღწევაზე მეტად ომის გაგრძელებითაა დაინტერესებული”, – აღნიშნა სენატში გამოსვლისას სენატის უმრავლესობის ლიდერმა,ჯონ თუნმა.
სენატორი ლინსი გრემის კანონპროექტი, რომელსაც კაპიტოლიუმის ზედა პალატაში 100-დან 82 მხარდამჭერი ჰყავს, კრემლისთვის დამატებით ეკონომიკურ დარტყმას გულისხმობს.
კერძოდ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთისგან ბუნებრივ რესურსებს შეიძენენ, როგორებიცაა გაზი, ნავთობი, ურანი თუ სხვა. ამ ზომას შტატები იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვლადიმერ პუტინის მიყვანა ვერ მოხერხდა. გასულ კვირას კიევში ვიზიტით მყოფი სენატორებისთვის კი ნათელია,რომ ჯერჯერობით ეს ვერც ხერხდება.
„ძალიან ცოტა მიზეზი არსებობს იმისა, რომ 41 რესპუბლიკელი და 41 დემოკრატი ერთ კანონპროექტში მოახვედრო, დღეს ასე აღარ ხდება. უკრაინის საკითხი კი ამას ახერხებს. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარით, არსებობს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ,რადგან ამერიკა ხედავს არა მხოლოდ იმ შეურაცხყოფას პრეზიდენტი პუტინის მხრიდან, რამეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესსაც. პუტინი განაგრძობს სვლას თუ მას უკრაინაში არ შევაჩერებთ. შემდეგ კი მოგვიწევს ჯარების იმ ტერიტორიებზე შეყვანა, რომელზეც ჩვენი შეთანხმებები გვავალდებულებს”, – თვლის ამერიკელი სენატორი, რიჩარდ ბლუმენთალი.
„ვფიქრობ, სენატს ყელში ამოუვიდა პუტინი. ამერიკელი ხალხი ხედავს პუტინში შეურაცხადს.მეორე მხრივ, ხედავენ, რომ უკრაინა ცდილობს. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს სხვაობა ძალიან მკაფიო გახადა. ასე რომ, სენატი და წარმომადგენელთა პალატა მომდევნო 2 კვირაში წინ წაწევს სასანქციო კანონპროექტს, რომელიც გამანადგურებელია. იდეა იმის თაობაზე, თითქოს არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ დასრულდება ეს ომი – უდიდესი შეცდომაა – ჩინეთი მიიღებს ამას სისუსტედ,შემდეგ მოდის ტაივანი, ირანი, რომელიც უფრო პროვოკაციული გახდება. ამ ომის სწორი გზით დასრულება მსოფლიოს უფრო უსაფრთხო ადგილად გახდის. თუ ამ ომს ისე დავასრულებთ, როგორც ავღანეთში, მსოფლიოს პირდაპირ ცეცხლში ჩავაგდებთ”, – ამბობს კანონპროექტის ავტორი, სენატორი ლინსი გრემი.
ამ საკითხზე ამერიკელმა კანონმდებლებმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთანაც ისაუბრეს.მათ შორის ევროკავშირის მე-18 სასანქციო პაკეტზე რუსეთის წინააღმდეგ.
ევროპასთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა კარგად ესმის ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ცეცხლის შესაწყვეტად ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დაჟინებით მოითხოვს. ამაში მას მხარს თურქი კოლეგაც უჭერს.
გუშინ სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიატორი ქვეყნის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ასეთ შესაძლებლობას სიამოვნებით მიიღებდა.
„ჩემი უდიდესი სურვილია ერთად შევკრიბო ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბულში ან ანკარაში, მათთან ერთად კი დონალდ ტრამპიც. თურქეთში გამართული შეხვედრა საკვანძო მნიშვნელობის იყო, მითუმეტეს, რომ მხარეები ათასობით პატიმრის გაცვლაზე შეთანხმდნენ.ბოლო ინციდენტის შემდეგ შეხვედრა რომ მაინც შედგა, დიდი მიღწევაა”, – აღნიშნავს თურქეთის პრეზიდენტი.
„საუბარი მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან, მან მკითხა,თუ რას ვფიქრობ 4 ლიდერის შეხვედრაზე,გულისხმობდა თავის თავს, აშშ-ის პრეზიდენტს, პუტინსა და მე. მე მას ვუთხარი, რომ ლიდერების სამიტს მხარს ვუჭერ,რადგან მრჩება შთაბეჭდილება,რომ ცეცხლი არ შეწყდება ასეთი შეხვედრის გარეშე. რუსები ამბობენ,რომ მზად არიან 2-3- დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, რათა ბრძოლის ველზე ცხედრები მოაგროვონ. ვფიქრობ იდიოტები არიან, რადგან ცეცხლის შეწყვეტის მთელი არსი იმაშია,რომ ადამიანების სიკვდილი ავირიდოთ.ასე რომ ხედავთ მათ მიდგომას, მოკლე პაუზა ომში მათთვისვე. შესაბამისად მე მართლაც მსურს ამერიკელი პარტნიორებისგან ძლიერი ნაბიჯები, სანქციების პაკეტი და რუსეთზე ზეწოლა.სხვაგვარად ისინი უბრალოდ არ გაიგებენ”, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
თუ რუსეთზე ახალი ამერიკული სანქციები მართლაც ამოქმედდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შტატებმა კრემლს ყველაზე მნიშვნელოვან წერტილში დაარტყა, რადგან ომის დაფინანსებას რუსეთის ფედერაცია სწორედ ენერგეტიკული რესურსების ექსპორტით ახერხებს. სავაჭრო ომებმა კი აჩვენა, რომ 500%-იან ამერიკული ტარიფების არიდებას ქვეყნები ყველა ძალით შეეცდებიან.